Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული სამყაროს რეაქცია ერაყის ომზე


ანდრო ეული, პრაღა ერაყში ომის დაწყებამდე, საზოგადოებრივი აზრი არაბულ სამყაროში კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამხედრო ძალის გამოყენებისა ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დასამხობად. რამდენად

შეიცვალა არაბების განწყობა ახლა, როცა ერაყში დამხობილია ულმობელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის რეჟიმი?

დაიწყო რა ომი ერაყში, არაბულ ქვეყნებში საპროტესტო დემონსტრაციები ეწყობოდა თითქმის ყოველდღე. დასაწყისში, ამერიკის ჯარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ერაყელებმა სამხრეთში, რამაც აღაფრთოვანა არაბული სამყარო.
აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მაშინ, ქაიროში დაფუძნებული ალ-აჰრამის პოლიტიკურ და სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორმა მოჰამად ელ-საიდმა [მოჰამად ელ-საიდის ხმა]: "არაბულ სამყაროს უარყოფითი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე წლების მანძილზე, და ახლა, როცა ერაყელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკელებს, არაბებმა შვება იგრძნეს. ერაყელთა წინააღმდეგობამ თითქოს შეუცვალა არაბებს ეს უარყოფითი იმიჯი".

ხოლო მომდევნო მოვლენებმა, როცა კოალიციის ძალებმა ჯერ ბაღდადი, მოგვიანებით კი მთლიანად დაიპყრეს ერაყის ტერიტორია, იმედგაცრუება გამოიწვია არაბულ სამყაროში.

როგორც ამანში დაფუძნებული დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, ალ-ურდუნი ალ-ჯალიდის დამაარსებელმა და დირექტორმა ჰანი ჰურანიმ ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, იორდანიაში შიშობენ, ვაი თუ ამერიკამ სირიაში განახორციელოს ერაყის შემდეგ შეიარაღებული ინტერვენცია [ჰანი ჰურნაის ხმა]: "ხალხი შიშობს, რომ ახლა სირიის ჯერი დადგება. ესაა მოსახლეობაში საუბრის მთავარი თემა. ხალხი შეშფოთებულია და ფიქრობს, რომ მეტისმეტი იქნება ერაყის შემდეგ სირიაზე თავდასხმა".

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ცნობილი იყო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და თავისუფლად მოაზროვნეებს სადამ ჰუსეინი, და ამ მხრივ მიესალმა კიდევაც ერაყში ტოტალიტარული რეჟიმის დამხობას. მაგრამ, იორდანიელებს აინტერესებთ, რა ბედი ეწია ერაყის ხელმძღვანელობას.

"აქ, იორდანიაში, ხალხი დარწმუნებულია იმაში, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს იმპერიალისტური იდეები, ნავთობკომპანიების ინტერესები ამოძრავებს, და არა დემოკრატიული ფასეულობები. მე პირადად მიჭირს იმის დაჯერება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ან კიდევ ჯორჯ ბუში ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის იბრძვიან. მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ირწმუნებენ ამას" - განაცხადა ჰანი ჰურანიმ.

იმისათვის, რათა არაბული სამყარო დადებითად განეწყოს შეერთებული შტატებისადმი, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, აუცილებელია, რომ ომისშემდგომი ერაყის აღმშენებლობის საქმეში ინტნენსიურად იქნეს ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხოლო კონტრაქტები, აღდგენითი სამუშაოების თაობაზე, არა მარტი ამერიკის, არამედ სხვა ქვეყნების ფირმებთანაც იქნეს დადებული.

იმისდა მიუხედავად, თუ როგორ წარიმართება აღდენითი სამუშაოები ერაყში, მიმომხილველები არაბულ სამყაროში თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ შეერთებულმა შტატებმა, არაბული სამყაროს გულისმოგების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ეგრეთ წოდებული "საგზაო რუქა", ანუ გაეროს, ევროკავშირსა და რუსეთთან შეთანხმებით მიღწეული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, და იმავდროულად, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება დააჩქაროს.

ბევრი მიმომხილველი არაბულ სამყაროში მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ არასწორად დაისახა თავისი პრიორიტეტული მიზნები საგარეო პოლიტიკის სფეროში. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს გაცილებით მეტი არაბი მოკავშირე გამოუჩნდებოდა ანტიერაყულ კოალიციაში, თუ ვაშინგტონი, პირველ რიგში, პალესტინელთა პრობლემას მოაგვარებდა.
XS
SM
MD
LG