Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დატაცებული ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშები, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგული იყოს


შუამდინარეთის ისტორიისა თუ ხელოვნების შესახებ ნებისმიერი წიგნი, ან ალბომი რომ გადაფურცლოთ, უთუოდ მოჰკრავთ თვალს ერთ გამოსახულებას: ეს არის ქვის ლარნაკი, ხელოვნების უნიკალური ნიმუში,

რომელიც დაახლოებით 5000 წლის წინ შეიქმნა. მაღალ, ვიწრო ლარნაკზე დაინახავთ შიშველი მამაკაცების პროცესიას, ხელდამშვენებულს ღვთაებისთვის მისართმევი ძღვენით. ლაპარაკია რელიეფზე, რომელიც ასეთი რიტუალის ერთ-ერთ უძველეს გამოსახულებად ითვლება.

ლარნაკი ბაღდადში, ერაყის ეროვნულ მუზეუმში იდგა. ახლა კი, საუბედუროდ, დაკარგულია: ისევე როგორც დაკარგულია კიდევ ასიათასობით არტეფაქტი, რომლებიც ბაღდადში შეერთებული შტატების ჯარების შეჭრის შემდეგ მძარცველებმა დაიტაცეს, ან გაანადგურეს.

[ჯერემი ბლეკის ხმა] "ეს არის მასალა, რომელიც ცივილიზაციის ევოლუციაში გლობალური მნიშვნელობით გამოირჩევაო", ამბობს ერაყში დატაცებული არტეფაქტების შესახებ შუამდინარეთის ხელოვნების ექსპერტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერემი ბლეკი, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა ჩვენი კოლეგა კეტლინ ნოქსი. [ჯერემი ბლეკის ხმა] "ერაყის ტერიტორია, შუამდინარეთი, ის ადგილია, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქალაქების ევოლუცია მიმდინარეობდა. ქალაქი ურუქი, სადაც ლარნაკი იქნა აღმოჩენილი, ერთ-ერთი პირველი ურბანული დასახლება იყო სამხრეთ შუამდინარეთში და, მაშასადამე, მთელს მსოფლიოში. იმხანად აღმოცენდა პირველი ქალაქები, პირველი დამწერლობა."

იმის წარმოდგენაც კი ჭირს, რა საგანძური დაიტაცეს ერაყის ქალაქებში. დაკარგულია ობიექტები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიდა ცივილიზაციის დასაწყისზე: მათ შორის თიხის ფილები ლურსმული დამწერლობის ნიმუშებით, ოქროს ქანდაკებები, კაცობრიობის ისტორიაში პირველი იურიდიული ტექსტები, შუამდინარეთის მკვიდრთა, ანუ მოსოპოტამიელთა მდიდარი მათემატიკური ცოდნის ამსახველი მასალა...

დანაკარგი იმდენად დიდია, რომ მას, მნიშვნელობით, ისტორიულ ტრაგედიებს: 16 საუკუნის წინ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვას, ან მე-13 საუკუნეში მონღოლების მიერ ბაღდადის აოხრებას ადარებენ.

მეცნიერები - ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, მათემატიკოსები, იურისტები - აღშფოთებას ვერ მალავენ: მათი რისხვა მიმართულია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებისაკენ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს საგანძურის დაცვა. "როგორ მოხდა, რომ ჯარისკაცები ერაყში ნავთობის საბადოებსა და ნავთობმრეწველობის სამინისტროს შენობას იცავენ, მაშინ როცა თითქმის არაფერი მოუმოქმედებიათ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების დატაცებისა და განადგურების წინააღმდეგ?" - აი შეკითხვა, რომელიც, ალბათ, სავსებით სამართლიანად გაისმის.

ამერიკელი სამხედროები ბრალდებას უარყოფენ. [ვინსენტ ბრუკსის ხმა] "წინასწარი ვინ იფიქრებდა, რომ ერაყელები ერაყის სიმდიდრეს დაიტაცებდნენო", თქვა რამდენიმე დღის წინ კატარში ამერიკის სარდლობის ცენტრის პრესმდივანმა ბრიგადის გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა. მაგრამ მის არგუმენტს დამაჯერებლობა აკლია - ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ომის დაწყებამდე არაერთმა მეცნიერმა გამოთქვა შეშფოთება ერაყში ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების დაზიანების საფრთხის გამო, ხოლო ზოგმა მკვლევარმა პენტაგონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე წამოჭრა დაბომბვისგან, თუ გაძარცვისაგან კონკრეტული ობიექტების დაცვის აუცილებლობის საკითხი.

რამდენად დიდია უკმაყოფილება სამეცნიერო წრეებში, ერთი მაგალითით დასტურდება: პროტესტის ნიშნად ხუთშაბათს თანამდებობებიდან გადადგა კულტურის საკითხებში აშშ-ის მთავრობის სამი მრჩეველი, რომელთაც სჯერათ, რომ ერაყში "ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო".

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ჯერემი ბლეკისა და მისი მრავალი კოლეგის შეფასებით, მძარცველების ნაწილი ორგანიზებულად მოქმედებდა. [ჯერემი ბლეკის ხმა] "ეს იყო ორგანიზებული ძარცვა. მასში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც იცოდა, რა უნდა მოეპარა და, შესაძლოა, დავალებას ასრულებდა. მათი ინტერესის საგანი იყო კონკრეტული ობიექტები - ისინი მოიპარეს და, შესაძლოა, ერაყიდან გაიტანეს კიდეც. როგორც ამბობენ, ზოგი ობიექტი უკვე გამოჩნდა ხელოვნების ბაზარზე პარიზში. მეორე მხრივ, მუზეუმში იყო ექსპონატებიც, რომლებიც უბრალოდ განადგურდა - ეს ჩაიდინეს უმეტესწილად ღატაკებმა ბაღდადის სხვადასხვა უბნიდან. ვფიქრობ, ისინი ამსხვრევდნენ ყველაფერს, რაც მათ წარმოდგენაში, სადამ ჰუსეინის რეჟიმს უკავშირდებოდა."

ამდენი ფასდაუდებელი არტეფაქტის მოპარვისა თუ განადგურების შემდეგ რაიმე ზომების მიღებაზე ლაპარაკი ბევრს, შესაძლოა ცინიზმად მოეჩვენოს, მაგრამ ასე არ არის. მეცნიერები მოითხოვენ სასწრაფოდ ამოქმედებას, რათა დატაცებული ობიექტების ნაწილის გადარჩენა მაინც მოხერხდეს. ექსპერტები და კულტურის საკითხებში გაეროს უწყების, იუნესკოს წარმომადგენლები ხუთშაბათს პარიზში შეიკრიბნენ კრიზისის მასშტაბის შესაფასებლად და მოქმედების გეგმის შესათანხმებლად. მათ იმსჯელეს ერაყის ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის აკრძალვასა და ძარცვა-გლეჯის გაგრძელების აღკვეთაზე, ამნისტიაზე, რომელიც შეეხება მძარცველებს, თუ ისინი გატაცებულ ობიექტებს დააბრუნებენ. ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ისინი ერაყში გააგზავნიან ექსპერტებს, საგანძურის მიკვლევაზე მუშაობის ხელშესაწყობად. როგორც კულტურის საკითხებში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე მუნირ ბუჩენაკიმ ხუთშაბათს აღნიშნა: [მუნირ ბუჩენაკის ხმა] "ინტერპოლი უკვე ინფორმირებულია, ისევე, როგორც მუზეუმთა საერთაშორისო საბჭო და ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრეთა საერთაშორისო ასოციაცია. ხოლო ამას წინათ, როცა ტელევიზიაში ვნახეთ ბაღდადის გაძარცვული მუზეუმის ამსახველი კადრები, იუნესკოდან წერილი გავუგზავნეთ ერაყის მიმდებარე ყველა ქვეყნის კულტურის სამინისტროებს და მათ ვთხოვეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ, გაზარდონ პოლიციის მზადყოფნა და საბაჟო უწყებებს შეატყობინონ ერაყიდან ობიექტების გატანის შესაძლებლობის შესახებ."

პროფესორი ჯერემი ბლეკი საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთ ზომას ხელოვნების ნიმუშების გადასარჩენად: ის ერაყის მუზეუმების თანამშრომლებს სთხოვს, არ დაგავონ შენობები, რათა ნამსხვრევებით, რომლითაც მუზეუმების იატაკია მოფენილი, ექსპერტებმა ექსპონატების აღდგენა სცადონ. თუ პროფესორ ბლეკის სიტყვებს მოვიშველიებთ, მუზეუმები ერაყში არქეოლოგიურ ობიექტებად არის ქცეული...
XS
SM
MD
LG