Accessibility links

logo-print

საქართველო-ნატო - ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან


ოფიციალური წრეების ინფორმაციით,

მაისის დასაწყისში საქართველოს ესტუმრება ნატოს სამხედრო ექსპერტთა დელეგაცია, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს, თუ რა გაკეთდა საქართველოს სამხედრო ძალებში ნატოს სტანდარტებზე გადასასვლელად და შესაბამის დასკვნებს ალიანსის ხელმძღვანელობას წარუდგენს. კერძოდ, აქცენტი გაკეთდება PARP-ის, ანუ ნატოს "პარტნიორობის დაგეგმარების და მიმოხილვის პროცესთან" მიერთების დროს, 1999 წელს, საქართველოს მიერ ნაკისრ 29 პარტნიორობის მიზნის შესრულების მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ PARP-ის პროცესი ნატოში გაწევრიანების უმთავრეს წინაპირობად ითვლება, ხოლო პარტნიორობის მიზნების უმრავლესობისთვის საქართველოს ჯერ კიდევ 2001 წლისთვის უნდა მიეღწია.

საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით დიდი ჩამორჩენა აქვს და, ბუნებრივია, ამ მხრივ, გამონაკლისს არც სამხედრო სფერო წარმოადგენს. შეიძლებოდა ეს აზრი სხვაგვარი რედაქციით ჩამოგვეყალიბებინა: სწორედ იმიტომ, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა სხვა სფეროებში, მათ დამოუკიდებლად ვერც სამხედროებმა გაართვეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული PARP-ის ანუ "პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესი" მხოლოდ სამხედრო ძალებისთვის იყო სავალდებულო, მისი შეუსრულებლობა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების სუსტმა ადმინისტრირებამ - პირველ ყოვლისა, ბიუჯეტის შეუსრულებლობამ, თავდაცვის სფეროს დაუფინანსებლობამ და სამხედრო უწყების მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივმა ხარჯვამ - განაპირობა. არადა, 1999 წელს, როდესაც საქართველოს სახელით PARP-ის პროცესს უერთდებოდა, დავით თევზაძე ფიქრობდა, რომ ამ ვალდებულებას მთელი ხელისუფლება ისეთივე სერიოზულობით მოეკიდებოდა, როგორც ნატოს ის ახალი წევრი ქვეყნები, რომლებმაც ამ ინიციატივას სწორედ ალიანსის გაფართოების პირველი ტალღის წინ ჩაუყარეს საფუძველი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის თქმით, პარტნიორობის ეს 29 მიზანი საქართველოს რომ შეესრულებინა, ქვეყანას გაცილებით გაუადვილდებოდა ნატოში გაწევრიანების პროცედურების გავლა.

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "PARP ჩამოყალიბდა იმისათვის, რომ ქვეყნები, რომლებმაც მაშინ განაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი (პირველი ნაკადი იყო სამი ქვეყანა), აი, ამ პარტნიორობის მიზნებით მიეყვანათ შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებამდე. ამან სადღაც გაამართლა, სადღაც - ვერა, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, ვიდრე ამ ქვეყნების მიერ მართლა ნატოს სტანდარტებამდე მიღწევა."[სტილი დაცულია]

საკუთრივ საქართველოსთვის განკუთვნილი პარტნიორობის დეკლარირებული 29 მიზანი, გულისხმობდა როგორც გარკვეული ქვედანაყოფების - მაგალითად, სამშვიდობო ბატალიონის -ჩამოყალიბებას და მათ აღჭურვას, ასევე სერიოზული სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ფუნქციების გამიჯვნას, არმიის მმართველობაში სამოქალაქო პერსონალის ინტეგრირებას, პირადი შემადგენლობის რიცხოვნების ოპტიმიზაციას და სხვ. ბუნებრივია, ეს არ იყო ისეთი ვალდებულებები, რომელთა განხორციელებაც, სურვილისა და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, გადაულახავ პრობლემად გადაიქცეოდა, თუნდაც საქართველოს მსგავსი პოტენციური შესაძლებლობის ქვეყნისთვის. მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს ხელისუფლება მიელტვის, უფრო ყოვლისმომცველია და გაცილებით რთული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.
[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არა მარტო ნატოს სტანდარტების, ვთქვათ, იარაღი ან გაწვრთნილი ოფიცრები უნდა ჰყავდეთ, არამედ ქვეყნის მენტალიტეტი და ქვეყნის სისტემა უნდა გადავიდეს დასავლეთის რელსებზე."

ღირს გავიხსენოთ, რომ თავდაპირველად სამხედრო უწყებამ ენერგიულად მიჰყო ხელი თავსებადობის ამ მიზნების რეალიზებას: კოჯრის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე დაიწყო სამშვიდობო ბატალიონის ჩამოყალიბება, გაიხსნა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ოფიცრებისთვის, სტრუქტურული რეორგანიზება შეეხო ჯარის ყველა სახეობას და მმართველობებს, მაგრამ ოთხი წლის გასვლის შემდეგაც კი თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს ზუსტი სურათი იმისა, თუ რომელი ამოცანა შესრულდა და რომელი - ვერა. არადა, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო ნატოდან კითხვარი, რომლის მიხედვითაც, მას ძალიან მალე მოუხდება ანგარიშის ჩაბარება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად. მე ვერ გეტყვით ახლა მოკლედ, თუ რა არის შესრულებული და რა - არ არის. აი, ამ ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება სურათის დახატვა, თუ რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა არ გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. მერე ბრიუსელში მაისის ბოლოს ჩატარდება უკვე ამ დოკუმენტის განხილვა, 19+1-ის ფორმატში, სადაც ოფიციალურად, ძალიან მაღალ დონეზე იქნება შეფასებული ის სიტუაცია, ის რეფორმა, რომელიც დღეს ხორციელდება არა მარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ ზოგადად ქვეყანაში, უსაფრთხოების სფეროში."

მანამდე კი, სანამ ასეთი "მაღალი შტილის" შეფასება არ არსებობს, სამხედრო უწყებაში თავს იმით იმშვიდებენ, რომ თავად ნატოს ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით დაწყებული გარდაქმნები, უპირველესად კი, ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ბატალიონები ქვეყანას აქტივში ჩაეთვლება და, როგორც სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შემთხვევაში მომხდარა ხოლმე, ნატოს "პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესის" კუთხით დაგროვილი დავალიანებაც უმტკივნეულოდ დაექვემდებარება ნანატრ რესტრუქტურიზებას.
XS
SM
MD
LG