Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მოსალოდნელი საკადრო წმენდა ფისკალურ ორგანოებში, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობდნენ შეუსრულებელი ბიუჯეტის ფონზე, გასულ კვირაში არ შედგა. მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტსა

და სახელმწიფო მინისტრს კონკრეტული პერსონალიების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ არაფერი უთქვამთ. საბაჟო სამსახურის შეფმა ალეკო ასლანიკაშვილმა, რომელიც მოსახსნელ ჩინოვნიკთა სიაში უპირველეს კანდიდატად განიხილებოდა, ჯერჯერობით თანამდებობა შეინარჩუნა და მას მხოლოდ თავის უწყებაში ლოკალური წმენდის ჩატარება დაევალა.

მთავრობამ მორიგი "საკადრო რეპრესიები", როგორც ჩანს, სამომავლოდ გადადო, სამაგიეროდ იმ საწარმოების მიმართ დაიწყო დამსჯელი ღონისძიებები, რომელთაც წლების განმავლობაში მილიონობით დავალიენება დაუგროვდათ ბიუჯეტის მიმართ.

ურჩ გადამხდელთა სია, რომელსაც პრესა "ზაუტაშვილის სიის" სახელით ნათლავს, საგადასახდო დეპარტამენტის შეფმა მთავრობის სხდომაზე გამოამზეურა. იმ 73 საწარმოს შორის, რომლებსაც დავალიენება დაუგროვდათ არიან ისეთი მონსტრებიც, როგორიცაა "აზოტი", "საქართველოს ტელეკმი", "ეი-იე-ეს თელასი", "კასტელი", "თბილგაზი", "კვარციტი", "თურქიშ ეირვეიზი" და სხვები. სულ საწარმოების დავალიენება მილიარდ 700 მილიონ ლარს შედგენს. ცნობისათვის, ეს ციფრი რამდენადმე აღემატება საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

ამ კომპანიების ნაწილში სახელმწიფო წილები არსებობს. საინტერესოა, რატომ გაახსენდათ მთავრობაში ურჩი გადამხდელები მხოლოდ ამჟამად და რატომ არ რეგირებდა იგივე საგადასახდო სამსახური მაშინ, როდესაც დავალიენება შედარებით მოკრძალებული და შესაბამისად, რეალურად ამოღებადი იყო.

სხვათაშორის, იგივე კითხვა მთავრპობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრსაც გაუჩნდა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ "ზაუტაშვილის სიის" გამოაშკარავება ირიბ კავშირში მაინც არის მოახლოებულ არჩევნებთან და ამასთან ცოტა ხნის წინ გადამხდელთა კავშირში გამართული გახმაურებული "სერობის" პასუხსაც წარმოადგენს. მართალია ამ 73 საწარმოს შორის, რომელიც მთავრობამ "რეპრესიებისათვის" გაიმეტა ნაკლებად არის გერგეთის ქუჩის შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენთა კომპანიები, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან წამოსული ე.წ. მესეჯი გამგებმა უკვე გაიგო.

ურჩ გადამხდელთა მიმართ მთავრობა მკაცრი ზომების გატარებას იწყებს, მათი ქონების და ანგარიშების დაყადაღებას კი აუქციონზე გაყიდვა და თნხების ამოღება მოჰყვება. ფინანსთა მინისყრი ვარაუდობს, რომ ამ აქციის ხარჯზე მომავალი თვის ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 40-50 მილიონ ლარს ამოიღებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი საგადასახდო სამსახურის ამ სიმკაცრეში არჩევნების წინ "მეწარმეების დაშანტაჟების" მცდელობას ხედავს. გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მისმა ოფისმა ურჩი გადამხდელების სია გამოაქვეყნა, მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება დაგროვილი საგადასახდო ვალდებულებების თაობაზე წამოჭრილ პრობლემას "მშვიდად შეხვდა".

"დასმჯელი ოპერაციის" სპონტანური გატარება გაუმართლებლად მიაჩნია ვაჭრობის, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრს, გიორგი გაჩეჩილაძესაც, რომელიც შიშობს, რომ ამ აქციით მცირედ სამრეწველო პოტენციალსაც ჩაკლავენ.

"ზაუტაშვილის სიით" არც საკანონმდებლო ხელისუფლებაა აღფრთოვანებული. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დემურ გოირხელიძე საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არგადამხდელი ორგანიზაციების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების თაობაზე "რევოლუციურს" უწოდებს.

გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე დემურ გიორხელიძემ განაცხადა, რომ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საწარმოების მიმართ, რომლებიც ვერ თუ არ იხდიან გადასახადებს, დღეს შეტევის განხორციელება ერთჯერადი მიზნით არაა გამართლებული.
"ეკონომიკაში რევოლუციური ნაბიჯების განხორციელება დამანგრეველია" - თვლის კომიტეტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება ემოციური იყო და უიმედო მდგომარეობაში არსებული საწარმოები ცივილური წესით უნდა გაიყიდოს.

თუ საგადასახდო სამსახური საწარმოებს აუქციონის წესით მაინც გაყიდის, შესაძლოა მოკლევადიანი ფისკალური ეფექტი მართლაც მივიღოთ და ერთი თვის საბიუჯეტო მაჩვენებლები ამის ხარჯზე შესრულდეს, მაგრამ ამ ღონისძიების საბოლოო ეკონომიკური ეფექტი სერიოზულ ეჭვს იწვევს.

მთავრობის გახმაურებულო სხდომის შემდეგ იმავე თემაზე გადამხდელთა კავშირშიც შეირიბნენ. მსხვილმა მეწარმეებმა მთავრობას მყარი არგუმენტები მოსთხოვეს იმ სადამსჯელო ღონისძიებებზე, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო ხელისუფლებამ.

შეკრებას ესწრება ოცამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათ შორის ისინიც, ვინც საგადასახადო დეპარტამენტმა უკვე დააყადაღა. იქვე იმყოფება თავად იასე ზაუტაშვილიც.

ამჯერად გადამხდელები შედარებით კონსტრუქციულნი იყვნენ. გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი "შავი სიის" გამოქვეყნებას მოახლოებულ არჩევნებთან არ აკავშირებს. თუმცა მეწარმეებმა აქვე შეშფოტება გამოთქვეს საურავების ხარჯზე გაზრდილი დავალიანებების გამო.

გადასახადების დამალვა, ან მისი არ გადახდა ნებისმიერ ქვეყანაში "დიდ ცოდვად" ეთვლებათ მეწარმეებს და არცერთი ნორმალური სახელმწიფო არგადამხდელის მიმართ ზედმეტ ლმობიერებას არ ამჟღავნებს, მაგრამ "ძალის დემონსტრირების" კამპანიური ხასიათი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ლოგიკა გვაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი "ფისკალური სიმკაცრე" და ფორსირებული ღონისძიებები აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.
XS
SM
MD
LG