Accessibility links

კიდევ ერთი ექსტრადიცია?


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 17 აპრილს, რუსულმა ელექტრონულმა გამოცემამ გაზეტა.რუ-მ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველომ რუსეთს გადასცა კიდევ ერთი ე.წ. ბოევიკი ამირხან ლიგიდოვი. ლიგიდოვი, ამავე წყაროს ცნობით,

შარშან აგვისტოში დააპატიმრეს ქართველმა მესაზღვრეებმა. რუსული გამოცემა მას რუსლან გილაევის ბანდის წევრად იხსენიებს. მე შევეცადე ამ ექსტრადიციის შესახებ ცოტა მეტი გამეგო.

გაზეტა.რუ, თავის მხრივ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტის" ცნობას ეყრდნობა, რომლის თანახმად, ამირხან ლიგიდოვი მეშვიდეა იმ 13 შეიარაღებული ბოევიკიდან, შარშან ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვრის დარღვევისათვის რომ დააკავეს და უკვე რუსეთს გადასცეს. ამირხან ლიგიდოვი ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრია, 22 წლის. რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში ის ჩაიყვანეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამმართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების სამსახურისა და საქართველოს უშიშროების სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებათა შედეგად. ცნობას ადასტურებს უშიშროების საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე იური საპუნოვი.

ლიგიდოვის გვარი არ ფიგურირებს 2002 წლის შემოდგომიდან საქართველოში გამართულ არც ერთ სასამართლო პროცესში, რომელიც ექსტრადიციის საკითხებს განიხილავდა. ეს სახელი არ ჩანს იმათ ნუსხაში, ვის გადაცემასაც სთხოვდა რუსეთის პროკურატურა საქართველოს. თბილისში აქტიური ჩეჩნური დიასპორაა, რომლის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია შარშან აგვისტოში საზღვრის დამრღვევი 13 პიროვნებიდან იმათ შესახებ, ვინც ჯერჯერობით თბილისში იმყოფება. მე დავუკავშირდი კავკასიური სახლის თანამშრომელს მექა ხანგოშვილს და ვკითხე, მართალია თუ არა ცნობა ამირხან ლიგიდოვის შესახებ. [ხანგოშვილის ხმა]: "არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გავარკვიეთ, ციხიდან არავინ გაუყვანიათ. იმ 13-ში ნამდვილად არ არის. არათუ ექსტრადიცია - როგორც კი მცირე საფრთხე იქმნება, მაშინვე გვიკავშირდებიან. ასეთი გვარ-სახელის მქონე პიროვნება ხსენებულ 13 კაცში არ არის: იქ 11 ჩეჩენი და 2 ქისტი იყო".

ეს ინფორმაცია დამიდასტურეს საქართველოს უშიშროების სამინისტროშიც. სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა განმიცხადა, რომ ამირხან ლიგიდოვი ნამდვილად დააკავეს შარშან 18 აგვისტოს საზღვრის დარღვევის გამო, მაგრამ მას არავითარი კავშირი არა აქვს არც რუსლან გილაევთან და არც ხსენებულ 13 პიროვნებასთან. 16 აპრილამდე ლიგიდოვი მეხუთე საპყრობილეში იმყოფებოდა. დაპატიმრების შემდეგ ლიგიდოვზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საქართველოს უშიშროება ელოდა პასუხს რუსეთის სპეცსამსაურებისაგან ლიგიდოვის იდენტიფიკაციის თაობაზე. ნიკა ლალიაშვილის თქმით, ლიგიდოვს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩაუდენია [ლალიაშვილის ხმა]: "მას შემდეგ, რაც ამ პიროვნების შესახებ მივიღეთ ზუსტი ინფორმაცია, ანუ განხორციელდა იდენტიფიკაცია, მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა (ეს მოხდა 11 აპრილს) და 16 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლიგიდოვის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების ანუ დეპორტაციის შესახებ".
XS
SM
MD
LG