Accessibility links

logo-print

მონსერატ კაბალიე 70 წლისაა


რამდენიმე დღის წინ, 12 აპრილს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალს, მონსერატ კაბალიეს. ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" დღეს ამ თარიღს გამოვეხმაურებით.

[მუსიკა: ნაწყვეტი სიმღერიდან "ბარსელონა"]
მონსერატ კაბალიე იმ მცირერიცხოვან საოპერო მომღერლებს მიეკუთვნება, რომლის სახელი კლასიკური მუსიკისადმი სრულიად გულგრილი ადამიანებისათვისაც კარგად არის ცნობილი. ამის მიზეზი ახლახანს მოისმინეთ: სიმღერა "ბარსელონა" 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოსული ალბომიდან, რომელზეც კაბალიე როკ-მუსიკის ვარსკვლავ ფრედი მერკურისთან ერთად მღერის, მსოფლიო ჰიტად იქცა და იმ ადამიანებსაც გააგონა დიდებული სოპრანოს ხმა, ვისაც საოპერო მუსიკა, რბილად რომ ვთქვათ, არ აინტერესებს. სამაგიეროდ ისინი, ვისაც ოპერა ძალიან უყვარს, ცოტა არ იყოს, განაწყენებული დარჩნენ - პოპმუსიკის "დაბლობებზე" დაშვება დაუწუნეს კაბალიეს, რომლისგანაც არა ჰიტების, არამედ სრული საოპერო პარტიების შესრულებას მოელოდნენ.

ასეა თუ ისე, ორივე ბანაკი და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის მოყვარულები, ალბათ, ადვილად შეთანხმდებიან ერთ ზოგად მარტივ შეფასებაზე - მონსერატ კაბალიეს უმშვენიერესი ხმა აქვს.

[მუსიკა: ნაწყვეტი ოპერიდან "ლუჩია დი ლამერმური"]
მონსერატ კაბალიე ბარსელონელია. ის 1933 წლის 12 აპრილს დაიბადა და ბავშვობის წლები უმძიმეს პირობებში გაატარა: ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, 1936-39 წლებში, მისი ოჯახი შიმშილობდა. 12 წლის გოგონა იძულებული იყო, სკოლა მიეტოვებინა და ოჯახის სარჩენად მკერავად ემუშავა. ადვილი არც სასიმღერო კარიერის დასაწყისი გამოდგა: ახალგაზრდა სოპრანოს დებიუტი 1956 წელს ბაზელში, პუჩინის "ბოჰემაში" შედგა, რის შემდეგაც ის ბრემენში მიიწვიეს და წლების მანძილზე მეორეხარისხოვან, ხშირად მისი ხმისთვის შეუფერებელ პარტიებს ასრულებინებდნენ. მაგრამ კაბალიეს მონდომებამ და ნიჭმა კარიერის პირველი, მძიმე ათწლეულიც კი ნაყოფიერ პერიოდად აქცია: მომღერალმა 60-ზე მეტი საოპერო პარტიის, მათ შორის ბაროკოსა და კლასიკური პერიოდის ოსტატების, აგრეთვე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესწავლა მოასწრო.

1965 წელს, როცა მონსერატ კაბალიე პირველად აღმოჩნდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სცენაზე (ის სასწრაფოდ მიიწვიეს შეუძლოდ გამხდარი ამერიკელი მომღელის, მერლინ ჰორნის შესაცვლელად), მისთვის ჯერ კიდევ შედარებით უცნობი იყო რომანტიკული ბელკანტოს სამყარო. მაგრამ ახალგაზრდა სოპრანო საუცხოოდ გაუმკლავდა დონიცეტის "ლუკრეცია ბორჯიას" და, რომ იტყვიან, ფურორი მოახდინა: მომდევნო დღეს გაზეთი "ნიუ იორკ-ტაიმსი" მას ორ უდიდეს სოპრანოს ადარებდა, როცა წერდა "კალასი + ტებალდი =კაბალიე".

მეტროპოლიტენში წარმატებას ურიცხვი საოპერო თეატრის წინადადებები მოჰყვა: კაბალიეს შესრულებული აქვს სოპრანოს პარტიები ბელინისა და დონიცეტის, ვერდისა და პუჩინის, ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან ნაწარმოებში. იმავდროულად მონსერატ კაბალიე ტკბილმა, გამორჩეულად ფონოგენურმა ხმამ, აუდიოჩანაწერების ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მონაწილედ აქცია: 1965-დან 75 წლამდე ის დაახლოებით 25 ოპერის ჩაწერაზე იყო მიწვეული!

თუმცა, სტუდიაში აქტიურობას კიდევ ერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიზუალური მიზეზი განაპირობებდა: კაბალიე, როგორც მსმენელის ნაწილისთვის მაინც უთუოდ ცნობილია, ტანდაბალი, ხორცსავსე ქალია, ასე რომ აღნაგობით დიდად არ ესადაგება წარმოდგენას ტენორის მოხდენილ, პირმშვენიერ სატრფოზე. შესაბამისად, საოპერო დადგმებიდან, სადაც (როგორც ეს, უკვე მრავალი წელია, ევროპის ქვეყნებში ხდება) დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო მუსიკალურ მხარეს, არამედ დრამატულ დამაჯერებლობასაც, რეჟისორის სიტყვასაც, კაბალიესნაირი მომღერლები, გარკვეულწილ გარიყული რჩებიან.

მაგრამ რაც შეეხება სიმღერას - კაბალიესთვის კი, როგორც მომღერლისთვის, მთავარი, რასაკვირველია მაინც ესაა - მას გასული საუკუნის სოპრანოებიდან ბევრი ვერ შეედრება. არათუ აღტაცების მომგვრელი, გასაოცარია კაბალიეს პიანო, რომლის ეფექტის აღსაწერად შემდეგი ეპიზოდი გამოდგება: 1975 წელს საფრანგეთში, ორანჟის ფესტივალზე ესპანელი მომღერალი მთავარ პარტიას ასრულებდა ბელინის "ნორმაში". წარმოდგენას ლეგენდარული მარია კალასიც ესწრებოდა, რომელზეც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია კაბალიეს პიანისსიმოს (გამარტივებულად რომ ვთქვათ, ძალიან ხმადაბლა სიმღერას), რომ მადლობის ნიშნად კაბალიესათვის ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრია: ეს იყო საყურეები, რომელიც კალასს, თავადაც ნორმას საუცხოო შემსრულებელს, ამ როლისთვის დიდმა იტალიელმა რეჟისორმა ლუკინო ვისკონტიმ აჩუქა.

1977 წელს "ღვთაებრივი" კალასის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრედ ბევრმა სწორედ მონსერატ კაბალიე მიიჩნია: ძნელი სათქმელია, რამდენად მართებულად უნდა ჩაითვალოს ეს არჩევანი. აი, ის კი ფაქტია, რომ თვით კაბალიეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია "საოპერო გვირგვინზე". "მე დივა არა ვარო", ჯიუტად იმეორებს კატალანელი მომღერალი, რომლის კიდევ ერთ დამსახურებად დიდებული ტენორის, ხოსე კარერასის აღმოჩენა ითვლება.

[მუსიკა: ნაწყვეტი ოპერიდან "რიგოლეტო"]
ხოსე კარერასი, როგორც ტენორთა სახელგანთქმული სამეულის წევრი, ამ ტრიოს კონცერტების წყალობით, მოგეხსენებათ, ლამის პოპვარსკვლავის პოპულარობას აღწევს. სხვათა შორის, მისი ყველაზე სახელოვანი კოლეგა, ლუჩანო პავაროტი აპირებს 2005 წლამდე, ანუ სანამ 70 წლის გახდება, გამოეთხოვოს საჯაროდ სიმღერას და (როგორც მუსიკალურზე არანაკლებ შთამბეჭდავი კომერციული ნიჭით დაჯილდოვებული პავაროტისაგან, ალბათ მოსალოდნელი იყო) "გამოსათხოვარი კონცერტებით" ემშვიდობება მილიონობით თაყვანისმცემელს.

მონსერატ კაბალიე კი არ აპირებს სცენასთან გამოთხოვებას და ირწმუნება, რომ 80 წლისაც იმღერებს: "არ გაგიკვირდეთ, თუ გაზეთში წაიკითხავთ - კაბალიემ სცენაზე დალია სულიო"... იმედია ასეთ ცნობას კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ წავიკითხავთ.

[მუსიკა: ნაწყვეტი სიმღერიდან "ბარსელონა"]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG