Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელი ქურთების ერთმა ჯგუფმა ერაყელი ქურთების მოსალოდნელ მიგრაციაზე დაიწყო ლაპარაკი


ერაყის ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა თბილისელი ქურთების ერთმა ჯგუფმა ერაყელი ქურთების მოსალოდნელ მიგრაციაზე დაიწყო ლაპარაკი. ქურთი ლტოლვილების ნაკადი ერაყიდან ხელისუფლებას ახალ პრობლემებს შეუქმნიდა,

მოსახლეობას შეაშინებდა, საქართველოში მცხოვრები ქურთების ზოგიერთ ლიდერს კი პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე გამოიყვანდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს თავად "ქართველ ქურთებს" შორის. მე ვესაუბრე საქართველოს იეზიდთა კონგრესის ხელმძღვანელს აგით მირზოევს, რომელიც საქართველოში ერაყელი ქურთების მიგრაციას არარეალურად მიიჩნევს.

საქართველოს იეზიდთა კონგრესი ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აგით მირზოევი დარწმუნებულია, რომ ერაყელი ქურთების მიგრაციაზე საუბარი დესტაბილიზაციის მცდელობა უფროა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში. აგით მირზოევის თქმით:

[აგით მირზოევის ხმა] "არსებობს გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოში, იმავე ქურთულ სათვისტომოში, რომლებიც ცდილობენ ამაზე გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას... დასაწყისში მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ იქნება ნაკადი... ახლა არა..."

ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს სჯერა, რომ საქართველოს ქურთ მოქალაქეებს გარკვეული კონტაქტები აქვთ თანამემამულეებთან, რომლებიც ერაყში ცხოვრობენ და მათი მოსალოდნელი მიგრაციის თემა სწორედ ერაყიდან წამოიჭრა. აგით მირზოევი ამ მოსაზრებასაც უარყოფს და განმარტავს:

[აგით მირზოევის ხმა] "საქართველოში თურქულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ იეზიდები... ისინი, ძირითადად, მაინც ცხოვრობენ ერაყში... მაგრამ, როგორც ასეთი, კავშირი ერაყთან არ არის, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოგვეცა მხოლოდ საშუალება - მცირე ჯგუფები იყვნენ ჩასული მათთან, ჩვენი სასულიერო პირები ჩავიდნენ, ინდივიდუალური ინიციატივით...ერაყის საზღვრიდან არ შემოდიოდნენ, თურქეთიდან ან სირიიდან არის საშუალება, რომ შევიდნენ, პარტიზანების საშუალებით შედიოდნენ. ერაყის ხელისუფლებას თუ დავუკვირდებით, აბსოლუტურად ყველაფრის დაკეტვას ცდილობდნენ."

აგით მირზოევი აღიარებს, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ეთნიკური ქურთები, განსხვავებული სარწმუნოების მიუხედავად, არა რელიგიური, არამედ ეროვნული ნიშნით ერთიანდებიან. აგითი იმასაც ამბობს, რომ ერაყში ქურთების უფლებები სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროსაც კი არ ილახებოდა ისე, როგორც თურქეთში. ამიტომ, თუ მიგრაციაზეა ლაპარაკი, უფრო ბუნერივი იქნებოდა სწორედ თურქეთზე გაგვეკეთებინა აქცენტი, მით უმეტეს, რომ საქართველოში მცხოვრები ქურთების უმრავლესობა თავის დროზე სწორედ თურქეთიდან შემოვიდა ჩვენში

[აგით მირზოევის ხმა]: "რეალურად, იმ იეზიდების ნაწილი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს გადმოსახლდა საქართველოში, არიან უფრო მეტად თურქეთის ტერიტორიიდან წამოსულები... საქართველომ ქურთების თავისუფლება, ბოლო ათი წელია, რაც აღიარა. იმხანად ერთი რეჟიმიდან გადმოსვლა მეორე რეჟიმში უაზრობა იყო."

საქართველოში "რეჟიმი" დაეცა, მაგრამ რამდენადაა დაცული დღეს ქურთი მოსახლეობის უფლებები? აგით მირზოევი ამ თემაზე ჯერ არ საუბრობს. იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს ასახელებს - მოსახლეობის აღწერას.

[აგით მირზოევის ხმა]: "ბოლო მონაცემების მაჩვენებლებით, დაახლოებით 40 000 ქურთია...ახლა ველოდებით ბოლო მონაცემებს. მე, პირადად, შემიძლია განვაცხადო, რომ ნაკლებად მჯერა ამ ციფრების... ჩვენ ვამყარებთ კონტაქტს ოჯახებთან. უამრავი ოჯახია, რომელშიც არც ერთი არ შესულა იმ მისიიდან, რომელსაც ეკუთვნოდა აღწერის ჩატარება. აქედან გამომდინარე, არ იქნება ზუსტი მონაცემები და, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება სტრატეგიულად გამოიყენებს ამ მონაცემებს არჩევნებში."

იეზიდთა კონგრესის მესვეური აგით მირზოევი არ მალავს, რომ მათ ორგანიზაციას დახმარებას (მათ შორის, ფინანსურ დახმარებასაც) უწევს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები". აგითი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ქურთული სათვისტომოს ისტორიაში, როცა პოლიტიკური პარტია რეალურად ზრუნავს ქართველი ქურთების უფლებების დაცვაზე. აგით მირზოევის თქმით:


[აგით მირზოევის ხმა] "რეალურად ჩვენს სათვისტომოს მიაჩნია ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ჯგუფს აერთიანებს, - ეს არის კონგრესი... არის საერთო საკითხები, რომელიც მხოლოდ ერთობლივი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს...ამ არჩევნებში ჩვენ ვიმუშავებთ "ახლებთან".. იქნება, რა თქმა უნდა, ჯგუფები, რომლებიც ითანამშრომლებენ სხვა პარტიებთან, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც ყოველ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მოსახლეობისთვის არაფერი მოაქვს."

იეზიდთა კონგრესი დღეს არ საუბრობს სათვისტომოს, ერის სახელით. აგით მირზოევი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას კონკრეტულ ადამიანებთან აქვს კონტაქტი და კონკრეტული ადამიანების სახელით მოქმედებს. ხოლო ის, ვინც ქურთების მოსალოდნელ მიგრაციაზე ლაპარაკობს, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს საქართველოშიც შეილახოს ქურთული მოსახლეობის უფლებები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG