Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ეკონომისტებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ ფედერალური გადასახადის შეკვეცა


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის ეკონომიკა, კეთილდღეობის ეს სიმბოლო მთელს მსოფლიოში, მესამე წელია ეცემა. და პრეზიდენტმა ბუშმა, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით გადაწყვიტა შეამციროს ქვეყანაში ფედერალური გადასახადი.

იმის შესახებ, თუ როგორ შეფასებას აძლევენ ამერიკელი ეკონომისტები ჯორჯ ბუშის ამ ინიციატივას ბიძინა რამიშვილი გაგაცნობთ

ამ წლის დასაწყისში ჯორჯ ბუშმა კონგრესს შესთავაზა გადასახადის შეკვეცა, რაც 726 მილიარდი დოლარით შეამცირებდა ფედერალურ შემოსავალს. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გადასახადის მკვეთრ შეკვეცას არსებითი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ჩავარდნილი ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

როგორც სენატის, აგრეთვე წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთ წევრს, მათ შორის პრეზიდენტის რესპუბლიკური პარტიიდან, გაუმართლებლად მიაჩნია ფედერალური გადასახადის ესოდენ მკვეთრი შეკვეცა. ისინი აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც 2000 წლის მიწურულს ეკონომიკამ დამუხრუჭება დაიწყო, უხვად გადამეტებული ფედერალური ბიუჯეტი ვეებერთელა
დაფიციტმა შეცვალა.

2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ, აგრეთვე ერაყის ომთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კიდევ უფრო დააზარალა ამერიკის ეკონომიკა. კონგრესის საბიუჯეტო უწყება აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გადასახადის მკვეთრი შემცირების თაობაზე მომავალი ათი წლის განმავლობაში 1,82 ტრილიონი დოლარის დეფიციტს გამოიწვევს ფედერალურ ბიუჯეტში.

სამშაბათს 15 აპრილს, როცა აშშ-ში ფედერალური გადასახადის დაფარვის ვადა ამოიწურა პრეზიდენტმა ბუშმა, მცირე ბიზნესის მფლობელთა ჯგუფთან შეხვედრისას თეთრ სახლში განაცხადა, რომ კვლავინდებურად სურს გადასახადების შემკვეცა. თუმცა ბუშმა შეამცირა მოთხოვნა და თუ აქამდე 726 მილიარდი დოლარით სურდა გადასახადის შეკვეცა, ამჯერად 550 მილიარდით დაკმაყოფილდა. ხოლო მიზეზი, თუ რატომ სურს ჯორჯ ბუშს ფედერალური გადასახადის შეკვეცა, უცვლელია [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ქვეყანას დაუყოვნებლივი ქმედება ესაჭიროება კონგრესის მხრიდან ეკონომიკის ზრდისათვის გამიზნული პაკეტის დასამტკიცებლად. ჩვენ სულ ცოტა 550 მილიარდი დოლარით უნდა შევკვეცოთ გადასახადი, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკის ზრდა".

წარმომადგენელთა პალატა თანახმაა, რომ ფედერალური გადასახადი, როგორც ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, 550 მილიარდი დოლარით შემცირდეს. ხოლო სენატი მოითხოვს, რომ შეკვეცა არ აღემატებოდეს 350 მილიარდ დოლარს.

ამასობაში ეკონომისტები, რომლებსაც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ჩამოართვა ინტერვიუ აცხადებენ, რომ ფედერალური გადასახადის შეკვეცა უცილობლად შეუწყობს ხელს ეკონომიკის სტიმულირებას შეერთებულ შტატებში. თუმცა რამდენად გამართლებულია ამგვარი ნაბიჯის ამჟამად, თანაც ამ მასშტაბით, ამაში ეკონომისტებს ეჭვი ეპარებათ.
XS
SM
MD
LG