Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის აბუ აბასს?


ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ ორშაბათს საღამოს ერაყში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საგანგებო შენაერთებმა დააკავეს "პალესტინის განთავისუფლების ფრონტის" ლიდერი აბუ აბასი.

როგორც კი ვაშინგტონმა აბასის დაკავების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, იტალიის იუსტიციის მინისტრმა რობერტო კასტელიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას განზრახული აქვს, აბასის ექსტრადიცია მოითხოვოს. ვინც აბუ აბასზე არაფერი იცის, უთუოდ გაუჩნდება კითხვა: რა შუაშია იტალია? არადა, ერაყში ამერიკელების მიერ დაკავებულ პალესტინელთან იტალიას უშუალო კავშირი აქვს.

1985 წელს, ხმელთაშუა ზღვაში გაიტაცეს იტალიის კუთვნილი ხომალდი "აკილე ლაურო". ოთხმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა გემის მგზავრები და ეკიპაჟი, და ისრაელის მიერ 50 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა. ერთ-ერთი ამერიკელი მგზავრი, 69 წლის ინვალიდი ლეონ კლინგჰოფერი გამტაცებლებმა წყალში გადააგდეს. ამ ოპერაციას პალესტინელი აბუ აბასი ხელმძღვანელობდა.

ოთხშაბათს პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა საებ ერექათმა აბასის გათავისუფლება მოითხოვა, აღნიშნა რა, რომ მისი დაკავება 1995 წელს გაფორმებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით მოხდა. იმავე დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის მრჩეველმა განაცხადა, რომ აბასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თვითმკვლელ ტერორისტთა მომზადებასა და დაფინანსებაში და, ამდენად, დაკარგული ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულებით მინიჭებული ყოველგვარი იმუნიტეტი. ესეც რომ არა, როგორც ამერიკელი იურისტები განმარტავენ, შეთანხმება არ ეხება მესამე ქვეყანაში დაკავებულ პირთა სამართლებრივ სტატუსს.

მაგრამ აბასის დაკავების გარშემო ატეხილ ხმაურს სხვა ასპექტიც ასაზრდოებს. საქმე ის გახლავთ, რომ "აკილე ლაუროს" გატაცების შემდეგ აბუ აბასმა უარყო ტერორიზმი, როგორც პალესტინის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა, და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 17 წლის მანძილზე ძირითადად ბაღდადში ცხოვრობდა, არცთუ იშვიათად ჩადიოდა ღაზის სექტორშიც; რაც იმას ნიშნავს, რომ აბასი დასაჭერ ტერორისტთა "შავ სიაში" აღარ ჰყავდათ არც ისრაელს და არც შეერთებულ შტატებს.

მაგრამ ახლა ვაშინგტონმა აბასის დაკავება "ტერორიზმთან გლობალურ ბრძოლაში მიღწეულ კიდევ ერთ გამარჯვებად" მონათლა. როგორც კატარში, შეერთებული შტატების არმიის სამეთაურო ცენტრში გამოსვლისას, ბრიგადის გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა განაცხადა, აბუ აბასის დაკავება მორიგი დასტურია იმისა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ტერორისტებს იფარებდა და დანაშაულებრივი ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა.

ეს განცხადება და ოფიციალურ პირთა სხვა მსგავსი გამონათქვამები ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას სურს, აბასი შეერთებულ შტატებში გაასამართლოს. ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ნიუ იორკის პოლიტიკის კვლევის კერძო ცენტრის, "საგარეო ურთიერთობათა საბჭოს", თანამშრომელი ართურ ჰელტონი ამბობს, რომ პალესტინელი ტერორისტის დაკავებას (თუნდაც იგი ყოფილი ტერორისტი იყოს), ვაშინგტონი ერაყში წარმოებული ომის კიდევ ერთ გამართლებად გამოიყენებს.

[ართურ ჰელტონის ხმა] "ერაყში ომის თვალსაზრისით თავმოსაწონებელი ჯერჯერობით ბევრი არაფერია. გარკვეულწილად ეს ტერორიზმთან დაკავშირებულ ერთადერთ მონაპოვრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ამ საკითხში ორი ასპექტი უნდა განვიხილოთ. ერთია პოლიტიკური ასპექტი, ხოლო მეორეა - სამართლებრივ-პროცესუალური. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ ორი ასპექტის შეჯერება. ამას კი შეიძლება მოჰყვეს აბასის გადაცემა იტალიის ხელისუფლებისთვის, ან სულაც, მისი გათავისუფლება. თუმცა, ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია."

თავისთავად მივადექით აბუ აბასის საქმეში იტალიის როლს. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, 1985 წელს აბასის თანამზრახველებმა სწორედ იტალიის კუთვნილი ხომალდი გაიტაცეს. 1987 წელს იტალიაშივე გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც აბასს დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

[რობერტო კასტელის ხმა] "ჩვენს მთავრობას არასოდეს შეუწყვეტია იმ პირთა ძებნა, ვინც დანაშაული იტალიის ტერიტორიაზე ან იტალიის მოქალაქეთა მიმართ ჩაიდინა. ისეთი საშიში ბოროტმოქმედი, როგორიც აბუ აბასია, გამონაკლისი არ გახლავთ. ჩვენი ასეთი პოზიცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ იტალია დაუნდობლად ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას."

იტალიის იუსტიციის მინისტრის, რობერტო კასტელის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ადასტურებს ამ ქვეყნის სწრაფვას, აბუ აბასი იტალიაში გაასამართლოს. მაგრამ, როგორც იურისტები ამბობენ, "პალესტინის განთავისუფლების ფრონტის" ლიდერის საქმე სამართლებრივად იმდენად ბუნდოვანია, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთება დღეს თითქმის შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG