Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური პოლიციის შექმნას ძალოვანები ეწინააღმდეგებიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ფინანსური დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად ფინანსთა სამინისტრო ფინანსური პოლიციის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ეს უწყება სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმის კონტექსტში განიხილება, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ყველაზე მეტი პრობლემა და წინააღმდეგობა, ამ მხრივ, სწორედ სამართალდამცავებისაგან შეიძლება შეხვდეს. რა ფუნქციებით უნდა იყოს აღჭურვილი ეს ორგანო და რა პოზიციაა ხელისუფლებაში მის მიმართ?

ფინანსური ლეგიონის შექმნასთან დაკავშირებით მირიან გოგიაშვილის ინიციატივას უშიშროების საბჭოს სხდომაზე ძალოვანი მინისტრები დაუპირისპირდნენ, რომელთაც ახალ სტრუქტურაში მათთვის გარკვეული ფუნქციების მოკვეცის საშიშროება დაინახეს.

დღეს ეკონომიკურ დანაშაულზე პარალელურად რამდენიმე სტრუქტურა აგებს პასუხს. ამგვარი ფუნქციებით არის აღჭურვილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრი და ფინანსთა სამინისტრო, რომლის სტრუქტურულ დაქვემდებარებაშიც საგანგებო ლეგიონი შედის. ფუნქციების დუბლირება ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელს ნამდვილად არ ამცირებს, პირიქით, კორუფციის წყარო ხდება და რამდენიმე "ძიძის" ყოლა ერთმანეთზე გადაბრალების კარგ საშუალებასაც იძლევა.

თავად ამგვარი პოლიციის შექმნა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის კონტექსტში განიხილება, თუმცა ძნელი სავარაუდოა ინიციატივას მხარდაჭერა მოჰყვეს, რადგან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები მას შეეწინააღმდეგებიან.

უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, მისი უწყების საქმე არ უნდა იყოს 5 კილოგრამი ფქვილის ქურდობის საქმე, თუმცა 5 გემის ქურდობა, აშკარად, მისი გასახსნელია. ამის გამო უშიშროების მინისტრს ფინანსური ლეგიონის ფინანსთა სამინისტროსთან არსებობა გაუმართლებლად მიაჩნია.

დაახლოებით იგივე პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. კობა ნარჩემაშვილის თქმით, "შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში იძიებს ფინანსურ დანაშაულს. ყველა ხედავს, რომ საქართველოში იმავე საგანგებო ლეგიონმა არ გაამართლა, ამიტომ დამატებით კიდევ ერთი პოლიციის ფუნქციებით აღჭურვილი სტრუქტურა ზედმეტი იქნება და კორუფციულ ჯაჭვს შექმნის".

ამასთან, ახალი სტრუქტურის შექმნა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. წინასწარი მონაცემებით, ამისათვის დაახლოებით 27 მილიონი ლარი იქნება საჭირო, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრებიდან უნდა გამოიყოს ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დააფინანსონ. საჭირო იქნება დამატებითი კადრების მოზიდვაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ამგვარი გამოცდილების მქონე მხოლოდ მათი სტრუქტურაა და შესაბამისი კადრებიც მხოლოდ მას მოეპოვება .
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ფინანსური პოლიციის შექმნის იდეას. სავარაუდოა, რომ ძალოვანები თავიანთ პოზიციას არ დათმობენ, თუმცა ამ ვითარებაში გასათვალისწინებელია ფუნქციების რეგლამენტაციის საკითხი. თუ ეს სტრუქტურა სხვა სამინისტროების პარალელურად შეასრულებს ოპერატიულ სამუშაოებს, ადვილი წარმოსადგენია, რა ინტერესთა შეჯახებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ამასთან, დამატებითი მაკონტროლებლის გაჩენამ, არა გვგონია, ხელი შეუწყოს ისედაც შევიწროებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG