Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარისხიანი განათლება - მიზანი, რომელიც კომუნიზმის არ იყოს, სულ ჰორიზონტზეა


გასული კვირის ბოლოს პრაღაში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ განათლების რეფორმებისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეები შეეცადნენ დაედგინათ რა არის ხარისხიანი განათლება და როგორ შეიძლება მისი მიღწევა.

ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა შეთანხმდნენ ზოგიერთ პრინციპზე, რომელთა დაცვა აუცილებელია განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. ყოველკვირეულ გადაცემაში "ახალი ევროპა" ნინო გელაშვილი თავის სტუმართან ერთად სწორედ ხარისხიანი განათლების პრობლემაზე და საქართველოს განათლების რეფორმის ზოგიერთ ასპექტზე ისაუბრებს.

დღეს საქართველოში ყველა მშობელს აწუხებს ის, თუ როგორ მისცეს შვილს ხარისხიანი განათლება. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მომავალზე ზრუნვა განათლებაზე ზრუნვაა, მხოლოდ ეგ არის, რომ ხარისხიანი განათლების მიცემა საქართველოს განათლების სისტემას დღეს არ შეუძლია - იქნება ეს სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი. კერძო სექტორში გაჩნდა აგრეთვე რამდენიმე ობიექტი, რომელიც თავს დებს ევროპული, თუ ამერიკული სტანდარტის განათლების მიცემაზე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, თუმცა, ზოგად სურათს ესეც ნაკლებად ცვლის თუნდაც ასეთი სასწავლებლების მისაწვდომობის და მათი საერთო კონტექსტიდან ამოვარდნის პრობლემების გამოც.

ევროპის განვითარებული ქვეყნები ცდილობენ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ, რჩევა მოგვცენ, მაგრამ არც ეს არის იოლი, როცა საქმე განათლების სისტემას ეხება.

11-12 აპრილს პრაღაში ევროსაბჭოს ეგიდით განათლების რეფორმათა მესამე ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანსაც, ევროპის განათლების მინისტრთა მესამე კონფერენციისთვის რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენდა. ფორუმის ძირითადი თემა განათლების ხარისხი იყო. ამ ღონისძიებაზე ჩვენს ქვეყანას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძე წარმოადგენდა. ჩვენი საუბრის დასაწყისში მან ფორუმზე ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ ესქპერტთა მაღალი დონე აღნიშნა. ბუნებრივია, ჩემი პირველი შეკითხვა ფორუმის მთავარ საკითხს შეეხებოდა - რას ნიშნავს განათლების ხარისხი და როგორ უნდა მივაღწიოთ მას?

[გორგილაძის ხმა]
"ეს არის ძალიან სერიოზული დილემა იმიტომ, რომ პრაქტიკულად მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ მიდის საგანმანათლებლო რეფორმების გზით, ანუ ეს არის მუდმივი დახვეწის უწყვეტი პროცესი. არავის არ ეგნოს, რომ მხოლოდ საქართველოში მიდის ეს რეფორმა. ის არასდროს არ დამთავრდება. შეიძლება ერთი პროექტი დამთავრდეს და რაღაცა დონეს მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის მუდმივი დახვეწის პროცესი და ამას ადასტურებს ის, რომ დღეს მსოფლიოში და ევროპაში არ არის ქვეყანა, რომელიც არ ახორციელებდეს რეფორმებს და ამ ფორუმსაც სწორედ საგანმანათლებლო რეფორმების ფორუმი ერქვა, - ეს ერთი. მეორე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ პრინციპში უნივერსალური დეფინიცია, უნივერსალური განმარტება განათლების ხარისხისა არ არსებობს, თუმცა, არსებობს ის ელემენტები, რომლისაგანაც ის შედგება. ეს ელემენტებია: რამდენად ითვალისწინებს განათლების სისტემა არამარტო ცოდნის მიცემას, არამედ იმ ძირითად ფასეულობებზე დაყრდნობას, რომელიც ამ ქვეყანას და საერთოდ უნივერსალურად ადამიანს ახასიათებს და ასევე აძლევს თუ არა განათლება საშუალებას ადამიანს მიიღოს უნარჩვევები, ის უნარჩვევები, რომლებიც ამ კონკრეტული ცოდნისათვის, ზოგადად ცოდნისათვის არის აუცილებელი. ეს არის: კრიტიკული აზროვნების უნარჩვევა, პრობლემის გადაწყვეტის უნარჩვევა და ა.შ. ... არსის გაგების უნარჩვევა, რაც ძალიან სერიოზული უნარჩვევაა, მე თუ მკითხავთ, რადგან ადამიანებს კომუნიკაციაში ძალიან უშლით ხელს კომუნიკაციის უნარჩვევის არ ქონა".

ბოლო დროს საქართველოში დიდი დებატები მიმდინარეობს განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის საკითხზე და ის განიხილება, როგორც განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი გამოსავალი. პრაღის ფორუმმა დაადასტურა, რომ დეცენტრალიზაცია, ან ცენტრალიზაცია არა მიზანი, არამედ მხოლოდ საშუალებაა განათლების ხარისხის მისაღწევად და თითოეული ქვეყანა მას საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. ამის თაობაზე ფორუმის ბულგარელმა მონაწილემ თავის დასავლელ კოლეგებს ისიც კი უთხრა: ჩვენ ახლა იქით მივდივართ, საიდანაც თქვენ მოდიხართო. რუსუდან გორგილაძე აღნიშნავს, რომ სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესში აუცილებელია პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, სხვა მხრივ დეცენტრალიზაცია განათლების ხარისხს ვერ წაადგება:

[გორგილაძის ხმა]
"არ არის აუცილებელი ქვეყანა იყოს დეცენტრალიზებული და მას ჰქონდეს მაღალი ხარისხი განათლებისა, ან პირიქით - იყოს ცენტრალიზებული და ქონდეს დაბალი ხარისხი განათლებისა. ანუ ყველა ქვეყანა ცდილობს თვითონ მოირგოს, თავის ტრადიციებზე და თავის მომავლის ხედვაზე დაყრდნობით, ავტონომიის ის ფორმა, რომელიც განათლების მაღალ ხარისხს მიაღწევინებს მას. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დამამშვიდებელი და სასიამოვნო ის იყო, რომ პრინციპში ჩვენ სწორი ნაბიჯებით მივდივართ, როგორც კიდევ ერთხელ გაირკვა ამ დებატების დროს, სწორი მიმართულებით მივდივართ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი, ჯერ ერთი ჩვენთვის განათლების მაღალი ხარისხი უზრუნველვყოთ და შევქმნათ სისტემა... ძალიან დიდი დებატები გაიმართა იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რა ახასიათებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ დელეგირება ჩვენი ძალისა, ხელისუფლებისა მოვახდინოთ სკოლაზე - სკოლა არის მთავარი ელემენტი განვითარებისა - და როგორ უნდა უზრუნველვყოთ ამასობაში ის პასუხისმგებლობის მექანიზმები, რომელიც სკოლას ექნება ამ ძალიან მაღალი ავტონომიური ხარისხის დროს".

ეს რაც შეეხებოდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს. რას გულისხმობს რეალურად განათლების მაღალი დასავლური სტანდარტი, როგორ შეიძლება მასთან მიახლოება. ჩემი მოსაუბრე ამბობს:

[გორგილაძის ხმა]
"პირველ რიგში ეს არის ახალი კურიკულუმის შექმნა, ახალი სასწავლო გეგმების შექმნა, რომლებიც იქნება თანამედროვე, რომლებიც არაფერს არ დააკლებს ჩვენს განათლებულობის დონეს, მაგრამ იქნება ათვისებადი ბავშვების მიერ. მეორე ეს ის არის, რომ ჩვენ შარშან უკვე ჩავატარეთ ცენტრალიზებული საერთო სახელმწიფო გამოცდები მეცხრე კლასში და ახლა ვემზადებით გამოსაშვები გამოცდებისათვის და წელს ისევ ჩატარდება და მუდმივად დაინერგება ეს - ე.ი. საერთო ეროვნული განათლების სისტემის შეფასების მექანიზმი შეიქმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის უზრუნველყოფისათვის. ევროპის განვითარებული ქვეყნები 20-30 წლის წინ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საერთო ეროვნული შეფასების სისტემას თუ არ შექმნიან, ისინი ხარისხისაკენ ვერ ივლიან, ამას გარდა ჩვენ მოვახდინეთ ის, რომ სკოლების გრანტების სისტემა შეიქმნა შარშან, როდესაც 210-მა სკოლამ საქართველოში თვითონ დაწერა საგრანტო წინადადება, მათ წინასწარ ჩაუტარდათ ტრენინგი. მიიღო გრანტი 1000 დოლარის ოდენობით. რაც მთავარია, გაჩნდა ნდობის ფაქტორი, იმის გარდა, რომ ახალი უნარჩვევა შეიძინა სკოლამ, რომ წეროს სგრანტო წინადადება და მოიზიდოს გარედან სახსრები, ამას გარდა ის ნდობა გაჩნდა, რომ შეიძლება შენ თვითონ შენი სკოლისათვის შენ თვითონ აარჩიო თემა და ამას არავინ არ მოგახვევს საით გინდა განვითარდეს შენი სკოლა".

მთავარი, რასაც გვკარნახობს დასავლეთის გამოცდილება და რასაც ეფუძნება განათლების რეფორმა არის ის, რომ განათლების სისტემაში ცენტრალური უნდა იყოს მოსწავლე, სტუდენტი.

[გორგილაძის ხმა]
"თუ ადრე ვექტორი მიმართული იყო მასწავლებლისკენ და კლასის ცენტრი იყო მასწავლებელი, ახლა ცენტრი ხდება მოსწავლე, ანუ იმის მაგივრად, რომ მასწავლებელი როგორც მენტორი იდგეს და რაღაცას უყვებოდეს ბავშვებს და ბავშვები ამა პასიურად იხსომებდნენ სახლში კითხულობდნენ, ან არ კითხულობდნენ და მერე, ვთქვათ, დავალება უნდა ჩააბარონ უკან, ამის მაგივრად ცოდნის შეძენის პროცესი, ცოდნის მიღების პროცესი ხდება ინტერაქტიური და ჩვენ გვყავს უკვე მთელი კოჰორტა მასწავლებლებისა, რომლებიც გაიწვრთნენ ამ ახალი მიდგომებით და ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ამ ფორუმზე, ახალი მიდგომებით შეიარაღებული, ახალი ინსტრუმენტებით, როდესაც ბავშვი კამათის დროს იღებს ამ ცოდნას, თვითონ მონაწილეობს ამ ცოდნაში და ეს სახალისოც არის, საინტერესოც არის, თვითონ პიროვნების ფორმირებისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა + სხვათაშორის ძალიან საინტერესოა, რომ ამ ფორუმის დროს ვფიქრობდი იმას, რომ კლასში როგორც არის დალაგებული ავეჯი უკვე თავისთავად უშლია ხელს ამ ინტერაქტიურ რამეს. რატომ? - კომუნიკაცია სრულიად შეუძლებელია დაამყარო ადამიანთან, რომელიც შენთან ზურგით ზის. ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საკლასო ოთახი როგორც მისი დიზაინის თვალსაზრისით, ასევე შინაარსის თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მიმზიდველი ჩემთვის პირადად და მე ახლა რომ ვსწავლობდე სკოლაში, ასეთ კლასში მომინდებოდა სწავლა"

ხარისხიანი განათლების პრობლემა ძველიც არის და ახალიც. არ არსებობს განათლების ხარისხის არც ზუსტი განსზაღვრება და შესაბამისად არც მისი მიღების მზა რეცეპტი. თუმცა, სრულიად ნათელია, რომ მაღალი ხარისხის განათლება არის გამოსავალი ბევრი პრობლემიდან, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG