Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერაყში ბრუნდებიან


ანდრო ეული, პრაღა გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყის მრავალ ქალაქში ვითარება კვლავაც არასტაბილურია. და მაინც, ომით გაჩანაგებულ ერაყში სულ უფრო ინტენსიურად ხდება სურსათის,

სასმელი წყლისა და მედიკამენტების მიწოდება. ხუთშაბათს, 17 აპრილს ერაყში გაეროს ექსპერტთა პირველი, 30-კაციანი ჯგუფი ჩავა, რომელიც დაჰუქის, არბილისა და სულეიმანიის პროვინციებს მოინახულებს და საერთო ვითარებას გაეცნობა.


სულ ერაყში, გაეროს 700-დე თანამშრომელი დაბრუნდება. მათი საქმიანობა დაახლოებით ერთი თვის წინ შეწყდა სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ. 70-დე არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია იორდანიაშია ამჟამად. ისინი ერაყში აპირებენ ჩასვლას მას შემდეგ, რაც გაეროსგან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებას, რომ უშიშროების მხრივ, მდგომარეობა ერაყში, ნორმალურია.

ამასობაში, ერაყში ინტენსიურად ხდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. გაეროს ბავშვთა ფონდმა უნისეფმა და მსოფლიო სასურსათო პროგრამამ კერძო საბარგო ავტომანქანები დაიქირავეს ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ქალაქებში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად.

უკვე ათი დღეა, რაც უნისეფს სასმელი წყალი ჩააქვს ქალაქ უმ ყასრში, ხოლო ოთხშაბათს, ირანიდან წამოსულმა ავტოკოლონამ 120 000 ლიტრი სასმელი წყალი ჩაიტანა ერაყის ნახევარკუნძულ ალ-ფაოზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ბაღდადსა და ერაყის სხვა დიდ ქალაქებში, კოალიციის ძალებმა საგანგებო ზომები მიიღეს მძარცველებისაგან საავადმყოფოების დასაცავად. გაეროსა და წითელი ჯვრის ოფიციალური წარმომადგენლები კოალიციის ძალებს აკისრებენ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამერიკის სარდლობამ განაცხადა, რომ აქამდე, ჯარი,
სადამ ჰუსეინის მომხრეთა წინააღმდეგ საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული, ხოლო ახლა წესრიგის აღგენას შეეცდება ერაყში.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა:
[ჯორჯ ბუშის ხმა]: "იწყება რთული სამუშაო, ჩვენ, თავისუფალი და სტაბილური ქვეყნის მშენებლობაში უნდა დავეხმაროთ ერაყელ ხალხს. პირველ რიგში საჭიროა წესრიგის აღდგენა, აგრეთვე სურსათის, წყლისა და მედიკამენტების მიწოდება".

საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მრავალი საავადმყოფო ერაყში, გაძარცვულია, ხოლო სამედიცინო პერსონალი - დაუცველი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ", რომელიც ომის დროს აქტიურად მოღვაწეობდა ერაყში, 9 დღის განმავლობაში შეაჩერა თავისი საქმიანობა მას შემდეგ, რაც მისი ორი თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოგვიანებით, ორივე, უვნებელი ნახეს.

ამ ორგანიზაციის ნიუ-იორკის განყოფილების დირექტორმა ნიკოლას დე ტორენტმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ერაყში დღეს ფაქტობრივად პარალიზებულია. "არაერთი საავადმყოფო გაიძარცვა. სხვებში, პერსონალი, ადმინისტრაციული თუ სამედიცინო, აღარ ცხადდება სამუშაოზე. მწვავე უკმარისობაა მედიკამენტებისა და აუცილებელი აღჭურვილობის მხრივ, განსაკუთრებით ქირურგიული ოპერაციებისთვის; ზოგიერთი საავადმყოფო წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი" - დასძინა ნიკოლას დე ტორენტმა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას განზრახული აქვს აღადგინოს ერაყში ის 44 ათასი პუნქტი, რომლებიდანაც ომამდე გაეროს ჰუმანიტარული პროგრამით: "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ" სურსათის განაწილება ხდებოდა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ომისშემდგომი პერიოდის დასაწყისში ყოველთვიურად 480-ი ათას ტონა სურსათს მიაწვდის ერაყს.
XS
SM
MD
LG