Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღონ ერაყის სტაბილურობაში, მიიჩნევს თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი


თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც სამხრეთ ევროპის რეგიონში საქართველოს ძირითადი სტრატეგიული მოკავშირეა, შემდგომშიც გააგრძელებს სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას საქართველოს

შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, განაცხადა პარასკევს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში მყოფმა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჰილმი ოსქოქმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის დროს გენერალმა ოსქოქმა და დავით თევზაძემ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის შემდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველომ და თურქეთმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პოსტკონფლიქტური ერაყის აღორძინებაში.

თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელი 1997 წელს მოეწერა, ხოლო უკვე მეორე წელს თურქეთმა 5 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის, გენერალ-მაიორ თემურ ლორიას თქმით, 1998 წლიდან მოყოლებული, თურქეთის მიერ გაწეული უნაცვალგებო სამხედრო-ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 25 მილიონ დოლარს შეადგენს.

[თემურ ლორიას ხმა] "მე, მაგალითად, პირველ პლანზე დავაყენებდი განათლების სფეროში პროგრამის განხორციელებას, რომელიც სამხედრო აკადემიაში ბაზაზე ხორციელდება; მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციას და მე-11 ბრიგადის მატერიალურ-ტექნიკური, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საშუალებებით დაკომპლექტებას. და, რაც მთავარია, კოჯრის სასწავლო ცენტრის პროგრამის განხორციელებას და გაგრძელებას."[სტილი დაცულია]

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰილმი ოსქოქმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს თბილისში განაცხადა, რომ თურქეთი მომავალშიც აქტიურად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში. გაგრძელდება კოჯრის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სპეცდანიშნულების ძალების ბრიგადის ფორმირება, რომელიც ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის პარალელურად დაიწყო. გენერალ ოსქოქის თქმით, საქართველო და თურქეთი ასევე ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ ტერორიზმის საფრთხეს, იზრუნონ რეგიონის უსაფრთხოებაზე და მონაწილეობა მიიღონ ერაყის სტაბილიზაციის საქმეში.

[ჰილმი ოსქოქის ხმა] "ერაყის ომი, სამხედრო თვალსაზრისით, დამთავრდა, მაგრამ ამ ქვეყანამ მიიღო დიდი ზარალი. ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს დაცული ერაყის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. და რაკი საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აიღო ინიციატივა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მოაგვაროს ვითარება ერაყში, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში საქართველომ და თურქეთმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ შემდგომში განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ რა ფორმით მოხდეს ეს მონაწილეობა."

საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ერაყის აღორძინებაში, ეკონომიკურის გარდა, მოკავშირეებს, შესაძლოა, საქართველოს სამხედრო-საინჟინრო პოტენციალის გამოყენებაც დასჭირდეთ. როგორც ცნობილია, ამერიკის მხარესთან კონკრეტული საკითხების შესათანხმებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გიორგი გიორგობიანი უკვე ჩავიდა ფლორიდაში. კულუარული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ ერთ თვეში საქართველოს ერაყში განლაგებულ გაერთიანებულ შტაბშიც ეყოლება სამხედრო წარმომადგენელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG