Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გაფართოების იდეოლოგი კვლავ საქართველოშია


მაშინ, როცა რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ქართულ-ამერიკული სამხედრო შეთანხმების სკანდალურ განხილვას გეგმავს, საქართველოში კვლავ იმყოფება გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი ბრუს ჯეკსონი,

რომელმაც თებერვალში განაცხადა, ერაყის პრობლემის მოგვარების შემდეგ ამერიკა რუსეთს სტამბულის შეთანხმების შესრულებას მოსთხოვსო. ოთხშაბათს ბრუს ჯეკსონი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ნატო-ამერიკის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ნატოს გაფართოების ერთ-ერთი იდეოლოგის ვიზიტის მიზანს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების განხილვა წარმოადგენს. ამ პრობლემებზე ერთი თვის წინ გაკეთებული ოპტიმისტური პროგნოზების შემდეგ ჟურნალისტები ბრუს ჯეკსონს ნატოში საქართველოს არაოფიციალურ ლობისტადაც მოიხსენიებენ.

ამერიკა-ნატოს კომიტეტის თავმჯდომარე ბრუს ჯეკსონი, თვენახევრიანი ინტერვალით, მეორედ ჩამოდის საქართველოში. ნატოს გაფართოების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის რეკომენდაციებმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულებაში. თუმცა ეს რეკომენდაციები, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გამოიყურება - ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ხოლო ხელისუფლების ყველა შტომ უნდა აღასრულოს ხალხის ნება. დაახლოებით ასე ჟღერდა ბრუს ჯეკსონის მიერ თებერვლის ბოლოს გამოთქმული შეფასების შინაარსი.

რაც შეეხება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს, ამერიკელმა პოლიტოლოგმა ოპტიმალურ ვადად 4-5 წელი დაასახელა - თანაც, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ნატოს ყველა პროცედურის გავლას მოახერხებს.

ერთი თვის წინ ბრუს ჯეკსონი, რომელიც კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, "ერაყის განთავისუფლების კომიტეტის", პრეზიდენტიც არის, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს, ევალება ასევე ებრძოდეს ტირანულ რეჟიმებს.

[ბრუს ჯეკსონის ხმა] " ჩვენ, "ერაყის განთავისუფლების კომიტეტის" წევრებს, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არის ტირანია. რა თქმა უნდა, ამ საკითხმა გარკვეული პრობლემა წარმოშვა ნატოს შიგნით. თუმცა იმედი გვაქვს, რომ გრძელვადიანი შედეგი ამ დებატებისა პოზიტიური იქნება და იგი განამტკიცებს ალიანსს. ხოლო პროცესის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იქნება თურქეთის როლის გაძლიერება ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ ეს რეგიონი და, მათ შორის, საქართველო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია."

ოთხშაბათს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს პირისპირ შეხვდებოდა, ბრუს ჯეკსონი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა მიიღო. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსზე საქართველოში დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი ჩამოსვლა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "განპირობებულია, აშკარად, გარკვეული ინტერესით, რომ ჩვენი მოძრაობა ჩრდილოეთ-ატლანტიკური ალიანსისაკენ კიდევ უფრო დაჩქარდეს."

თუმცა ამ მოძრაობას გზადაგზა ბევრი და გაუთვალისწინებელი დაბრკოლება ეღობება ხოლმე. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ხელისუფლებამ პირველ კვარტალში მხოლოდ 60 პროცენტით დააფინანსა სამხედრო ძალები. ნისიად კი ნატოში ჯერ არც ერთი ქვეყანა არ მიუღიათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG