Accessibility links

logo-print

რატომ არ დადიან პარლამენტარები სხდომებზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 და 17 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები არ გაიმართა. მიზეზი ისევ და ისევ კვორუმის არარსებობა იყო. რამდენიმე დღის წინ 70-მდე პარლამენტარმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართა,

რათა ამ სხდომაზე სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტი განხილულიყო. თავად პრეზიდენტი არ მალავს, რომ ეს კანონპროექტი არ მოსწონს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის აზრის გათვალისწინებით, თემატურმა უმრავლესობამ მიზანშეუწონლად მიიჩნია რიგგარეშე სხდომის მუშაობაში მონაწილეობა.

ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს: 17 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე აღორძინების კავშირმა, სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, მანიფესტაცია გამართა. ფრაქცია "აღორძინების" ერთ-ერთი ლიდერი ჯემალ გოგიტიძე რიგგარეშე სხდომებზე სახელისუფლებო ფრაქციების გამოუცხადებლობას სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ბლოკირების მცდელობად აფასებს, რაც, მისი განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით ხდება. თუმცა ამ განცხადებას, ისევე როგორც 17 აპრილს პრეზიდენტ შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას, სახელისუფლებო ფრაქციებზე გავლენა არ მოუხდენია .
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო პარლამენტის მუშაობის პარალიზების მცდელობებს. ნინო ბურჯანაძის მინიშნებით, ეს პროცესი კანცელარიიდან იმართება. მისივე აზრით, მიზანმიმართულად ხდება პარლამენტის დისკრედიტაცია. ამავე დროს, წინა დღეებისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯერ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " მე მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად მეყოფა ნერვები, რომ მაქსიმალურად შევეცადო ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას, მით უმეტეს, პარლამენტში. მე თუ დავინახავ, რომ ჩემს აქ ყოფნას აზრი არა აქვს, რადგან პარლამენტის უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის არ არის მიზანშეწონილი, ასეთ შემთხვევაში მივიღებ ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეცდები ის ფუნქცია შევასრულო, რომელიც მე დამაკისრეს იმ ადამიანებმა, ვისაც სჯერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რაღაცას პოზიტიურს გააკეთებს პარლამენტისთვის."
პოზიტიურობის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ნინო ბურჯანაძის შეთავაზება, სასესიო კვირაში იქნეს გადატანილი სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის განხილვა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი "აღორძინება". შესაბამისად, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტარები კვლავ 18 აპრილს შეიკრიბებიან, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კვორუმი კვლავ არ შედგება.
XS
SM
MD
LG