Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ იბრძვის საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნებისთვის


დაპირებული 700 კაცის ნაცვლად, ოთხშაბათს თბილისში 150-მდე ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, რომლის ორგანიზატორთა მოთხოვნას იგორ გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა

და მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია წარმოადგენდა. იგორ გიორგაძის მომხრეთა ქუჩაში გამოსვლას პოლიცია მობილიზებული დახვდა: თბილისის ცენტრში, პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის მისასვლელებთან, მათი გაძლიერებული შემადგენლობა იდგა. ჩანს, ხელისუფლებისთვის უკანა პლანზე არ გადაუნაცვლებია პრობლემას, რომელსაც მისთვის ტერორისტობისთვის ძებნილი ექს-მინისტრი წარმოადგენდა, არადა, საქართველოში იგორ გიორგაძის მომხრეები ცოტანი არიან და თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგაძეს საქართველოს მოსახლეობაში დასაყრდენი არ გააჩნია. რატომ ხდება აქტუალური იგორ გიორგაძის თემა?

იგორ გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ისევ და ისევ "სრულიად საქართველოს პოლიტიკური ალიანსი - სამშობლო" გააქტიურდა. სწორედ ასე ჰქვია ალიანსს, რომლის ლიდერიცაა ტერორისტობისთვის ძებნილი იგორ გიორგაძე. ამავე ალიანსში აქვს დადებული ბინა "მონარქისტულ-კონსერვატიულ პარტიას", რომლის წევრებმაც 16 აპრილს 100-150 კაციანი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, პირევლი საშუალო სკოლის წინ, გამართეს. იგორ გიორგაძის გარდა, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ისნის რაიონის სამხედრო ნაწილში ამბოხების მცდელობისთვის დაკავებულ ვეტერან გვარდიელებსაც, გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებისა და ვეტერანი გვარდიელების გათავისუფლების მოთხოვნები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს და დაიშალნენ პირობით, რომ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს თვის ბოლომდე ჩაატარებენ. მონარქისტულ-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი, რომელიც იგორ გიორგაძის მცირე და აქტიურ მომხრეებს შორის არცთუ დიდი ხნის წინ გამოიკვეთა, 16 აპრილს უკმაყოფილო ჩანდა.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "ხელი შეგვიშალა ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ავტობუსები ვერ შემოსულიყვნენ - რუსთავიდან მომავალი გააჩერეს, კახეთიდან მომავალი გააჩერეს. "

იყო თუ არა ასე, ვერ გეტყვით, თუმცა 16 აპრილს თბილისში, განსაკუთრებით, მის ცენტრში, პოლიციელთა გაძლიერებული შემადგენლობა რომ იყო გამოსული, ფაქტია. იყო ეს რიგითი ოპერატიული ღონისძიება თუ იგორ გიორგაძის მომხრეთა ქუჩაში გამოსვლის მოლოდინით განპირობებული, დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგორ გიორგაძეს საქართველოს ხელისუფლება ან ისევ სერიოზულ პრობლემად აღიქვამს, ან სურს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ასეთი პრობლემა ისევ არსებობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი შეკითხვას, არის თუ არა იგორ გიორგაძე საშიში საქართველოსთვის, ასე უპასუხებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა]" პერიოდულად ვრცელდება ჭორებივით, ხმები ვრცელდება, რომ დესტაბილიზაციის პროვოცირებაში შეიძლებოდა იგი ყოფილიყო ჩართული და რომ პერიოდულად მას უკავშირდებიან პირები, რომლებიც შეიძლება საეჭვო ზრახვების მატარებლები იყვნენ. "

უფრო კონკრეტულად მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ იგორ გიორგაძე არის ძებნილი უმძიმესი დანაშაულის გამო და პრობლემაც სწორედ ამაში უნდა დავინახოთ. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც, რაღა თქმა უნდა, რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს, შეკითხვას - "როცა მთელი სახელმწიფო გიპირისპირდებათ, მაგრამ მაინც თავისუფალი ხართ, ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე გეხმარებიან?" - იგორ გიორგაძე უპასუხებს: "ეს ნიშნავს, რომ ჩემს გვერდით ძლიერი ადამიანები დგანან". ამ ძლიერებში თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის პოლიტიკურ ალიანსში მყოფი სხვა ქართველები, რა თქმა უნდა, არ იგულისხმებიან. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომელიც ასეთი მონდომებით ცდილობს დაეხმაროს რუს კოლეგებს საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირებისთვის, კარგა ხანია არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რა კეთდება რუსეთში იგორ გიორგაძის საქართველოსთვის გადმოსაცემად.
XS
SM
MD
LG