Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

483-ე გამოშვება.


483-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 483-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რა უშლის ხელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას; მესამე სექტორი და საარჩევნო პროცესი - ასეთია მეათე სტუდიის ერთ-ერთი თემა; რა საფრთხეს ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე მიმობნეული დაუცველი ფეთქებადი მასალები - ამ საკითხზე ჩვენი სამხედრო ექსპერტი გესაუბრებათ; მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი არტისტი, მოცეკვავე რომან ნოვაკი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაბრუნდა თავისი ჩეხი წინაპრების სამშობლოში. გადაცემას დავასრულებთ 175 წლის წინათ გარდაცვლილ დიდ ესპანელ მხატვარზე, ფრანსისკო გოიაზე საუბრით.

პრაღაში პროგრამას ბიძინა რამიშვილი უძღვება.


რა უშლის ხელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას

ბიძინა რამიშვილი:
ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ბოლო 10 დღის მანძილზე მოვლენები საკმაოდ სწრაფად იცვლება. კვირის ბოლოს არსებული ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა დააფუძნეს ეროვნული თანხმობის ფორუმი, რომლის დამფუძნებელ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში ჩავიდნენ ის აფხაზები, ვინც არძინბას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აფხაზეთი დატოვეს და მოსკოვში გადავიდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. შეუწყობს თუ არა სოხუმში განვითრებული მოვლენები ხელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას - თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
თუ აქამდე სოხუმში განვითარებული მოვლენები მაინც კლანებს შორის ბრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სოხუმში არძინბას პოლიტიკური ოპონენტების - ალექსანდრე ანქვაბის, ტარას შამბასა და ზურაბ ლაბახუას დაბრუნების შემდეგ ნათელი ხდება, რომ ცვლილებები აფხაზეთში შეიძლება აღმოჩნდეს გაცილებით სერიოზული, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლებაა.

სამწუხარო მხოლოდ ის გახლავთ, რომ კონფლიქტის მეათე წლისთავზე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ჯერაც არა აქვთ გაცნობიერებული, თუ როგორ აპირებენ ამ კონფლიქტის მოგვარებას. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრების სტაჟიანი მონაწილეა, ამბობს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " ეს შეხვედრები არ არის დიალოგი. ან ქართველები ცდილობენ დაარწმუნონ აფხაზები, რომ არავითარი შანსი დამოუკიდებლობისა არა აქვთ და ადრე თუ გვიან მოხოხდებიან ჩვენთან, ან აფხაზებს უნდათ ქართველებს დაუმტკიცონ და აუხსნან, რომ უნდა დაივიწყონ აფხაზეთი, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, თვითონ მართავენ ყველაფერს და ბედნიერები არიან ამითი. ეს არის ერთადერთი ლაიტმოტივი, როცა ერთმანეთს ხვდებიან ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები. არც ერთ და არც მეორე მხარეს არა აქვს გათავისებული ის, რომ ქართველების გარეშე აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყდება აფხაზებისთვის და აფხაზების გარეშე აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყდება ქართველებისთვის."

პაატა ზაქარეიშვილი შენიშნავს, რომ აქამდე ქართულმა მხარემ ვერ შეიმუშავა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა და სტრატეგია. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი ხშირად საზოგადოებას კიდევ უფრო აბნევს:

[ პაატა ზაქარეიშვილის ხმა] არსებობს უამრავი სტრუქტურა - პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძის სახით, ცალკე არის სამინისტრო, ცალკე - ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება. ესენი, ერთმანეთთან ქიშპობის გარდა, არაფერს აკეთებენ. სულ ერთმანეთის ჭამაში არიან. რომელიმე სტრატეგიაში ჯდება ეს ყველაფერი?"

როგორც ამ კვირაში გახდა ცნობილი, პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით, ეროვნული უშიშროების საბჭომ მოამზადა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია. არადა, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ამ კონფლიქტის მოგვარების გაყინულ პროცესს ადგილიდან დაძრავს. სხვათა შორის, პაატა ზაქარეიშვილის შენიშვნით:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " აშკარად, აფხაზეთში იგრძნობა ეიფორიის გაქრობა, აღარ არიან აღტაცებულები... ის ფაქტიც, რომ ახლა მეომრები გამოვიდნენ და არძინბას დაუპირისპირდნენ, არ არის შემთხვევითი. მეომრებს ყელში ამოუვიდათ, რომ ამდენ ხანს არაფერი არ წყდება....აშკარად, დაიწყო კრიზისი - ვიეტნამური სინდრომი, ანუ ჩნდება კითხვა: რისთვის ვიბრძოდით, რა მოგვიტანა ასეთმა სისხლისღვრამ, ასეთმა მსხვერპლმა. აი, ამ ფონზე, როცა აფხაზები მიხვდნენ, რომ ომით მოპოვებული რაღაც არ არის გამარჯვება და არ არის წარმატება და არაფერი ამის უკან არ დგას, ეს მათ სასოწარკვეთაში აგდებს. ამ დროს საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება თქვას: რაღაც შეცდომა დავუშვით. მოდით, გამოვასწოროთ, ხელახლა დავიწყოთ ყველაფერი."

მისივე ვარაუდით, სოხუმში არძინბას პოლიტიკური ოპოზიციის ჩასვლა იმის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, რომ რუსეთი აჩქარებს არძინბას ხელისუფლებიდან წასვლის პროცესს და მის ადგილზე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების მიყვანას ცდილობს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


მესამე სექტორი და საარჩევნო პროცესი

საპარლამენტო არჩევნების მოახლოება სულ უფრო ღრმა კვალს ატყობს პოლიტიკურ პროცესს საქართველოში. შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უკვე საარჩევნო კონიუნქტურის გათვალისწინებით მიმდინარეობს. არადა, არჩევნებამდე მეტი დრო იყო დარჩენილი, როცა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მოუწოდებდა პოლიტიკურ კლასს, დაეწყო მზადება საარჩევნო პროცესისათვის და საამისოდ კონკრეტულ ქმედებათა ჩამონათვალს სთავაზობდა. დღეს არასამთავრობო სექტორი აღარ აქტიურობს. თუ რატომ - ამის გარკვევას დავით პაიჭაძე შეეცადა. ის ესაუბრა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, კახა ლომაიას.

არასამთვარობო ორგანიზაციათა ნაწილს საქართველოში აღნუსხული, შესწავლილი და გააზრებული აქვს იმ დარღვევათა უმეტესობა, რომლებიც აუცილებლად ახლავს ქვეყანაში ჩატარებულ ყველა არჩევნებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა შეიმუშავეს წინადადებები, რომელთა განხორციელება, მათი აზრით, საარჩევნო სიმახინჯეთა დაძლევა-აღმოფხვრას გულისხმობს. შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლები საზოგადოებასა და პოლიტიკურ კლასს რამდენიმე თვის მანძილზე აცნობდნენ თავიანთ შეფასებებსა და წინადადებებს. დღეს, როცა პოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ და მათ ქცევას დიდწილად არჩევნებისთვის მზადება წარმართავს, მესამე სექტორის ხმა, პრაქტიკულად, აღარ ისმის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა ვერაფერი შეასმინეს იმას, ვინც გადაწყვეტილებას იღებს? მე ვთხოვე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, კახა ლომაიას, მოკლედ შეეფასებინა ხელისუფლებასთან მესამე სექტორის ურთიერთქმედება საარჩევნო პრობლემების მოსაგვარებლად. [ლომაიას ხმა]: "შეიძლება ითქვას, ყველა ძირითადი დებულება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს მთავრობას (ეს იყო დიალოგი სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ე,წ, ცაცანაშვილის კომისიის ფარგლებში), უგულებელჰყვეს. პირველი ფუნდამენტური მოთხოვნა, პრაქტიკულად, პირობა ჩვენი თანამშრომლობისა იყო საერთაშორისო ორგანიზაციის ტენდერით შერჩევა და ცამოყვანა, რომელიც აქ ორგანიზებას გაუწევდა ამომრჩეველთა ახალი სიების შედგენას. ეს მთავარი მოთხოვნა უგულებელჰყვეს. პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ეს დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს.".

კახა ლომაიას აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ნდობა შეუძლებელია. სიები, რომლითაც ბოლო არჩევნები ჩატარდა, 30-40%-ით იყო გაბერილი - ამას არაერთი დამოუკიდებელი გამოკვლევა ადასტურებს. დღეს მთავრობასთან დიალოგი აქტუალური აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ ბირთვისათვის, რომელიც ცდილობდა, პოლიტიკოსებისათვიის გაეზიარებინა წინადადებები საარჩევნო პროცესის სრულყოფიასათვის. სხვათა შორის, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მისაღებად მიაჩნდათ მესამე სექტორის იდეები, მათ შორის, აზრი, დაკომპლექტებულიყო ცენტრალური საარჩევნო კომისია არაპარტიული პროფესიული ნიშნით. ეს კარგია, მაგრამ არარეალურია - ამბობდნენ პოლიტიკოსები და ბევრიც გააკეთეს საიმისოდ, რომ იდეა მართლაც არარეალურად ექციათ. კახა ლომაიაც ფიქრობს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მართლაც შეუძლებელია ასეთი კომისიის ჩამოყალიბება. [ლომაიას ხმა]: "მაგრამ ამ ვითარებაშიც ჩვენ ვხედავთ შანსს, ამაღლდეს სიების სანდოობის ხარისხი. საამისოდ აუცილებელია, პრეზიდენტის ბრძანებულებაში სიების წარმოდგენის მითითებული ვადა - 1 ივნისი დაცული იქნას. როგორც უნდა იყოს ეს სიები გაყალბებული, გაბერილი, არაზუსტი და ა.შ. - ეს იქნება ოფიციალური სიები და ჩვენ გვრჩება შესაძლებლობა, მოვახდინოთ მათი კომპიუტერიზაცია, გადამოწმება შეცდომების აღმოსაფხვრელად და უკვე შემდგომ შევეცდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საარჩევნო კომისიებმა სიები ამ კორექტივების გათვალისწინებით დაამტკიცონ".

შეიძლება დავუშვათ, რომ მოვლენების განვითარებამ არასამთავრობო ორგანიზაციები აიძულოს, მოუწოდონ მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტისაკენ? კახა ლომაია ამას უარყოფს და ამბობს, რომ მესამე სექტორი საარჩევნო პროცედურების დარღვევას ასეთ პასუხს შეაგებებს [ლომაიას ხმა]: "ეს იქნება ძალიან აგრესიული მონიტორინგი, მათ შორის, საარჩევნო დღის მონიტორინგი; ძალიან სერიოზული და სოლიდური მექანიზმი ხმების პარალელურად, კომპიუტერული წესით დათვლისა. პრაქტიკულად, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვექნება შესაძლებლობა, რეალური შედეგები ძალიან სწრაფად, უბნებში დათვლისთანავე გამოვაცხადოთ. ჩვენ ვფლობთ სპეციალურ ტექნოლოგიას, რომელზედაც ახლა საუბარი არ მსურს. მთავარია, რომ არჩევნების რეალურ შედეგებს საზოგადოება, არსებითად, მყისიერად გაიგებს.".

ცხადია, ამ შედეგებს ოფიციალური ძალა არ ექნება, მაგრამ, კახა ლომაის ვარაუდით, ისინი სერიოზულად დააბრკოლებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ ის შედეგთა დაჯამებისას გაყალებებული სიების გარდა, გაყალბებული ბიულეტენებით ოპერირებას მოისურვებს. ესაა ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის უკიდურესი ზომა - თქვა კახა ლომაიამ საუბრის დასასრულს.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


რატომ ყრია ათასობით ჭურვი ღია ცის ქვეშ?

საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა არმიის ყოფილ საწყობებში მიმობნეული ფეთქებადი მასალის დაცვას წლების განმავლობაში ვერ ახერხებს. 13 აპრილს აფხაზეთიდან დევნილებმა, ბაღდათის ნაწილიდან ფრთოსანი რაკეტის მოპარვით კინაღამ მასობრივი კატასტროფა გამოიწვიეს. 15 აპრილს კი ვაზიანის ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარის ჭურვზე "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ჯარისკაცი აფეთქდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობის გამოუსადეგარი მართვადი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები ქვეყანას ეკოლოგიურ საფრთხეს უქადის, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება უძლურია საკუთარი ძალებით გადაჭრას ეს პრობლემა.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საბრძოლო მასალების რამდენიმე მსხვილი სამხედრო საწყობი, სადაც, სხვადასხვა მონაცემებით, ათეული ათასობით ნაღმი, საარტილერიო ჭურვი და მართვადი რაკეტა ინახება.

ბუნებრივია, როგორც სამხედრო ქონების უმრავლესობა, ეს საბრძოლო მასალაც საქართველოში საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ დარჩა და, წესით, ალბათ, ქართველ სამხედროებს მადლობა უნდა გადაეხადათ ამ მემკვიდრეობისთვის რუსი კოლეგებისთვის, რომ არა ერთი გარემოება: საავიაციო და საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების დაახლოებით 70 პროცენტი მოძველებულია და უვარგისი ხმარებისათვის. საქართველოს კი არც მათი უტილიზება შეუძლია, არც დაშლა და ჯართად გაყიდვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც დაცვა.

სამხედრო ობიექტებზე, სადაც საბრძოლო მასალები ინახება, დაუბრკოლებლად შეუძლიათ შეღწევა სამოქალაქო პირებს, რომლებიც ჭურვებს თვითნებურად შლიან დენთისა და ძვირფასი მეტალის მოსაპოვებლად.

რაკეტების ასეთი გამოშიგნვის მცდელობა, რაშიც აფხაზეთიდან ორი ლტოლვილი და ორი პოლიციის მუშაკი ღებულობდა მონაწილეობას, რამდენიმე დღის წინ კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. 13 აპრილს სპეციალური ხელსაწყოებით შეიარაღებულმა ჯგუფმა ვარციხესთან განლაგებული საავიაციო ნაწილის ტერიტორიაზე დაშალა ფრთოსანი რაკეტა, რომელიც, 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებით, განადგურებას ექვემდებარება და რომლის აფეთქება, სპეციალისტთა შეფასებით, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა გარემომცველ ბუნებას.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ვალერი ნაყოფიას თქმით, აღნიშნული სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე უამრავი საავიაციო ჭურვი და რაკეტა ინახება, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობამ 1995 წლის შემდეგ ვერ შეძლო მათი გაუვნებელყოფა. მიზეზად კი, პირველ ყოვლისა, შესაბამისი თანხების უქონლობა სახელდება. თუმცა, ნაყოფიას თქმით, გადაკეთების შემთხვევაში, საბრძოლო მასალების მეორადი დანიშნულებით გამოყენებაც შეიძლება.

[ვალერი ნაყოფიას ხმა] "არა, ზოგიერთი უნდა განადგურდეს, საერთოდ, ზოგიერთის კი უნდა მოხდეს გადახარისხება და, როგორც იტყვიან, გადაკეთება. აი, მაგალითად, ზოგიერთი არის ისეთი, რომელსაც არ უვარგა "გალოვკა". ეს "გალოვკა" შეიცვალოს ახლით და ა.შ. ბევრი სხვადასხვა მომენტებია. პერსპექტივა ყველაფერს აქვს." [სტილი დაცულია]


ეს პერსპექტივა საქართველოსთვის ორი თვის წინ გახდა ცხადი.

ეუთოს მისიამ გამოყო დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, რომლის ათვისება ეტაპობრივად მოხდება ქართველი სპეციალისტების მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი საბრძოლო მასალების უტილიზაციას მოხმარდება. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, "დელტას", გენერალური დირექტორის გივი ლეკიშვილის თქმით, ქართველმა სპეციალისტებმა უკვე აღნუსხეს ყველა ის საცავი და ტერიტორია, საიდანაც სატრანსპორტო საშუალებებით სპეციალურად შერჩეულ ადგილზე, - სავარაუდოდ, დედოფლისწყაროში - მოხდება გასაუვნებელყოფელი ჭურვების ევაკუაცია.

[გივი ლეკიშვილის ხმა] "ჯერჯერობით ბაზა არ არის. რემონტში მიდის ეს ბაზა. ალბათ, მაისის ბოლოსთვის დამთავრდება შენობა, თავისი ტექნოლოგიური გაწყობის, შენახვის და ყველაფერი. და მანამდე ჩვენ მაინც ვშლით და ვინახავთ. ეს ასე აფეთქებელ ნივთიერებებს ცალკე, ვაფეთქებთ ამ ამფეთქებლებს. დანადგარი დავამონტაჟეთ. ახლა სხვებს ვაკეთებთ და თანდათანობით დავიწყებთ."[სტილი დაცულია]

გივი ლეკიშვილის თქმით, პირველი ეტაპის სამუშაოებზე გათვალისწინებულია 100 ათასი ლარი. საერთოდ კი, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გამოუყენებელი ნაღმების, ჭურვებისა და რაკეტების განადგურებას 5 მილიონი ლარი ესაჭიროება. მიუხედავდ იმისა, რომ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ლეკიშვილი იმედოვნებს, რომ ეუთო ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია გაზრდის გრანტის მოცულობას. მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, საბრძოლო მასალის გადამუშავება გარკვეულ მოგებასაც უკავშირდება.

[გივი ლეკიშვილის ხმა] " მაგალითად, მფეთქი მასალები მათი გადამუშავების შემდეგ გვრჩება პირველ ეტაპზე 200 ტონა. ახლა ჩვენ ვამუშავებთ ტექნოლოგიას, სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად, რომ შემდგომში ეს გამოვიყენოთ, როგორც მეორადი მასალა და მრეწველობის დარგებს მოვახმაროთ.[სტილი დაცულია]

მაგრამ, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევევაშიც კი, უტილიზების პროგრამის დასრულებას საკმაო დრო დასჭირდება. ასე რომ, სანამ რუსეთის არმიის მიერ დატოვებული "სახიფათო მემკვიდრეობა" ქართული ეკონომიკისა და მრეწველობის სამსახურში ჩადგებოდეს, გამოსავალი ერთია - გაძლიერდეს სამხედრო ობიექტების დაცვა და მოსახლეობას ხშირ-ხშირად განემარტოს, რომ ნაღმები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.



ინტერვიუ რომან ნოვაკთან

ბიძინა რამიშვილი:
დღეს "მეათე სტუდიაში" ერთობ უჩვეულო სტუმარი გვყავს. იგი წარმოშობით ჩეხია, მაგრამ საქართველოშია დაბადებული. მისი წინაპარი გასული საუკუნის დამდეგს ჩასულა საქართველოში და იქ დამკვიდრებულა. მისი შვილიშვილი კი, მოცეკვავე რომან ნოვაკი - სწორედ ის არის ჩვენი დღევანდელი პროგრამის გმირი - ათწლეულების მანძილზე იცავდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეასტრის ღირსებას. რამდენიმე წლის წინათ ნოვაკების ოჯახი წინაპრების სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ბატონი რომანი ჩვენი თანაქალაქელი, პრაღელია.

იხ. აუდიოვერსია.


ფრანსისკო გოიას გარდაცვალების 175 წლისთავი

ბიძინა:
ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებში ხშირად მოიხსენიებენ დიდ ესპანელ მხატვარს, ფრანსისკო გოიას - არა მარტო იმის გამო, რომ მადრიდში, სან ანტონიო დე ლა ფლორიდის ეკლესიაში მისი საუცხოო ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს. ექსპერტებისა და თუ ხელოვნების მოყვარულების ბჭობის საგანია ორი ნახატის აღმოჩენა მადრიდში: ისინი, როგორც ვარაუდობენ, ფრანსისკო გოიას მიერ არის შექმნილი. თუმცა, გოიაზე, როგორც მას უწოდებენ, "თანამედროვე ხელოვნების მამაზე" საუბარს კიდევ ერთი მიზეზი აქვს: 16 აპრილს 175 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ამ თარიღს მარიამ ჭიაურელი გამოეხმაურება.

მარიამ ჭიაურელი:
ზეთში შესრულებული ორივე ნახატი, რომელიც ბიძინა რამიშვილმა ახსენა - "წმინდა ოჯახი" და "ტობი და ანგელოზი" - სავარაუდოდ, 1787 წელს არის შექმნილი და ორ საუკუნეზე მეტხანს არ გასულა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე. ტილოები შემთხვევით აღმოაჩინეს კერძო ბინაში, სადაც, მის ბინადართა რწმენით, იაფფასიანი სურათები, შესასვლელისა და საძინებელი ოთახის კედლებს ამშვენებდა. ამასობაში ნახატები უკვე რამდენიმე ექსპერტმა შეაფასა ისე, რომ არც ერთს არ გამოუთქვამს გოიას ავტორობაში დაეჭვება. მათ შორის არიან მადრიდის წამყვანი მუზეუმის, "პრადოს" ექსპერტებიც, რომელთა სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს: "პრადო" ხომ ფრანსისკო გოიას ნამუშევრების მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მფლობელია.

ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტესი 1786 წლის 30 მარტს ჩრდილოეთ ესპანეთში, სარაგოსის მახლობლად დაიბადა და თავისი შემოქმედებით ათწლეულებით, ზოგის შეფასებით, საუკუნეებით გაუსწრო ეპოქას, რომელში ცხოვრებაც მას განგებამ არგუნა. ესპანელი მხატვრის მიერ ბუნების, სივრცის, სინათლის, ადამიანის სხეულის ასახვა რევოლუციურად იყო და არის მიჩნეული. "მან კარი გაუღო მთელ რიგ მიმდინარეობებს, რომლებიც გაცილებით უფრო გვიან უნდა განვითარებულიყო: ესენია იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სურეალიზმიცო", ამბობს ესპანელი ხელოვნებათმცოდნე არტურო ანსინი. რაც შეეხება თვით გოიასთვის უმნიშვნელოვანეს წინამორბედებს, დიდი მხატვარი ველასკესს, რემბრანტს და... ბუნებას ასახელებდა.

ხელოვნების ისტორიაში ფრანსისკო გოიას გამორჩეულ ადგილს მისი თანამედროვეობისადმი ინტერესი, ეპოქის კრიტიკული ასახვაც განსაზღვრავს. ის მიჩნეულია პოლიტიკურ მხატვრად, რომელიც მონარქებისა და ეკლესიის დანაშაულებს, ომსა და სიღატაკეს ამხელდა. რად ღირს თუნდაც კარლოს IV-ის ოჯახის პორტრეტი, რომელზეც მეფისა და მისი მეუღლის ლამის კარიკატურებს ვხედავთ. გვირგვინოსანთა რისხვა გოიას არ აშინებდა - ის, როგორც სამეფო კარის პირველი მხატვარი, მონარქის მფარველობით სარგებლობდა.

ეს ნახატი 1801 წელს შეიქმნა, როცა ფრანსისკო გოიას არაერთი ტრაგედია ჰქონდა გამოვლილი. მხატვრის 6 შვილიდან 5 - ბავშვობაშივე გარდაცვლილიყო, თვით გოია კი 1792 წელს, 46 წლის ასაკში გადატანილ მძიმე ავადმყოფობას დაეყრუებინა. ამ ტრაგედიებს 1802 წელს დაემატა ჰერცოგის ქალი ალბას სიკვდილი. ალბა, როგორც საკმაოდ გახმაურებული კინოფილმიდანაც არის ცნობილი, ფრანსისკო გოიას სატრფო იყო და მას ორი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ნახატის, შემოსილი და შიშველი "მახების" შექმნა შთააგონა.

დიდი მხატვრისთვის ასევე სამუდამო ტრავმა უნდა მიეყენებინა საზარელ სცენებს, რომელთაც ის 1808-1814 წლებში, ნაპოლეონის წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ომში შეესწრო. მაშინდელი შთაბეჭდილებები ასახულია გრავიურების ციკლში სახელწოდებით "ომის საშინელებები", რეალისტურობით თუ ექსპრესიულობით, ლამის მეტისმეტად შთამბეჭდავ, დამთრგუნველ ნამუშევრებში. "იქ ვიყავი, ექიმო, ჯოჯოხეთში - თუ ვინმემ იცის, თქვენ იცით, სად. და თავბრუ მეც მეხვეოდა. და სხვებსაც რომ თავბრუ დახვეოდა, ზუსტად ეს მინდოდაო", ამ სიტყვებს გოიას, მის შესახებ რომანში წარმოათქმევინებს ცნობილი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიჰტვანგერი.

ფრანსისკო გოია 1828 წლის 16 აპრილს, საფრანგეთში გარდაიცვალა. ამ თარიღიდან 175 წელი გვაშორებს. ომის საზარელი კადრების ნახვა კი დღესაც ძალიან იოლია: საკმარისია, ტელევიზორის ღილაკს თითი მივაჭიროთ.

[მუსიკა]


წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG