Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია და არჩევნები საქართველოში


საქართველოში ყველაზე მძიმე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინია. საარჩევნო ბატალიები უკვე დაწყებულია, ამდენად, მასმედიაც აქტიურად არის დაკავებული იმ უკვე, შეიძლება ითქვას,

ცხელი პროცესის გაშუქებით, რომელსაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა წარმოადგენს. სხვა საკითხია, როგორ აისახება მედიაში ეს პროცესი და რა ინტერესები ერგება როლს, რომელიც მედიას საარჩევნო პროცესში აკისრია. სამწუხაროდ, მძიმე არჩევნების მოლოდინს იმის მოლოდინიც ახლავს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით მედია, როგორც არასდროს, ისე იქნება ანგაჟირებული და მასზე დაყრდნობით მოსახლეობას გაუჭირდება ობიექტური რეალობის დანახვა. არსებობს აზრი, რომ საქართველოში მედია - ყოველ შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი - საარჩევნოდ საზოგადოებისთვის კი არა, პოლიტიკოსებისა და მათ უკან მდგომი ფინანსური ძალებისთვის იმუშავებს.

ევროპის მედიის ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოს მასმედიის როლი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მოკლედ ასე შეაფასა: საქართველოს მასმედიამ ხელი შეუშალა ამომრჩეველს თავისი არჩევანი სრული, ობიექტური და თანაბარი ინფორმაციის გაანალიზებით განესაზღვრა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ სამმა წელმა საზოგადოების - მათ შორის, მედიის - ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული მედიის როლი უფრო უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, საპირისპიროს მოლოდინი იგრძნობა. საქართველოს რადიოს პირველი არხის ჟურნალისტი დოდო შონავაც არ ელის, რომ ამ არჩევნებში მედია - ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი - საზოგადოების გვერდით იქნება:

[დოდო შონავა ხმა] "წლევანდელი არჩევნები მასმედიის ანგაჟირების ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა და ეს უკვე თვალნათელია. მასმედიას დავყოფდი რამდენიმე ნაწილად. დავიწყებ იმ უწყებით, რომელშიც მე ვმუშაობ - ეს არის ტელე-რადიო მაუწყებლობა, სახელმწიფო. ეს უწყება, რა თქმა უნდა, სახელისუფლო ბლოკს დაუჭერს მხარს, როგორც წინა შემთხვევაში, და მე მახსოვს, როგორი შეფასება მიეცა მაშინ ჩვენი უწყების მუშაობას და მე მაშინ მთლიანად გავიზიარე ეს შეფასება. აქ, ჩვენთან, დამოუკიდებლობას და ობიექტურობას შეინარჩუნებს რამდენიმე ჟურნალისტი და ისიც იმის ხარჯზე, რომ ეს დამოუკიდებლობა მათ მოპოვებული აქვთ საკუთარი ძალისხმევით. მაგრამ წელს ეს უფრო გაჭირდება და ეს ეხება უფრო რადიოს და არა ტელევიზიას. ტელევიზიაში ეს ძალიან რთული იქნება."

დოდო შონავა მასმედიის მეორე ნაწილში აქცევს იმ ტელეკომპანიებს, რადიოკომპანიებსა და გაზეთებს, რომელთა უკანაც გარკვეული ფინანსური ძალები და პოლიტიკოსები დგანან. მედიის ეს ნაწილი, გარკვევით, ამ ძალების ინტერესების გამტარებელი იქნება. მესამე ნაწილში ასახელებს მასმედიის იმ საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც ბიზნესად უნდა განვიხილოთ: აქ იმას, თუ როგორ გაშუქდება ესა თუ ის მოვლენა, ან რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი დრო დაეთმობა, ფული განსაზღვრავს. "ობიექტურობის ხარისხი, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, სწორედ ამ ნაწილმა შეინარჩონოს. ერთადერთი, ვინც საზოგადოებას ბოლომდე ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიაწვდის, უცხოური მაუწყებლობები იქნება," - ამბობს ის და დასკვნის სახით დასძენს:

[დოდო შონავას ხნა] " საქართველოს მოქალაქეებს ძალიან გაუჭირდებათ მასმედიაზე დაყრდნობით ობიექტური სურათის დანახვა. ალბათ, ის ადამიანები, რომლებსაც კრიტიკული აზროვნება აქვთ, გააანალიზებენ განვლილ პერიოდს, ყველა ძალას - ძველსა და ახალს - შეფასებას მისცემენ და, აქედან გამომდინარე, გააკეთებენ საკუთარ არჩევანს. "

დოდო შონავას სწორედ ამის იმედი აქვს, რადგან სატელეფონო ზარები, რომლებიც მისი გადაცემის მსვლელობისას გაისმის ხოლმე, და ამ ზარებს მოყოლებული შეკითხვები, შეხედულებები - მსმენელის შეკითხვები და შეხედულებები - არწმუნებს, რომ საზოგადოება შეცვლილია და უკანასკნელ წლებში უფრო გაზრდილია, ვიდრე მედია. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე უფრო ნაკლებად ამჟღავნებს იმის იმედს, რომ საზოგადოება მედიას არ გაჰყვება და მის არჩევანზე არ აისახება ის ასიმეტრიული ხედვები, რომლებსაც მას საინფორმაციო საშუალებები სთავაზობენ ყოველთვის და, მათ შორის, არჩევნების წინ.
რამაზ საყვარელიძის აზრით, მედიისთვის საქართველოში, ისეევ როგორც საზოგადოებისთვის, უცხოა თანაბრობის, გაწონასწორების მოთხოვნები. ნებისმიერ სფეროში ის უფრო იმ მოვლენებს აშუქებს, უფრო იმ ადამიანების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რომლებიც მოსწონს. თუ რატომ, ამას შემდეგნაირი ახსნა აქვს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] "შევხედოთ ჩვენ მედიის ასაკს, საშუალო ასაკს. ისინი არიან ახალგაზრდები, ხომ, როგორც წესი, და არა ჭარმაგები, ცხოვრებაგამოვლილები. მარტო ჭარმაგები რომ იყვნენ, არ იქნებოდა კარგი, მაგრამ სპექტრი არ არის ასაკობრივი. შევხედოთ სქესს. როგორც წესი, ქალებია, და ეს არის ფსიქოლოგია ახალგაზრდა ქალების."

რაც შეეხება მედიას და არჩევნებს, რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოში არჩევნებს თავისი დილემა ახლავს ხოლმე. მაგალითისთვის: წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა მიიღო შევარდნაძის და აბაშიძის დილემის სახე. მედიის მხარდაჭერა, აშკარად, შევარდნაძეს ერგო და, შესაბამისად, მოსახლეობისაც. ადგილობრივ არჩევნებზე მედიამ - ოპოზიციას, მემარცხენეობას დაუჭირა მხარი. ასევე მოიქცა მოსახლეობა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. "ამ ასიმეტრიული პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდეთ ახლაც. მედიას წაჰყვება მოსახლეობაც და ეს მიკროსოციალიზმამდე მიგვიყვანს. არ მგონია, მედია ფიქრობდეს, რამდენად კარგი იქნება ეს საქართველოსთვის,"- აბობს რამაზ საყვარელიძე.
XS
SM
MD
LG