Accessibility links

logo-print

როგორ რეაგირებს ხელისუფლება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე


საქართველოს მთავრობა თავს იმით იწონებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული პარამეტრი გადაჭარბებით შეასრულა,

თუმცა კვარტალის ბიუჯეტს თითქმის 22 მილიონი ლარი მაინც დააკლდა, რადგან იგი გაცილებით აღემატება სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ პარამეტრებს. მთავრობაში ამ არცთუ საამაყო ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის ბიუჯეტში, ნაცვლად დაგეგმილი 252 მილიონი ლარისა, 230 მილიონი ლარი შევიდა. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, კვარტალის ბოლო დღეს, 31 მარტს, ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 41 მილიონი ლარი, რაც სხვადასხვა მაქინაციების წყალობით განხორციელდა.

მთავრობა საბიუჯეტო ოფისის მონაცემებს უარყოფს და პირველი კვარტალის ბიუჯეტის მხოლოდ 6 მილიონით გარღვევას აღიარებს. თუმცა, მდგომარეობა რომ გაცილებით რთულადაა, ამაზე კონტროლის პალატის პოზიციაც მეტყველებს. 16 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხი დააყენა. მთავრობას ჯერჯერობით ამ წინადადებაზე არ უმსჯელია, რადგან სეკვესტრის პოლიტიკურ შედეგებს უფრთხის. ბიუჯეტის შეუსრულებლობაც არანაკლებ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, მით უმეტეს, საარჩევნო წელს. სწორედ ამიტომ საფინანსო გეგმის შესრულებაში არსებული პრობლემები აქტიურად განიხილება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ვარაუდობდნენ, რომ კვარტალის ბიუჯეტის ჩავარდნას მთავრობა საკადრო ცვლილებებით აღნიშნავდა. ამაზე 17 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ მიანიშნა:

[ზოიძის ხმა] „თამასა აწეულია მაქსიმალურად მაღლა და ვინც ვერ შეძლებს ამ თამასის დაკმაყოფილებას, რაც ეხება ბიუჯეტის შესრულებას, რაც ეხება მუშაობას და იმ ვალდებულების შესრულებას, რაც სახელმწიფოს აქვს ხალხის მიმართ, შესაბამისად, ყველა გათავისუფლდება. ეს ძალიან მარტივია."[სტილი დაცულია]

მიუხედავად ამ სიმარტივისა, ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა ჯერაც ვერ გაათავისუფლა საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ასლანიკაშვილი, რომლის უწყებაზე მოდის საბიუჯეტო გარღვევის უმთავრესი ნაწილი. 17 აპრილს მირიან გოგიაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან. თათბირის დასრულების შემდეგ გიგიაშვილმა უარყო, რომ საბაჟო სამსახურის უფროსის საკითხი განიხილეს.

[გოგიაშვილის ხმა] „არ მომხდარა ეგეთი რამე და ჯერჯერობით არც მოხდება. დღეს აბსოლუტურად სხვა თემაზე იყო საუბარი, იყო არასაგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით... მზადდება საკმაოდ სერიოზულად მთავრობის მომავალი სხდომისთვის."[სტილი დაცულია]

მკაცრი გადაწყვეტილებების გარეშე დამთავრდა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო სხდომაც, რომელმაც ბიუჯეტში მხოლოდ 6 მილიონიანი დანაკლისი აღიარა და ისიც არასაგადასახადო შემოსავლებს დააბრალა. ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ თამამად გააკეთა, 73 კერძო კომპანიების დაყადაღებაა. მათ შორისაა უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც, იმის გამო, რომ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, აუქციონზე გაყიდვა ემუქრებათ. როგორც ჩანს, საგადასახადო სამსახურები ამ გზით 140 მილიონი ლარის ამოღებასა და სეკვესტრის თავიდან აცილებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG