Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გათავისუფლდეს ერაყი ბაათის პარტიის მემკვიდრეობისაგან?


ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მოექცა. შესაბამისად, საყოველთაო ინტერესს იწვევს განცხადება,

რომელიც ერაყის პოლიტიკური მომავლის შესახებ გამართულ პირველ წარმომადგენლობით თავყრილობაზე - სამშაბათს ნასირიაში ოპოზიციური დაჯგუფებების წევრთა შევხედრაზე მიიღეს. განცხადებაში ისინი ერთხმად გამოდიან მოწოდებით ფედერაციული, დემოკრატიული ერაყის შექმნისა და ათწლეულების მანძილზე ქვეყნის მმართველი ბაათის პარტიის დაშლისაკენ. დღეს ამ შეხვედრას გამოვეხმაურებით, ოღონდ ყურადღებას გავამახვილებთ ბაათისადმი დამოკიდებულებაზე. როგორც ჩვენმა კოლეგამ, ჟან კრისტოფ პეკმა შეიტყო, სადამ ჰუსეინის რეჟიმის სიმბოლოდ ქცეული პარტიის განადგურებას ერაყში, მართალია, ყველა ოპოზიციური დაჯგუფება ემხრობა, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.

არა მარტო ერაყელი ოპოზიციონერები - უცხოელი ექსპერტებიც სხვადასხვა აზრს გამოთქვამენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ერაყის საზოგადოება ბაათისაგან: მისი წევრებისაგან, თუ იდეოლოგიისაგან. ვიდრე ამ მოსაზრებებს გაგაცნობდეთ, მოკლედ მოგითხრობთ ბაათის პარტიის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ.
ბაათი არაბულად "აღორძინებას" ნიშნავს, ბაათის პარტიის სრული სახელწოდება კი ასე ჟღერს: "ბაათის არაბული სოციალისტური პარტია". ის გასული საუკუნის 40-ან წლებში სირიაში დაარსდა და მიზნად ისახავდა არაბული სახელმწიფოების აღორძინებას. ბაათის იდეოლოგიამ (ნეომარქსიზმის, ნაციონალიზმისა და პანარაბიზმის ერთგვარმა ნარევმა) მთელს არაბულ სამყაროში ფართო მხარდაჭერის მოპოვება დაიწყო 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ, თუმცა, სირიისა და ერაყის გარდა, არსად გამხდარა ქვეყნის მმართველი პარტია. 1979 წელს ერაყში ხელისუფლების სათავეში სადამ ჰუსეინის ჩადგომის შემდეგ, ის უკვე ტერორის ინსტრუმენტად გადაიქცა.

[ჩარლზ ფოსტერის ხმა] "ვფიქრობ, ბაათის პარტია საშინელ გავლენას ახდენდა ერაყის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე და მისი მემკვიდრეობის მოსპობა უბრალოდ აუცილებელია", ამბობს ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია "ინდიქტის" წარმომადგენელი ჩარლზ ფორესტი. ის და მისი კოლეგები 1996 წლიდან მოითხოვენ ერაყისათვის ისეთივე საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებას, როგორიც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში სამხედრო დანაშაულების ჩამდენთა გასასამართლებლად მოქმედებს.

ადამიანის უფლებათა დამცველ ცნობილ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩში" კი ფიქრობენ, რომ ერაყელებმა თავად უნდა გადაწყიტონ, არის თუ არა საჭირო ბაათისაგან გათავისუფლება. აი, რას ამბობს "ჰიუმან რაითს უოჩის" პრესმდივანი ურმი შაჰი: [შაჰის ხმა] "ის, რაც საჭიროდ მიგვაჩნია, არის ერაყის ხელმძღვანელობის იმ წარმომადგენლების გასამართლება, რომელთა ხელიც ერია ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაში. რაც შეეხება ახალი მთავრობის შექმნას, ეს ერაყელმა ხელხმა უნდა გადაწყვიტოს. თუ აირჩევენ კანდიდატებს, რომლებიც ადრე ბაათის პარტიის წევრები იყვნენ - მათი ნებაა".

ერაყელი ემიგრანტი ჰაბიბ იშოვი, რომელიც საფრანგეთის კვლევით ეროვნულ ცენტრში მუშაობს, ასევე აუცილებლად მიიჩნევს პარტიის ლიდერების შეპყრობას და გასამართლებას. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს: [იშოვის ხმა] "პარტიის რიგით წევრებზე და ადამიანებზე, ვინც მხოლოდ იმის გამო იყო პარტიაში შესული, რომ სახელმწიფო უწყებაში ემუშავა, თვალი უნდა დავხუჭოთ. ვერ გაასამართლებ ყველა ერაყელს, ვინც სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში მუშაობდა. საჭიროა ზომიერი გადაწყვეტილების მიღება, იმის გათვალისწინება, რომ რეჟიმის პირობებში ვერავინ იმუშავებდა სახელმწიფო უწყებასა და სახელმწიფო საწარმოში პარტიაში შესვლის ან, სულ ცოტა, პარტიის მხარდაჭერის გარეშე".

მაგრამ ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ერაყელი ოპოზიციონერი აჰმად ჩალაბი - აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი "ერაყის ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე, უფრო რადიკალურ ზომებს ემხრობა. ჩალაბის რწმენით, ერაყი დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, თუ ბოლო არ მოეღო ბაათის პარტიის გავლენას პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე.
XS
SM
MD
LG