Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის ამომრჩეველი პოლიტიკოსებისგან?


საქართველოში თითოეული პარტიის მთავარი სიმდიდრე მისი ლიდერია. სწორედ ლიდერების რეიტინგი განსაზღვავს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში.

ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი შეკითხვაზე: რას მოელის ამომრჩეველი პოლიტიკური ლიდერებისგან? შემოგთავაზებთ ერთ დაკვირვებას, რომელიც სოცილოგიური კვლევის შედეგებს ეყრდნობა.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ახლახანს გამოაქვეყნა 2002 წლის ოქტომბერში ჩატარებული პანელური გამოკითხვის ანგარიში, მომზადებული ნანა სუმბაძისა და გიორგი თანრხან-მოურავის მიერ. გამოკითხვა, რომელშიც 1100 პიროვნება მონაწილეობდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით. კვლევის ზოგიერთ შედეგზე მომავალში ვისაუბრებთ, დღეს კი შემოგთავაზებთ გამოკითხულთა დამოკიდებულებას პოლიტიკური ლიდერების მიმართ და, შესაბამისად, ერთ მოსაზრებასაც გაგიზიარებთ.

აღმოჩნდა, რომ თექვსმეტ ქართველი პოლიტიკოსს შორის გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს მოსწონს გოგი თოფაძე, შემდეგ კი ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი. ჯუმბერ პატიაშვილს მეოთხე რეიტინგი აქვს; მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: მეხუთე - ლევან გაჩეჩილაძე, მეექვსე - მიხელ სააკაშვილი, მეშვიდე - ასლან აბაშიძე, მერვე - ვახტანგ რჩეულიშვილი, მეცხრე - დავით გამყრელიძე და მეათე - ვაჟა ლორთქიფანიძე. ბოლოდან პირველ ადგილზე აღმოჩნდა იგორ გიორგაძე, ბოლოდან მეორე ადგილზე - ავთანდილ ჯორბენაძე, შემდეგ: ზვიად ძიძიგური და ზურაბ ჟვანია. ამჟამინდელი პრეზიდენტის გვარი ნუსხაში არ ყოფილა.

თუ გამოკითულ რესპონდენტებს ქალაქის და სოფლის მოსახლეობად დავყოფთ, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქელებს ყველაზე მეტად მოსწონთ გოგი თოფაძე, შემდეგ ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი; სოფლის მაცხოვრებლებს კი შალვა ნათელაშვილი, გოგი თოფაძე და ჯუმბერ პატიაშვილი.

გამოკითხულებს შესთავაზეს, შეეფასებინათ საკუთარი სოციალური მდგომარობა. აღმოჩნდა, რომ იმ რესპონდენტებს შორის, რომლებსაც საკუთარი თავი ღარიბად მიაჩნიათ, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ თოფაძე, ნათელაშვილი და პატიაშვილი; არაღარიბებს შორის კი თოფაძე, ბურჯანაძე და ნათელაშვილი.

როგორც ვხედავთ, გამოკითხულები ყველაზე ხშირად ოთხი პოლიტიკოსის გვარს ასახელებენ: თოფაძე, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და პატიაშვილი. რას შეიძლება ნიშნავდეს მაინცდამაინც ამ ოთხი პოლიტიკოსის მიმართ გამოხატული მოწონება?

პირველ რიგში ის შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ლიდერები, რომლებიც სხვებზე ხშირად ჩნდებიან გაზეთის ფურცლებზე და სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებში: სააკაშვილი, ჟვანია, გამყრელიძე - მოსახლეობის მოწონებას ნაკლებად იმსახურებენ. მათი პოლიტიკური აქტიურობა ვერ აღწევს ამომრჩევლამდე ან ნაკლებად შეესაბამება რიგითი მოქალაქის გემოვნებას.

სამაგიეროდ, გამოკითხულებმა ნდობა გამოუცხადეს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სხვებზე ნაკლებად გამოირჩევიან წმინდა პოლიტიკური იმიჯით. თოფაძე წარმატებულ ბიზნესს განასახიერებს, ბურჯანაძე მანდილოსანია და ფრაქციებს შორის კოორდინატორის, დამზავებლის მისია აკისრია, პატიაშვილი კი ძველი, სტაბილური ყოფის სიმბოლოა. ერთადერთი "მებრძოლი" და აგრესიული პოლიტიკოსი ამ ოთხეულში შალვა ნათელაშვილია. მეორე მხრივ, ლეიბორისტების ლიდერმა უკვე დაადასტურა, რომ მისი მუქარები მხოლოდ სიტყვიერ ხასიათს ატარებს და არავისთვის საშიში მისი პარტია არ არის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც ნაკლებად უკავშირდება მოსალოდნელი რყევები, გარდაქმნები, არასტაბილურობა; როგორც ჩანს, იმ პოლიტიკოსების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას არსებული სისტემის ნგრევას და პრინციპულ განახლებას ჰპირდებიან, ამავე მოსახლეობის მიერ საშიშ და არასასურველ მოვლენად აღიქმება. ხოლო ნდობას ის პოლიტიკოსები იმსახურებენ, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს ან არ აკეთებენ, ან თითოეული ოჯახისთვის რეალურ საფრთხეს ნაკლებად განასახიერებენ.
XS
SM
MD
LG