Accessibility links

logo-print

ჩეჩენ ლტოლვილთა შიმშილობის აქცია, მესამე ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით


ორდღიანი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, 18 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩეჩნეთიდან დევნილმა 17 ადამიანმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მოშიმშილეების ძირითადი მოთხოვნა

პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გადაყვანაა. მაშინ, როცა დევნილთა ამ მოთხოვნის შესრულება აღემატება როგორც ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას, გაურკვეველია, რას ემსახურება პროტესტის უკიდურესი ფორმით მიმდინარე აქცია. თავის მხრივ, ჩეჩნეთიდან დევნილები მესამე ქვეყანაში წასვლის სურვილს საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობითა და ჰუმანიტარული ტვირთების სისტემატური დაგვიანებით ხსნიან.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან დევნილები, საქართველოდან მესამე ქვეყანაში გასვლის მოთხოვნით, პირველად გასული წლის შემოდგომაზე გააქტიურდნენ. მათი მოთხოვნის ადრესატები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის საელჩოს დიპლომატიური კორპუსები. შემოდგომიდან დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული კონტურები არ გამოკვეთილა, თუ არ ჩავთვლით იტალიას, რომელმაც ჰუმანიტარულ დახმარებაზე თანხმობა განაცხადა და, ნაწილობრივ, განახორციელა კიდეც. დღევანდელი ვითარებით ცხადი ხდება, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში დევნილი 4 ათასზე მეტი ადამიანის კომპაქტურად რომელიმე ქვეყანაში გაყვანა შეუძლებელია, ინდივიდუალურ გასვლას კი თეორიულად არაფერი უდგას წინ.
[ხიზრი ალდამოვის ხმა] "ერთ-ერთი განცხადება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის იყო, რომ საქართველოდან ლტოლვილების - რამდენიმე ოჯახზეა ლაპარაკი - მისაღებად ამერიკა და კანადა შეიძლება იყოს თანახმა. ასეთი რამ იყო, მაგრამ ოფიციალურად - მე გაეროს შევხვდი, ყველას შევხვდი - არც ერთი ქაღალდი, არც ერთი საბუთი არ უდევთ, სადაც წერია, რომ რომელიმე ქვეყანა მზადაა მიიღოს საქართველოდან ლტოლვილები - ჩეჩნები. არ არის ასეთი ქაღალდი, საერთოდ , არ არსებობს ასეთი დოკუმენტი."[სტილი დაცულია]

საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის არაოფიციალური წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელენე თევდორაძის მოსაზრებები პრაქტიკულად იდენტურია აქციისა და მისი ორგანიზატორების მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ შეუსაბამოა როგორც აქციის მოთხოვნა და პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ისე აქციის მიმდინარეობის ფორმა და ადგილი.

[ხიზრი ალდამოვის ხმა] "საქართველოზე კი არ უნდა იყოს, მაგათ მთელ მსოფლიოს უნდა მოსდონ, რომ რუსებმა ჩაყარეს ამ დღეში და რუსეთს მოსთხოვონ ეს ყველაფერი. არც ერთი წერილი არც პუტინზე იწერება, არც იმათზე, არავისზე, და გადაყვნენ ამ საქართველოს."

[ელენე თევდორაძის ხმა]"ჩემის აზრით, თუ უნდოდათ შიმშილობა, დამჯდარიყვნენ იმ საელჩოების წინაშე, ვისგანაც ისინი ითხოვენ დახმარებას. ამიტომ ჩემთვის ეს გაუგებარია, თუმცა მათი მდგომარეობა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მართლა ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ საკმაოდ შემცირდა დახმარება."[სტილი დაცულია]

პანკისის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც დევნილთა უმცირესობა თანაუგრძნობს, ხელმძღვანელობს ეგრეთ წოდებული "ახალი კომიტეტი", რომელსაც ვინმე იდრიზ ალხანაშვილი უდგას სათავეში. აქცია პროვოკაციაა და მას დესტაბილიზაცია და დევნილების ჩეჩნეთში დაბრუნების დაჩქარება უდევს საფუძვლად, - მიიჩნევს დევნილთა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ასლანბექ აბდურზაკოვი, რომელიც ავადმყოფობის გამო ამჟამად ხეობაში არ იმყოფება. "აქციის დაშლა საშიშროების თავიდან აცილების ერთადერთი პირობაა", - ამბობს ბატონი აბდურზაკოვი.
XS
SM
MD
LG