Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი უნდა შეასრულოს გაერომ ომისშემდგომ ერაყში?


ხუთშაბათს ათენში მუშაობა დაასრულა ევროპის კავშირის ორდღიანმა სამიტმა. სამიტის პირველ დღეს საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ათენის ცენტრში, სახელგანთქმული აკროპოლისის ძირში გაიმართა,

კავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ათმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ამ გაერთიანების წევრობის ხელშეკრულებას. ევროპელ ლიდერთა შეხვედრის მეორე დღეს კი განხილვის საგანი იყო ერაყთან და მის ომისშემდგომ აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები.

სამიტის დასასრულს მიღებულ განცხადებაში ევროპის კავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ერაყის აღდგენის საქმეში და გაეროს მოუწოდებს, ომისშემდგომ ერაყში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ამ განცხადებამ, ისევე, როგორც ათენში გამართულმა ცალკეულმა არაოფიციალურმა შეხვედრებმა, გარკვეულწილად თითქოს მოაგვარა უთანხმოებები, რომლებიც ევროპელ ლიდერთა შორის ერაყთან ომის გარშემო წარმოიშვა. მაგრამ იბადება კითხვა: ხომ არ მოასწავებს გაეროს როლის გაზრდისადმი ევროპელთა შეხმატკბილებულად დადებითი დამოკიდებულება ახალ დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის?

ვაშინგტონი არ მალავს, რომ განზრახული აქვს, თვითონ უხელმძღვანელოს ომისშემდგომ ერაყში ადმინისტრაციულსა თუ პოლიტიკურ პროცესებს, რასაც საბოლოოდ დემოკრატიული არჩევნები და ძალაუფლების ერაყელთა ხელში გადასვლა უნდა მოჰყვეს. გამოდის, რომ "ცენტრალური როლი", რომელიც ევროკავშირის ლიდერებს გაეროსთვის ემეტებათ, ვაშინგტონს თავისთვის აქვს "დაჯავშნული". ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეთა შორის შესაძლო უთანხმოების საფუძველი სწორედ აქ უნდა ვეძიოთ.

მაგრამ დიპლომატები რის დიპლომატები იქნებოდნენ, გამოსავლის მოძებნას რომ არ ცდილობდნენ. ათენის სამიტზე მიღებულ განცხადებაში ნათქვამია: "გაერომ ერთ-ერთი ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს იმ პროცესში, რომელსაც ერაყელი ხალხის თვითმმართველობაზე გადასვლისკენ მივყავართ". მიაქციეთ ყურადღება: საუბარია "ერთ-ერთ ცენტრალურ როლზე" და არა "ცენტრალურ როლზე", როგორც ამას გერმანია და საფრანგეთი ითხოვდნენ. იმას, რომ ბერლინმა და პარიზმა საბოლოოდ უკან დაიხიეს, საქმეში ჩახედული ხალხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დიპლომატიური ნიჭითა თუ უნარით ხსნიან. ერთი მხრივ, ბლერმა მოახერხა გერმანიის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მიერ შემოთავაზებული მკაცრი ენა შეერბილებინა, ხოლო მეორე მხრივ, განცხადების ტექსტში ერაყში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაეროს როლის გააქტიურებისკენ მოწოდებაც შეინარჩუნა.

სხვა საქმეა, რამდენად დააკმაყოფილებს ამგვარი ფორმულირება ვაშინგტონს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავიგებთ ტერმინს "ერთ-ერთი ცენტრალური როლი". როგორც ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა აღნიშნა, ეს საკითხი დაზუსტებას მოითხოვს:

[კოსტას სიმიტისის ხმა] "ერაყში გაეროს ზუსტი როლი გაირკვევა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ასევე დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების საფუძველზე. ხოლო დიდი ბრიტანეთი იზიარებს ამ დეკლარაციაში გამოთქმულ პრინციპებს."

ევროპის კავშირის პრესმდივანმა რეიო კემპინენმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ერაყში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების გამო:

[რეიო კემპინენის ხმა] "ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ, შემაძრწუნებელია. ევროპის კომისია და მისი პრეზიდენტი უაღრესად შეშფოთებული არიან სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბით. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ომით გატანჯულ მოსახლეობას დავეხმაროთ."

კემპინენმა დასძინა, რომ ევროპის კომისიამ ერაყში ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად 100 მილიონი ევრო გამოყო.
XS
SM
MD
LG