Accessibility links

logo-print

"ბრძოლა წესების გარეშე" აფხაზეთის პოლიტიკაშიც იკიდებს ფეხს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა პოსტსაბჭოური სივრცის დამახასიათებელ თვისებად ყალიბდება. პოლიტიკური დუღილის გრადუსი აფხაზეთში შემაშფოთებლად მაღალია.

არძინბას მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალები სოხუმის ხელისუფლებას უკვე ტერორში სდებენ ბრალს. ამის მიზეზად იქცა კვირას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის "ამცახარას" შტაბბინის აფეთქება.

აფხაზური კონსტიტუციის თანახმად, გაისად აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. აფხაზ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი სოხუმში დაწყებულ სახელისუფლებო კრიზისს სწორედ ამ არჩევნების მოახლოებით ხსნის - ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილენი, პირველ რიგში, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, კერძოდ, იმ მოთხოვნის გაუქმებას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატისთვის აფხაზეთში ცხოვრების 5 წლიან ცენზს აწესებს.
გასულ კვირას ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ეროვნული თანხმობის ფორუმი დააფუძნეს. თუმცა, კვირის ბოლოს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა, სახელისუფლებო კრიზისი სოხუმში ეროვნული თანხმობის მიღწევის შედეგად ამოიწუროს. ყოველ შემთხვევაში, კვირას "ამცახარას" ცენტრალური ოფისის აფეთქების ფაქტს ამ ორგანიზაციის წევრები პროვოკაციად და ტერორისტულ აქტად აფასებენ. მართალია, აფეთქებამ შენობა უმნიშვნელოდ დააზიანა და არც მსხვერპლია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "ამცახარა" ყოფილი მებრძოლების ორგანიზაციაა, რომლის წევრები დღესაც რეზერვისტებად ითვლებიან და იარაღის ტარების უფლება აქვთ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა სახის დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი, თუ არსებული ხელისუფლება აფეთქების ორგანიზატორებს სასწრაფოდ არ გამოავლენს.
საინტერესოა, რომ დაპირების მიუხედავად, სოხუმის პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას დღემდე არ დაუსახელებია სოხუმის პრემიერის ვინაობა. შეგახსენებთ: ამ ორიოდე კვირის წინათ ოპოზიციის გამოსვლები სწორედ მაშინდელი პრემიერის გენადი გაგულიას და მისი მინისტრების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამ ადამიანებმა, რომელთა მონაწილეობა ომში მინიმალურია, ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს და, მებრძოლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრის ნაცვლად, ხელისუფლებას საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებენ.
21 აპრილს გავრცელებული ცნობებით, გამორიცხული არ არის, ვლადისლავ არძინბამ პრემიერის თანამდებობაზე კვლავ გენადი გაგულიას კანდიდატურა დაასახელოს. ეს კი უკვე ეროვნული თანხმობის ფორუმში შემავალი ორგანიზაციების დაპირისპირებას გამოიწვევს. 21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამ ფორუმში შემავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "აიტაირა" მხარს დაუჭერს გენადი გაგულიას ხელახალ არჩევას პრემიერის პოსტზე. ცნობისთვის: აიტაირა, ანუ აღორძინება, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პარტიად ითვლება აფხაზეთში. აქამდე ამ ორგანიზაციის ლიდერი ლეონიდ ლაკერბაიაც აუცილებლად მიიჩნევდა ძალაუფლების სხვადასხვა შტოზე გადანაწილების პრინციპის გატარებას აფხაზეთში. სულ ცოტა ხნის წინათ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თუ რატომ არ მართავენ ხელისუფლებით უკმაყოფილონი მიტინგებს, ლაკერბაია აცხადებდა: " აფხაზს შეუძლია დიდხანს ითმინოს რაღაც, მერე კი მოულოდნელად იფეთქოს. გარდა ამისა, საქართველოსთან მოუწესრიგებელი ურთიერთობა არსებულ ხელისუფლებას ძალას მატებს. არსებობს მტრის ხატი, საფრთხე - და უარესობის შიში მოსახლეობას მოთმინებისკენ უბიძგებს."
სულ ბოლო ინფორმაციით, სოხუმში განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული - შეზღუდულია ინფორმაციის გავრცელება და აფხაზეთიდან გასვლის მსურველთათვის სპეცსაშვების გაცემა. მაგალითად, ერთ-ერთ აფხაზურ საინფორმაციო საიტზე ცნობა სოხუმში "ამცახარას" ოფისის აფეთქების შესახებ რუსული საინფორმაცია სააგენტოს "იტარ-ტასის" ინფორმაციის საფუძველზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG