Accessibility links

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეგახვედრებთ


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეგახვედრებთ

ახალი სტუდენტური მოძრაობის, "კმარას", ორ წევრს, გიორგი ზაქაიძესა და გიორგი კანდელაკს, რომლებიც ამ მოძრაობის რაობასა და მიზნებზე ისაუბრებენ. მანამდე კი ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ ქართველ და აფხაზ სტუდენტთა შეხვედრის შესახებ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ კიევში შედგა.

ჩვენს ერთ-ერთ ადრინდელ გადაცემაში გვქონდა საუბარი სტუდენტთა ჯგუფზე, რომელმაც ოს და აფხაზ სტუდენტებთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება დაისახა მიზნად. ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ ჯგუფის ცხინვალის რეგიონში ჩასვლისა და იქ გამართული შეხვედრების შესახებ. დღეს კიევში გამართულ შეხვედრებზე მოგითხრობთ. სოხუმის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ის და მისი მეგობრები - სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პედაგოგიური და აგრარული უნივერსიტეტებიდან და იმერეთის რეგიონის სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგიდან - კიევიდან 4 აპრილს დაბრუნდნენ. ერთი კვირის მანძილზე იქ მათ კიევში მცხოვრებ აფხაზ სტუდენტებთან ჰქონდათ შეხვედრები, რა თქმა უნდა, უკრაინელი მასპინძლების შუამავლობით. შეხვედრები უკრაინის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართა. ქართველმა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების აფხაზმა სტუდენტებმა ერთმანეთი გაიცნეს, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და, გიორგის თქმით, ერთმანეთიც დაარწმუნეს იმაში, რომ გასაყოფი არაფერი აქვთ. გიორგის მონათხრობის მიხედვით, ქართველ დ აფხაზ ახალგაზრდებს კიევში ერთმანეთთან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ და არც იმაზე უკამათიათ, მომავალში ისევ ერთად უნდა იცხოვრონ თუ არა ქართველებმა და აფხაზებმა.

[გიორგი ბოტკოველის ხმა] "ერთად როცა არიან, უნდათ დაადასტურონ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ასე შემდეგ. ცალ-ცალკე როცა გაესაუბრებით, სხვა აზრს გამოხატავენ. ცალ-ცალკე ყველა ამბობდა : "გვინდა ერთად ვიცხოვროთ ქართველებმა და აფხაზებმა, ვიცით, რომ ადრე ეს ასე იყოო." რა და როგორ იყო ადრე, ამის შესახებ მათ იციან. მაგრამ, ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ყევლაფერს პოლიტიკოსებს აბრალებენ. ჩვენ ის დაგვანახვა მათთან შეხვედრებმა, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს. არიან ახალგაზრდები, კარგი ახალგაზრდები, და მათთან ურთიერთობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. "

ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს კიევში მცხოვრებმა აფხაზმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებზე. ზოგიერთი მათგანი აფხაზეთში წლების მანძილზე არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მშობლები და ახლობლები დარჩა. ასეთები ქართველი სტუდენტების შეკითხვას "რატომ არ ჩადიან აფხაზეთში?" უპასუხებდნენ : "მომავალში ვნახოთო," ჩანს ისინი უკეთეს მომავალს ელიან. კიევში ქართველი სტუდენტები აფხაზეთიდან დევნილებს ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებოდნენ. ისინი იქ საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ მათ არავინ ეკითხება აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩადიან აფხაზეთში. ყველამ კარგად იცის, რომ მოცემულ ეტაპზე ქართველებს აფხაზეთში, საკუთარ მიწა-წყალზე, არ ჩაესვლებათ. სანამ ასეა, აფხაზეთი მარტო ქართველებისთვის არ არის დაკარგული, დამოუკიდებლობის სანაცვლოდ მიღებული იზოლაციის პირობებში ის იმ აფხაზებისთვისაც დაიკარგა, რომლებიც უკეთეს მომავალს ელიან.


გიორგი ბოტკოველი სოხუმში პირველად 2000 წელს ჩავიდა, მაშინ როცა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრა შედგა. შთაბეჭდილება, მოლოდინისამებრ, მძიმე აღმოჩნდა. ომის შეწყვეტიდან წლების გასვლის მიუხედავად, სოხუმი ისეთივე დახვდა, როგორსაც ომის და ნგრევის პერიოდში ტელეეკრანებზე ხედავდა. რა შეიცვალა მას შემდეგ, გიორგიმ არ იცის. იყო მცდელობა თბილისელი და სოხუმელი სტუდენტების შეხევდრის, სოხუმელი ახალგაზრდებისგან ინფორმაციის მიღებისა. გეგმის მიხედვით, ეს შეხვედრაც კიევში უნდა შემდგარიყო, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, სოხუმელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გადაიფიქრეს. გიორგის თქმით, მათ განუმარტავთ, რომ ამ შეხვედრის წინააღმდეგ აფხაზეთის ხელისუფლება წავიდა. ამ და სხვა რიგი პრობლემების მიუხედავად, ქართველი ახალგაზრდები მაინც იტოვებენ იმედს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა, მათ შორის ნდობა აღდგება და აფხაზეთის პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება, თუმცა, როდის მოხდება ეს, არავინ იცის.

[გიორგი ბოტკოველის ხმა] "ჩვენს საუნივერსიტეტო გაზეთში ყევლაფერი მთავრდება ერთი ფრაზით, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით. აი, გამოვუშვით ახლახან გაზეთი და კიდევ ერთხელ ვისურვეთ შემდეგი სტუდენტური დღეები ერთმანეთს აფხაზეთში მივულოცოთ. რა ვიცი, არ დაგვიდგა ეს დღე. მე არავითარი შეხება არ მქონდა აფხაზეთთან მანამდე, სანამ სოხუმის უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და მქონდა ერთი ნატვრა, იქნებ მომხდარიყო ისე, რომ პრობლემა ჩემი სტუდენტობის დროს მოგვარებულიყო და ერთი წელი, ან ერთი თვე მაინც, მესწავლა სოხუმში."

გიორგი უკვე სოხუმის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი ნატვრა ნატვრად რჩება, მაგრამ იმედისმომცემი ის არის, რომ ქართველი სტუდენტები მარტო ნატვრას არ სჯერდებიან და ცდილობენ, რაც შეუძლიათ, ის გააკეთონ აფხაზების და ქართველების დასაახლოებლად.

[გიორგი ბოტკოველის ხმა] "26 მაისს იქნება სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება. გვინდა ფინანსების მოპოვება, რომ უკრაინელი, ოსი და აფხაზი სტუდენტები ჩამოვიყვანოთ და ვანახვოთ, რას ვაკეთებთ აქ, როგორ ვცხოვრობთ. დახმარებისთვის ჯერ არავისთვის მიგვიმართავს, ჯერ ვმსჯელობთ, ვისთან შეიძლება მივიდეთ."

შეგახსენებთ, ეს არის ახალგაზრდული პროგრამა. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ზაქაიძესა და გიორგი კანდელაკთან, რომლებიც სტუდენტურ მოძრაობა "კმარას" წარმოადგენენ. სწორედ ეს ახალშექმნილი "კმარა" იყო ინიციატორი თბილისში გასულ ორშაბათს, 14 აპრილს, გამართული სტუდენტური აქციისა.
XS
SM
MD
LG