Accessibility links

logo-print

ერაყისთვის 12 წლის წინდაწესებული სანქციების ბედი


გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, გამართლებულია თუ არა ერაყის წინააღმდეგ სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ შემოღებული სანქციები და გაარკვიოს ამ ქვეყნისთვის მოგვიანებით

შემუშავებული პროგრამების ბედი. განსახილველია განიარაღების ინსპექტორთა საკითხიც და პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ". ერაყის ხვალინდელი დღის განსაზღვრის საქმეში უშიშროების საბჭოს ერთსულოვნება ჰმართებს იმისთვის, რომ საერთოდ, ამ მხრივ გაეროს როლი კვლავ არსებითი გახდეს.

ერაყის მიმართ 12 წლის წინათ შემოღებული სანქციების გაუქმებას უდავოდ გააიოლებს ის, რომ ამ შინაარსის მოწოდება უკვე გამოთქვა ვაშინგტონმა. სანქციები თავის დროზე დაუწესეს რეჟიმს, რომელიც აღარ არსებობს. საბჭოს წევრები, ომის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის მუხედავად, ერთ პოზიციაზე დგანან იმ მხრივ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ტანჯვა უნდა დასრულდეს.

სანქციები ერაყს ქუვეითში შეჭრის და იქიდან განდევნის შემდეგ დაუწესეს. მოგვიანებით კი საბჭომ რეზოლუციები მიიღო ერაყის განიარაღების მიზნით, იმისთვის, რომ სადამ ჰუსეინს არ ჰქონოდა მასობრივი განადგურებს იარაღი. ახლა მხოლოდ საბჭოს შეუძლია გაენსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ერაყი განიარაღების ინსპექტორთა მოთხოვნების. ამ დროს, საფრანგეთსა და რუსეთს, უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრებს, გადაწყვეტილი აქვთ, სანქციების გაუქმებას მხოლოდ მაშინ მიემხრონ, თუ გაეროს ერაყში უფრო აქტიური როლის შესრულების საშუალება მიეცემა. გაეროს რეზოლუციების თანახმად, განიარაღების ინსპექტორებმა უნდა განსაზღვრონ, მოსპო თუ არა ერაყმა მასობრივი განადგურების საშუალებები. საფრანგეთი და რუსეთი, რომლებიც კარგა ხანია, სანქციების გაუქმების მომხრენი არიან, მიიჩნევენ, რომ ვიდრე სანქციები გაუქმდებოდეს, განიარაღების ინსპექტორებმა უნდა თქვან საბოლოოო სიტყვა, შეასრულა თუ არა ერაყმა რეზოლუციების პირობები. ამ დროს აშშ-მა, რომელიც უკმაყოფილოა ინსპექტორთა კომისიის ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის მუშაობით, დაიწყო ექსპერტთა საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება. ვაშინგტონის სურვილია, მისმა ექსპერტებმა ჩაატარონ ერაყის საეჭვო ობიექტების შემოწმება.

კიდევ ერთი სადავო საკითხია პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", რომელიც 7 წლის წინათ შეიმუშავეს და რომლის მიზანი ერაყელი ხალხის გამოკვება იყო. ომამდე ერაყის მოსახლეობის დიდი ნაწილი სურსათს ამ პროგრამის ჩარჩოებში იღებდა. ჰუმანიტარული დახმარების სპეციალისტები დღეს ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა გარდამავალ პერიოდში ქვეყნის სურსათით მომარაგებისთვის. აშშ-ის არაერთი ოფიციალური წარმომადგენელი ამ პროგრამის ზოგი პუნქტის შეცვლას ემხრობა.

უშიშროების საბჭოს ამჟამად თავმჯდომრეობს მექსიკის წარმომადგენელი გაეროში ადოლფო სინსერი, რომელმაც განაცხადა, რომ ერაყის რეზოლუციების თაობაზე უშიშროების საბჭოს წევრებს შორის ინტენსიური სჯა-ბაასი მიმდინარეობს.
ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ბობ მაკმეჰონი ესაუბრა საერთაშორისო მშვიდობის აკადემიის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს საკითხთა ექსპერტს დევიდ მელოუნს, რომელიც საბჭოს შიგნით დაპირისპირებულთა მოვალეობად თვლის, ახლა თავიანთი პოზიციები შეარბილონ.

ერთ მხარეს არიან დიდი ბრიტანეთი და აშშ, რომლებმაც ომი დაიწყეს ერაყში უშიშროების საბჭოს დასტურის გარეშე იმ საბაბით, რომ ერაყი არ ასრულებდა გაეროს რეზოლუციებს განირაღების შესახებ. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების აზრით, საბჭომ თავი ვერ გაართვა სანქციების გატარებას და ამიტომ ეჭვქვეშ დადგა მისი მნიშვნელობა. ასე რომ ვაშინგტონი გაეროსთვის მხოლოდ ჰუმანიტარული ფუნქციის დატოვების მომხრეა. გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი იმ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ომის უსამართლობაზე ლაპარაკობენ. მელოუნის თანახმად, ამ ქვეყნებმა ახლა უნდა ითანამშროლონ.

[დევიდ მელოუნის ხმა] "ვაშინგტონმა გაეროს მიმართ თავისი კილო უნდა შეარბილოს და ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან საფრანგეთი თუ რუსეთი და სხვანი, გაცილებით უფრო პრაგმატული უნდა გახდნენ. მსოფლიოში აღარავის სურს, ბრალი დასდონ ერაყელთათვის ჰუმანიტარული თუ სხვა სახის გაჭირვების მოტანაში."

კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო მოწყობის ცენტრის დირექტორი ედვარდ ლაკიც იმ აზრისაა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში მხარეებს ერთიანობა მართებთ. ლაკმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ საბჭოს ავტორიტეტი შეილახა ახლო წარსულში უთანხმოებათა გამო. ის ფიქრობს, რომ თუ საბჭოს ამის გამოსწორება სურს, სანქციების გაუქმების პრობლემა უნდა მოაგვაროს. "ნიუ იორკ ტაიმსმა" შაბათ-კვირის ნომერში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აშშ-ის ოფიციალური პირი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, იუწყება, რომ ვაშინგტონი სანქციების გაუქმებას ნაბიჯ-ნაბიჯ ფიქრობს. მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება არა ერთი რეზოლუციის პროექტი, არამედ დროთა განმავლობაში რამდენიმეს მიღებას შეეცდებიან.

ამავე წყაროს თანახმად, ნავთობით ვაჭრობას, ვითარების შესაბამისად, გაერო გაუწევს კონტროლს, ხოლო, საერთოდ, ეკონომიკას ერაყის მომავალი ხელისუფლება მიხედავს. დევიდ მელოუნის აზრით, საბჭომ უნდა განსაზღვროს ნავთობის გაყიდვის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები. ის განმარტავს, რომ აშშ ვერ გაინაწილებს იმ მთავრობის პასუხისმგებლობას, რომელიც ჯერ არ არსებობს. არადა, "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის" ჩარჩოებში და, საერთოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია ერაყის ხელისუფლების საქმეა.

ომისშემდგომი ერაყის თაობაზე მსჯელობა საბჭოში სამშაბათს დაიწყება. ჯერ გაიმართება შეხვედრა ინსპექტორთა ხელმძღვანელთან, ჰანს ბლიქსთან, შემდეგ კი მსჯელობაში ჩაემბება "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის ადმინისტრატორი ბენონ სევანი.
XS
SM
MD
LG