Accessibility links

logo-print

ფრანგული ფილმების რეტროსპექტივა თბილისის კინოს სახლში


17 აპრილს თბილისის კინოს სახლში გაიხსნება ფრანგული ფილმების დიდი რეტროსპექტივა სახელწოდებით "ქალების შესახებ".

კინოკვირეულის ორგანიზატორია საფრანგეთის საელჩო და ფრანგული კულტურის ცენტრი. ეს არის, ფაქტობრივად, პირველი თემატური რეტროსპექტივა, რომელსაც უცხოეთის საელჩო თბილისში აწყობს.

აქამდე ევროპის ქვეყნების საელჩოები თბილისში, როგორც წესი, პერსონალურ რეტროსპექტივებს, ან ეგრეთ წოდებულ "კინოპანორამას" აწყობდნენ ხოლმე. კინოკვირეულებს უფრო მეტად საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა - ქართველი კინოს მოყვარულები მსოფლიო კინოს ტენდენციებს ეცნობოდნენ. მაგრამ ასეთ რეტროსპექტივებს დღეს მხოლოდ იმ ქვეყნებში აწყობენ, სადაც საინფორმაციო ვაკუუმია და სადაც მაყურებელს საერთოდ არა აქვს საშუალება, იხილოს მსოფლიო კინოხელოვნების უახლესი ნიმუშები.

საქართველოში ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ საფრანგეთის საელჩოს მესვეურები, რომლებიც დღეიდან ქართველ მაყურებელს უაღრესად საინტერესო კინოკვირეულს სთავაზობენ: რეჟისორ პასკალ ტომასის ფილმით "დილეტანტი ქალი" კინოს სახლში იხსნება რეტროსპექტივა "ქალების შესახებ". შვიდივე ფილმი გვიამბობს ქალის როლზე თანამედროვე ფრანგულ საზოგადოებაში, შვიდივე ფილმის ავტორების პოზიცია დაახლოებით ერთნაირია - თანამედროვე სამყაროში, ჩვენებურად რომ ვთქვათ, "დედამიწაზე", პროგრესს სწორედ "სუსტი სქესი" ქმნის, თუმცა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ქალებს ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

საინტერესოა, რომ რეტროსპექტივაში ჩართული ფილმების ავტორები ქალებიც არიან (საფრანგეთი დღეს ამაყობს, რომ კინორეჟისორი ქალბატონების მთელი არმია ჰყავს), რაც იმას ნიშნავს, რომ უახლეს ფრანგულ ფილმებში ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, "შიგნიდანაა" გააზრებული - "მამაკაცური შოვინიზმი", რომლისგანაც კინოხელოვნება წლების განმავლობაში ვერ თავისუფლდებოდა, აქ დიდი ხანია დაძლეულია.

ახლა უკვე წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგული ფილმების რეტროსპექტივას მაყურებელი არ მოაკლდება... და არა მარტო იმიტომ, რომ, თბილისის კინოთეატრებისგან განსხვავებით, სადაც ფილმებს რუსულ ენაზე უჩვენებენ, საფრანგეთის საელჩო მაყურებელს ქართულ ენაზე დუბლირებულ ფილმებს შესთავაზებს... რეტროსპექტივის წარმატებას, პირველ რიგში, კინოკვირეულის თემატიკა განსაზღვრავს. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ დასავლეთის ქვეყნებში გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როცა შეიტყობდნენ ხოლმე, თუ რამდენი ქალბატონი იღებს საქართველოში კინოს. დღეს ჩვენში კინოს ვერც მამაკაცები და ვერც ქალბატონები ვეღარ იღებენ, მაგრამ მაყურებელი ჯერ კიდევ ამაყობს ქართული კინოს ტრადიციებით და ძალიან კარგად ესმის, რომ "ქალი გადასაღებ მოედანზე" იგივე არ არის, რაც "დილეტანტი გადასაღებ მოედანზე". ქართველები იშვიათად გამოხატავენ პროტესტს, როცა მათ ეუბნებიან, რომ თანამედროვე სამყაროში "პროგრესს" ქალები ქმნიან.
XS
SM
MD
LG