Accessibility links

ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა ამჯერად, როცა ომი ერაყში შეიძლება ითქვას დასრულებულია, ვაშინგტონის დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს,

რომ მშვიდობის მიღწევა არაბეთ-ისრაელს შორის, ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დამხობაზე ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება.


თეთრი სახლის უწინდელი ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, რომელიც თეთრ სახლში ბილ კლინტონის მოღვაწეობის ბოლო წუთამდე ამაოდ ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას, ვაშინგტონი დღეს გაეროს, ევროკავშირსა და რუსეთთან ერთად ცდილობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

ამ ოთხეულმა შეიმუშავა ახალი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც "საგზაო რუქის" სახელით მოიხსენიებენ ჟურნალისტები. ეს გეგმა, ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნით, მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც პალესტინელები თავიანთ ახალ კაბინეტს დაამტკიცებენ. "საგზაო რუქაში" მოხსნიებულია ის ნაბიჯები, თვითეულმა მხარემ რომ უნდა გადადგას და რასაც, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება უნდა მოჰყვეს 2005 წელს.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა [კოლინ პაუელის ხმა]: "ეს, ძალზედ რთული პროცესი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება პროგრესის მიღწევა, თუ ორივე მხარე გაგებით მოეკიდება, ამ "საგზაო რუქის" პროცესში, მეორე მხარის ინტერესებს".

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს სამშვიდობო ინიციატივა შესაძლოა შემობრუნების წერტილი გახდეს ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ოსლოში დაწყებული სამშვიდობო პროცესი 2000 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

თუმცა, სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებამდე, სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში არაერთი დაბრკოლება გამოუჩნდება. მაგალითად კვირას, 13 აპრილს, პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა არ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად დანიშნული მაჰმუდ აბასის მიერ წარმოდგენილი რეფორმისტი მინისტრების სია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პალესტინელთა ავტონომიაში, თავად პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი უხელმძღვანელებს, და სამშვიდობო გეგმის თანახმად, სწორედ ამ სამინისტრომ უნდა მოუღოს ბოლო პალესტინელ ექსტრემისტთა თარეშს, რასაც, ისრაელის მტკიცებით, იასირ არაფატმა თავი ვერ გაართვა.

მაჰმუდ აბასი აბუ მაზენის სახელითაცაა ცნობილი და მისი დანიშვნა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრად ისრაელმა და აშშ-მა მოითხოვეს.
ოფიციალური პირები ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ აბასი თანდათანობით გარიყავს არაფატს და ახალ, ზომიერ ლიდერებს მოიყვანს პალესტინელთა ხელმძღვანელობაში.

აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, "მემკვიდრეობის ფონდის" მიმომხილველმა არიელ ქოუენმა [არიელ ქოუენის ხმა]: "იასირ არაფატისა და უფრო რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების, სახელდობრ ისლამური ჯიჰადის, ჰამასისა და სხვათა ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანებს კვლავაც სჯერათ, რომ შეიარაღებული ბრძოლა და ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა მათი საბოლოო მიზანი. და ვიდრე ეს პოზიცია არ შეიცვლება, არ მგონია სამშვიდობო პროცესი, თავად "ოთხეულის" მიერ წამოწყებული, წარმატებით დამთავრდეს".

მაგრამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დარწმუნებულია იმაში, რომ პალესტინელთა ახალი კაბინეტი მომავალ კვირაში იქნება დამტკიცებული და ამის შემდეგ ისრაელი და პალესტინელები ახალი სამშვიდობო გეგმის განხილვას შეუდგებიან.

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი სამშვიდობო გეგმის გამო და აცხადებენ, რომ პალესტინელებმა უწინარესად, უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობა, ხოლო პალესტინელთა ახალ კაბინეტს მეტი დრო უნდა მიეცეს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად.
XS
SM
MD
LG