Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია წყლის ექსპორტი საქართველოდან ერაყში


ომმა ერაყში სასმელი წყლის უკმარისობის საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა, ექსპორტიორებს კი, ამ მხრივ, ახალი სამოქმედო ასპარეზი დაანახვა. სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,

ხსენებულ ასპარეზზე გამოსვლას, თითქოს, ოფიციალურად საქართველოც აპირებს, ხოლო ამ პროცესის ორგანიზებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო უდგას სათავეში. საგულისხმოა, რომ, დიდი სურვილის მიუხედავად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

ეკონომიკურად დანგრეული ქვეყნის (ანუ ჩვენი ქვეყნის) ხელისუფლების სურვილს - ერაყის აღმშენებლობის გზაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, ანეგდოტის რანგში განიხილავს. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში მუდმივად ვრცელდებოდა და კვლავ ვრცელდება ათასგვარი ხმა საომარ თუ ომის შემდგომ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის რეალურ ჩაბმასთან დაკავშირებით. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ხმათა უმრავლესობა ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა.

ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ ინფორმაციათა ჩამოთვლას აღარ მოვყვებით და, უბრალოდ, მოგახსენებთ, რომ ამ ნუსხაში ორიოდე დღის წინათ სასმელი წყლის ექსპორტის თემაც შევიდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიგა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მისი უწყება ერაყში წყლის ექსპორტირების კონკრეტულ პროექტზე არ მუშაობს და, მეტიც, ამგვარი პროექტის შესახებ სამინისტროს აბსოლუტურად არაფერი სმენია:

(გიგა ქურდოვანიძის ხმა) "კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ერაყში წყლის ექსპორტს, ასეთი რამ სამინისტროში არ მუშავდება და ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა, თუკი იქნება მოთხოვნა და კონკრეტული წინადადებები წყლის ექსპორტთან დაკავშირებით, მისასალმებელი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ამ შემთხვევაში სამინისტრო შეეცდება ხელი შეუწყოს ყველა იმ პიროვნებასა თუ კომპანიას, რომლებიც ამ საქმით იქნებიან დაკავებულნი, რათა მოხდეს შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი არა მხოლოდ ერაყში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში".

ქურდოვანიძის თქმით, სამინისტრო კარგა ხანია აქტიურ მონაწილეობას იღებს ექსპორტის განხორციელებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის დამუშავებაში, თუმცა ის გადახედვასა და დახვეწას კვლავაც საჭიროებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასმელი წყლის მასშტაბური ექსპორტი, მართლაც, სარფიანი საქმე იქნება როგორც საქართველოში დასაქმებული კერძო კომპანიებისთვის, ასევე საქართველოს ბიუჯეტისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ცალკეული კომპანიები ამ ტიპის ექსპორტს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებენ.

ერაყის პარალელურად, სასმელი წყლის საკითხი ერთგვარად თბილისშიც გამწვავდა. დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და შველას ითხოვს. "თბილწყალკანალის" საინფორმაციო ცენტრის უფროსის გოჩა ჯელიას მძიმე პროგნოზის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესის გარეშე, თბილისი რამდენიმე წელიწადში შეიძლება წყლის გარეშე დარჩეს. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 25 მილიონი დოლარი თბილისის წყალმეურნეობას დაღუპვისგან იხსნიდა. შეგახსენებთ, რომ "თბილწყალკანალის" 10-წლიანი მართვა და ხსენებული თანხის განკარგვა, ალბათ, ტენდერის ერთადერთ მონაწილეს, ფრანგულ კერძო კომპანია - "ჯენერალ დეზოს", დაევალება. ყოველივე ამას, ეროვნული მოსაზრებების მოშველიებით, სასტიკად ეწინააღმდეგებიან საქართველოს საპატრიარქო, ლეიბორისტები და ნაციონალები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG