Accessibility links

logo-print

ომი ერაყში დასასრულს უახლოვდება


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ჩრდილოეთ ერაყში, სადამ ჰუსეინის მომხრეთა უკანასკნელი ბასტიონი, ქალაქი თიქრითი დაეცა, ამერიკის სარდლობამ განაცხადა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება.

ამასობაში, აშშ-ის ინიციატივით სამხრეთი ერაყის ქალაქ ნასირიაში სამშაბათს ერაყის ასამდე პოლიტიკური ლიდერი შეიკრიბა ფორუმზე, რომლის მონაწილეებმა ერაყის სამომავლო მოწყობის საკითხები განიხილეს.

ფორუმის დაწყებამდე ნასირიის ცენტრში, შიიტი სასულიერო პირების ინიციატივით, ათეულათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მიტინგზე, რომლის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ ვაშინგტონის თაოსნობით მოწყობილი ფორუმის გამო. "ძირს ამერიკა! ძირს სადამი!" - გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები და მოითხოვდნენ, რომ ქვეყნის ახალ ადმინისტრაციაში სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი შიიტები - ერაყის ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფი, რომელიც იძულებული იყო, სუნიტი მაჰმადიანების ბატონობას შერიგებოდა მას შემდეგ, რაც 1932 წელს ერაყმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

დემონსტრანტებმა მოითხოვეს ასევე, რომ სამხრეთ ერაყში მცხოვრები შიიტების წმიდა ქალაქების, ანუ ათაბათის რელიგიურმა ლიდერებმა გადამწყვეტი როლი შეასრულონ ქვეყნის სამომავლო მოწყობის საქმეში.

ნასირიაში დანიშნულ შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა ერაყელი შიიტების ლტოლვილმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ - თეირანში დაფუძნებულმა ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესმა საბჭომ, რითაც პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ როგორც განცხადებაში აღნიშნული, ნასირიის შეხვედრაზე უნდა მოხდეს უცხოელების მიერ თავსმოხვეული ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რაც "კოლონიზაციის ეპოქის" დაბრუნების ტოლფასი იქნება.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ სურს ერაყში დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები მოეწყობა და ახალი, დემოკრატიული რეჟიმი დამყარდება. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვიეტნამის ომის ვეტერანს, 65 წლის გადამდგარ გენერალს, ჯეი გარნერს დაავალა გარდამავალ პერიოდში ერაყის სამოქალაქო მმართველობა.

გარნერი სამშაბათს ჩავიდა ქუვეითიდან ნასირიაში ოპოზიციის შეხვედრაზე დასასწრებად, რომელსაც პრეზიდენტ ბუშის საგანგებო წარგზავნილი ზალმაი ხალილზადე თავმჯდომარეობდა. შეხვედრაში ანტიერაყული კოალიციის წევრი ქვეყნების: ბრიტანეთის, ავსტრალიისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ორშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა თქვა, რომ ნასირიის შეხვედრამ დასაბამი უნდა მისცეს რეგიონული ფორუმების მოწყობას, რომლებმაც უნდა გამოავლინოს, ვის შეუძლია არსებითი წვლილის შეტანა ერაყის სახელმწიფო სტრუქტურების აღიგენის საქმეში.

[ფილიპ რიკერის ხმა]: "ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს შეხვედრა ფართო წარმომადგენლობითი იქნება, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, მთავარი, რაც ჩვენ ერაყის მომავალში გვესახება, ესაა წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელშიც ყველა ეთნიკური, რელიგიური, ტომური ჯგუფი შევა. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა. ამგვარ საძირკველზე უნდა აშენდეს ერაყი, როგორც სხვა ქვეყნებმა შესძლეს თავიანთი მრავალფეროვნების შერწყმა, ვიმედოვნებთ, ჩვენც შევძლებთ ამას. ამდენად, ნუ მივიჩნევთ ამ შეხვედრას ერთ სიმბოლოდ. ესაა პირველი შეხვედრა. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ესაა შესაძლებლობა აწ უკვე გათავისუფლებული ერაყელებისთვის - ამოიღონ ხმა, გამოთქვან აზრი თავიანთი მომავალის შესახებ და როგორ აპირებენ წინსვლას."

მიუხედავად იმისა, რომ ნასირიაში აქვს შტაბ-ბინა, ერაყის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დამაარსებელი აჰმად ჩალაბი ზემოხსენებულ შეხვედრას არ დასწრებია. იგი ფორუმზე თავისი წარმომადგენლის გაგზავნით დაკმაყოფილდა.
XS
SM
MD
LG