Accessibility links

logo-print

თურქეთის მხარეს სადამ ჰუსეინი აფხაზეთში ეგულება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 აპრილს საქართველოს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა განიხილა. გეგმას საფუძვლად უდევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია,

რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას გულისხმობს. გავრცელებული ცნობებით, გეგმით გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების - განსაკუთრებით კი, გაეროსა და ევროკავშირის - მონაწილეობის გააქტიურება.


19 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ქართული მხარე კვლავ არ კარგავს იმედს და კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეეცდება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ყოველ შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის მიერ მომზადებულმა გეგმამ, მთლიანობაში, მოწონება დაიმსახურა. მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების რესურსი ჯერ არ ამოწურულა, რაც შემუშავებული გეგმის რეალიზაციის წინაპირობას წარმოადგენს.
მართალია, უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსული ხმებით, ამ გეგმის განხილვამ დისკუსია გამოიწვია, მაგრამ, მთლიანობაში, ხელისუფლების მიერ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ხანგრძლივვადიანი გეგმის შემუშავება, უდავოდ, მისასალმებელ ფაქტად უნდა ჩაითვალოს. პირიქით, სწორედ ის გამოიყურება უცნაურად, რომ აქამდე ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია ამ კონფლიქტის მოგვარების ე.წ. სტრატეგიის შემუშავება, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მას, უბრალოდ, არ გააჩნია კონფლიქტის მოგვარების ერთიანი ხედვა.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, წარმოდგენილ გეგმაზე მუშაობა არანაირად არ უკავშირდება სოხუმში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა გამორიცხული არ არის, გეგმაზე მუშაობის დაწყების ერთგვარ სტიმულად ქცეულიყო პარლამენტის მხრიდან გამოთქმული სურვილი, განეხილა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა. თუ აქამდე პარლამენტარებს ასეთი გეგმის არსებობაში ეჭვი შეჰქონდათ, ახლა დოკუმენტი არსებობს და მის განხილვას, როგორც ჩანს, წინ არაფერი დაუდგება.
როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის კონფლიქტის კვლავ მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარების მცდელობას ადრინდელივით აპროტესტებს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ისევ და ისევ გაეროს მე-7 მუხლის ამოქმედებას, ანუ იძულებით მშვიდობის დამყარების ღონისძიებების გატარებას, უჭერს მხარს. სხვათა შორის, სულაც არ არის გამორიცხული აფხაზეთისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, თუ დადასტურდა 19 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თურქული გაზეთების ცნობით, სადამ ჰუსეინი ცოცხალია, ჯანმრთელადაა და აფხაზეთს აფარებს თავს. ამ ცნობას თურქული მედია თურქეთის ეროვნული უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა თავად თურქეთის სპეცსამსახურები აცხადებენ. რომ ამგვარი ინფორმაცია არავისთვის მიუწოდებიათ და არც საქმის კურსში არიან ერაყელი დიქტატორის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე. ასეთ ინფორმაციას არც საქართველოს უშიშროების სამინისტროში ფლობენ. როგორც ჩანს, უკეთ არის ინფორმირებული სოხუმის უშიშროების სამსახური, სადაც ცნობას სადამ ჰუსეინის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე თურქული მედიის ხუმრობა უწოდეს.
XS
SM
MD
LG