Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კვლავ აშფოთებს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 აპრილს რუსეთის დუმამ მიიღო განცხადება, რომელიც ეხება საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, განცხადებას, რომლის მიღებისთვის 240 ხმაც საკმარისი იყო, მხარი 350-მდე დეპუტატმა დაუჭირა. რუსი დეპუტატების განცხადებით, საქართველოში ამერიკის სამხედრო ძალის არსებობა სერიოზულად არღვევს ძალთა ბალანსს რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის უშიშროებას.

არ გამართლდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის იმედი, რომ მისი რუსი კოლეგები კეთილგონიერებას გამოიჩენდნენ და არ მიიღებდნენ განცხადებას ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თაობაზე - 16 აპრილს ამ განცხადების კენჭისყრისას რუსეთის დუმა საოცრად ერთსულოვანი იყო: 154 დეპუტატისგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი და მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი.
მიღებული განცხადების ტექსტი დიდად არ განსხვავდება წინა კვირას გავრცელებული განცხადების პროექტისგან: არსებულ ვითარებაში რუს პარლამენტარებს შესაძლებლად მიაჩნიათ კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელი ზომების გატარება და პოზიციის გადახედვა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მიმართ. რუსი პარლამენტარები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროებისთვის დაკანონებული პრივილეგიებით და აცხადებენ, რომ " საქართველოს ხელმძღვანელობა პრაქტიკულად პასუხისმგებლობას იხსნის ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედებების კონტროლზე და საქართველოს ნატოში დაჩქარებით შესასვლელად პირდაპირ გზას უხსნის." მთლიანობაში, რუსი დეპუტატები შეთანხმებას რუსეთის მიმართ არამეგობრულ და მტრულ ნაბიჯად აფასებენ, რაც, მათი მტკიცებით, ეწინააღმდეგება ხელმოწერისთვის გამზადებულ რუსეთ-საქართველოს ე.წ. დიდ ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეაქცია რუსეთის დუმის განცხადებაზე ცნობილი არ არის. 16 აპრილს პარლამენტი სულ სხვა პრობლემით იყო დაკავებული - კვორუმის უქონლობის გამო რიგგარეშე სხდომის დაწყება შეუძლებელი გახდა. ჯერჯერობით რუსეთის დუმის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბანიანმა, რომლისთვისაც აღმოჩენად იქცა ის გარემოება, რომ რუსეთის დუმა აშშ-ს მტრულად განწყობილ სახელწიფოდ თვლის. მისივე ვარაუდით, საქართველოს პარლამენტმა ამ, პარლამენტარის შეფასებით, სისულელეზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი კი ის გახლავთ, რომ რუსეთის დუმის განცხადებაში საუბარი აღარ არის საქართველოსთვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებასა ან ეკონომიკური სანქციების გატარებაზე,- ამბობს ზვიად მუკბანიანი.
კარგად ინფორმირებული პირების ცნობით, ოფიციალური თბილისი დიდად არ მიაქცევს ყურადღებას დუმის მიერ მიღებულ განცხადებას, რადგან დღეს რუსეთის პოლიტიკას რეალურად მხოლოდ პრეზიდენტი პუტინი ქმნის, რომელმაც თავის დროზე სრულიად მშვიდად მიიღო ამერიკელი სამხედრო ექსპერტების გამოჩენა საქართველოში. გარდა ამისა, როცა რუსეთ-ამერიკის დამოკიდებულება ერაყის ომის გამო გაცივდა, საეჭვოა, რუსეთის პრეზიდენტმა რაიმე მკვეთრი განცხადება გააკეთოს მეზობელი საქართველოს ამერიკასთან თანამშრომლობის თემაზე, რადგან ეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
XS
SM
MD
LG