Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას საქართველოს პრესა ინტერესით გამოეხმაურა სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის შექმნის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს პრესა ინტერესით გამოეხმაურა სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის შექმნის ფაქტს. 15-16 აპრილის გაზეთ "ალიას" თქმით, "აბრეშუმის გზამ" პირველი ბრძოლა წააგო.

კანცელარიის ინტრიგებში ჯორბენაძე და "მოქალაქეთა კავშირი"იმარჯვებენ. ორი დღის წინ ოფიციალურად გამოცხადდა: სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკს ავთანდილ ჯორბენაძე უხელმძღვანელებს. აბრეშუმელები ამ პოსტზე ვანო ზოდელავას კანდიდატურას ლობირებდნენ. ასე რომ, სახელისუფლებო ბლოკში საარჩევნო "პარადს" საქართველოს "მოქალაქეთა კავშირი" წაიყვანს".
გაზეთი წერს:

"ხელისუფლებამ საარჩევნო შტაბი კანცელარიაში გახსნა. პრეზიდენტის გარემოცვაში დიდი ინტრიგების ხანა დასრულდა. შევარდნაძემ ზოდელავას და ჯორბენაძეს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა. მანამდე პრეზიდენტმა ყველა ფიგურას აზრის კონფიდენციალურ რეჟიმში გამოთქმის საშუალება მისცა. პროვოცირება თავად შევარდნაძემ მოახდინა. პრეზიდენტს ასეთი ლუსტრაციების მეთოდი ახასიათებს. მისი მთავარი მიზანია, ბოლომდე გაშიფროს სხვების მიზნები და პოზიციები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. საერთო ხასიათის თათბირების გარდა, შევარდნაძე ერთი-ერთზე შეხვედრებზეც არ ამბობდა უარს. სწორედ აქ, დახურულ კარს მიღმა, შევარდნაძეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიბინძურეების მოსმენა უხდება. ასეთ შეხვედრებს ჩინოვნიკები, როგორც ჩანს, ერთმანეთის ჩასაძირად, ზოგჯერ კი, დასალობირებლად გამოიყენებენ. ძირითადი დავა ორ ბანაკს - მოქკავშირელებსა და აბრეშუმელებს შორის მიმდინარეობს. სწორედ მათი ბოსები არიან დაკავებული ერთმანეთის ჩაძირვით".


15 აპრილის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, რომ "ახალი საქართველოსთვის" სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანების კანდიდატები ორ ნაწილად იყოფიან: პირველი - რომელსაც სახელისუფლებო ბლოკი სთხოვს, შეუერთდეს, მეორე - რომელიც სახელისუფლებო ბლოკს ეხვეწება, თქვენთან ვიქნებიო.
გაზეთის მიხედვით, "ბლოკის ყველა სუბიექტი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კვოტები პრობლემა არ იქნება და საერთო საქმისთვის ისინი სიტუაციას არ გაართულებენ. მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია აცხადებს: "ბლოკში სერიოზული პოლიტიკოსები და ადამიანები არიან. მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ბლოკის ერთიანობა და არა მგონია, კვოტების გამო ვინმემ პრობლემა შექმნას".
"მთავარი გაზეთი" აგრეთვე წერს:


"როგორც ამბობენ, ბლოკში დაძაბულობას ჯერჯერობით მხოლოდ ახალი, ყველასთვის უცნობი (მაგალითად, მეგზევეთა კავშირი) და არაფრის მომცემი სუბიექტების გაერთიანება ქმნის. ახალ ძალას მთავარი პრობლემები კვოტების გადანაწილებისას წამოეჭრება და მისი წარმატებაც ამ პრობლემების მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული".
"სავარაუდოდ, სიტუაციას ბლოკში მიმდინარე პროცესების შესახებ ბოლომდე გაასაიდუმლოებენ, რადგან ამით კანცელარია დაძაბულობის პოლიტიკურ მუხტს ინარჩუნებს. ბლოკის შექმნით პოლიტიკურმა ცენტრმა პარლამენტიდან კანცელარიაში გადაინაცვლა. სავარაუდოდ, ოპოზიცია შეეცდება, გააბათილოს მთავრობის პოლიტიკური უპირატესობა კვარტალის ბიუჯეტის მოსმენისას, რომელიც მთავრობის წინასაარჩევნო ფორიაქის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო".


რაც შეეხება საპარლამენტო ცხოვრებას, 17 აპრილის გაზეთი "24 საათი" მიიჩნევს, რომ "მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყნის მოქალაქეს ფანტაზია არ ეყოფა იმის წარმოსადგენად, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება. მართლაც, სად თქმულა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის საგანგებო სხდომას იწვევდეს, მისი მხარდამჭერი დეპუტატები კი ამ სხდომას ბოიკოტს უცხადებდნენ? ის, რაც წარმოუდგენელია ნორმალურ სახელმწიფოში, სავსებით ბუნებრივად გამოიყურება საქართველოში. მეტიც: იმ გარემოებას, რომ გუშინდელი რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის მიზეზით, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, ბევრი არავინ გაუოცებია, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძე აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მთავრობის სხდომაზე მრავლად მყოფ სახელისუფლებო ფრაქციათა წარმომადგენლებს და შეეკითხებოდა: "თქვენ აქ რა გინდათ? როდის აქეთ გახდით მთავრობის წევრები? განა არ იცით, რომ თქვენივე კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის საგანგებო სხდომა დავნიშნე და, წესით, ახლა მას უნდა ესწრებოდეთ?"


"ასეთი კითხვა მთავრობის სხდომაზე დამსწრე პარლამენტარებისთვის ედუარდ შევარდნაძეს არ დაუსვამს და არც დასვამდა. ვიცე-სპიკერ როსტომ ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტმა ერთი ხელით რიგგარეშე სხდომის მოწვევას რომ მოაწერა ხელი, მეორე ხელით გასცა განკარგულება, ამ სხდომის ბოიკოტირება მომხდარიყო. მისივე მტკიცებით, ორშაბათის რადიოინტერვიუში შევარდნაძის განცხადება იმის შესახებ, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს, სხდომაზე დეპუტატების არმისვლის სიგნალს წარმოადგენდა. ოპოზიციის მტკიცებით, ამჟამინდელი საპარლამენტო კრიზისი სწორედ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული და ერთ-ერთ მთავარ მიზნად სპიკერატის შეცვლას ისახავს".


გაზეთი დაინტერესდა კითხვით - "საბოლოო ჯამში, ვინ რჩება მოგებული ოპოზიციური სპიკერატის წინააღმდეგ გამოუცხადებლად დაწყებულ ომში?"
"24 საათის" თქმით:


"როდესაც ელექტორატი უყურებს, უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები როგორ უკეთებენ იგნორირებას სხდომას, რომელზეც ნავარაუდევია საარჩევნო კოდექსის დახვეწა, არ აინტერესებთ სოციალური პრობლემატიკა, გაურბიან (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) დისკუსიას ეკონომიკურ თემებზე, ამ დეპუტატებმა რამდენიმე თვის შემდეგ რა ნამუსით უნდა უთხრან ამომრჩევლებს, პარლამენტში თქვენი და მთელი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიღვწით და კვლავაც დაგვიჭირეთ მხარიო? არადა, ხომ არც ის არის საიდუმლო, რომ ბევრ პოლიტიკურად უსახურ და უსაქმურ დეპუტატს ძალიან სწადია, რუსთაველის რვა ნომერს კიდევ ოთხი წლით შეაფაროს თავი! ჰოდა, სამომავლოდ კვლავ გადეპუტატების მსურველნიც აკეთებენ იმას, რასაც ავალებენ: არ დადიან პარლამენტში, რათა იარონ მომავალ პარლამენტში".


დაბოლოს, ურჩი გადამხდელების თემას შევეხებით. 18 აპრილის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "მთავრობის სხდომაზე 73 ურჩი გადამხდელის დასახელებამ პარლამენტართა და ბიზნესმენთა გაღიზიანება გამოიწვია. მათი განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბიზნესმენების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს. ისინი ირწმუნებიან, რომ კომპანიების ქონებისა და ანგარიშების დაყადაღებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ გაკოტრებასა და ხელში ჩაგდებას ცდილობენ".
ამავე თემას ეძღვნება 18-24 აპრილის გაზეთ "ახალი ეპოქის" წერილი, სადაც ვკითხულობთ:


"ქვეყანაში, რომელშიც 73 უმსხვილესი საწარმო (დღისით, მზისით) წლების განმავლობაში გადასახადებს არ იხდის და ბიუჯეტისადმი მათი დავალიანება 2 მილიონ ლარს უტოლდება, უხერხულია ილაპარაკო ეკონომიკის განვითარებაზე, მით უმეტეს, "რევოლუციურ" ნაბიჯებზე. როგორც ჩანს, სწორედ დღეს დადგა ის დრო, როდესაც ვიღაცას ყურადღების დროებით გადასატანად და თავისი პასუხისმგებლობის მისაჩქმალავად მათი ამოტივტივება დასჭირდა, თორემ არც 73 საწარმოა ცოტა და არც 2 მილიონი - მცირე თანხა, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია. ვერ გეტყვით, რა შეიძლება ეწოდოს სპექტაკლს, როცა ფინანსთა სამინისტროს პირველმა პირებმა უმაღლესი ხელისუფლების წინაშე "ფარდა ახადეს" ისედაც ყველასათვის ცნობილ ფაქტს და ამხილეს ბიუჯეტის წურბელები".


გაზეთის ცნობით, "მთავრობის სხდომა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა
ერთ-ერთი მინისტრის მეტად მარტივი, მაგრამ ერთობ ლოგიკური კითხვა: "კი, მაგრამ, როგორ დაუგროვდათ საწარმოებს ამხელა ვალი, არ უნდოდათ და არ იხდიდნენ, თუ რა ამბავია?"

"ბოლოს კი მთელი ეს ტრაგიკომედია სიტუაციის განსამუხტავი სიტყვებით დაგვირგვინდა: "ზოგს გადახდილი აქვს, მაგრამ იქ არ გადაიხადა, სადაც უნდა გადაეხადა". როგორც "ახალი ეპოქა" დაასკვნის, "მართლაც, რა თქმა უნდა, იქ არ გადაიხადეს, სადაც უნდა გადაეხადათ, უფრო სწორად, ზუსტად იქ გადაიხადეს, სადაც უნდა გადაეხადათ და შედეგიც აშკარაა".
XS
SM
MD
LG