Accessibility links

საქართველოში ფარულ ან ღია დიქტატურას და მორიგ დესტაბილიზაციას წინასწარმეტყველებენ


ორშაბათს, ერთი მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, მეორე მხრივ, სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის "ახალი საქართველოს" სპიკერმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განსხვავებული პროგნოზები დაუკავშირა. ბურჯანაძემ პრეზიდენტი და მთელი საზოგადოება გააფრთხილა, რომ, სახელისუფლებო ბლოკის ძალისხმევით, საქართველოში საქმე დიქტატურისკენ მიდის, ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ კი მორიგი დესტაბილიზაციის გეგმა გაამხილა - გეგმა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს და მისი რეალიზაციისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებთან კონსულტაციები დაიწყეს. რის საფუძველზე გაჩნდა დიქტატურის ან მორიგი დესტაბილიზაციის შიში?


საუბრის დასაწყისში მოვიყვანთ განცხადებას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ 21 აპრილს პრეზიდენტს მიმართა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ დიქტატურასთან მიგვიყვანს. მე მინდა გავახსენო პრეზიდენტს ის სიტყვები, რომელიც მან ყოფილი საბჭოთა კავშირის მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქვა, კერძოდ, რომ მოდიოდა დიქტატურა. ადამიანმა, რომელსაც მაშინ ეყო გამბედაობა დიქტატურას დაპირისპირებოდა, დღეს რადიკალური ზომები უნდა მიიღოს."

იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დიქტატურისკენ მივყავართ, ნინო ბურჯანაძეს ბევრი რამ არწმუნებს. კერძოდ: ბლოკ "ახალ საქართველოში" გაერთიანებული საპარლამენტო ძალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ბლოკირება; მცდელობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ძირითადად, პრეზიდენტმა დააკომპლექტოს; კორუფციასთან ბრძოლისთვის პოლიტიკური ბრძოლის ნიშნების მინიჭება - გამოქვეყნება არაგადამხდელთა შავი სიისა, რომელშიც ის კომპანიები მოექცნენ, რომელთა ხელმძღვანელებმაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისადმი სიმპათია გამოხატეს; ბლოკ "ახალ საქართველოში" ადამიანების პროფესიული ნიშნით გაწევრიანება. სხვათა შორის, ეს ახალი ხილი არ არის და არც მარტო "ახალი საქართველოსთვის" დამახასიათებელი. ამ მეთოდს "მოქალაქეთა კავშირი" მაშინაც იყენებდა, როცა ხელისუფლების დღევანდელ ოპოზიციაში გადანაცვლებული პირები მმართველი პარტიის ლიდერები იყვნენ; პროფესიული ნიშნით ადამიანებს მათ დღევანდელ ორგანიზაციებშიც აერთიანებენ. და, ბოლოს, ბურჯანაძის აზრით, დიქტატურისკენ სვლას ადასტურებს საპარლამენტო კრიზისის პირობებში აღმოცენებული ინიციატივაც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტისგან კი არა, ვიტალი ხაზარაძისა და ვახტანგ რჩეულიშვილისგან წამოვიდა, რადგან, მათგან განსხვავებით, პრეზიდენტი კარგად გათვლიდა, რა შეიძლება მოჰყოლდა პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას განსხვავებული შეხედულებები აქვს.

და კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს ოპოზიციური ძალების გაერთიანებისკენ მიმართულ კონსულტაციებში მონაწილეობას და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ არამც და არამც არ აღმოჩნდება ბანაკში, სადაც ვიტალი ხაზარაძე, ვახტანგ რჩეულიშვილი და, ბურჯანაძის თქმით, "საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა ადამიანები არიან".

თავის მხრივ, ხაზარაძის და რჩეულიშვილის ბანაკში დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ოპერაციისთვის, სახელწოდებით "კმარა," ოპოზიციურ ძალებს, სტუდენტებს და ერთ სატელევიზიო არხს გამოიყენებენ. ედპ - ს ლიდერის ინფორმაციით, "კმარა" ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის პროვოცირებას გულისხმობს. ამ გეგმის არსებობაში საზოგადოების დასარწმუნებლად სახელისუფლებო ბლოკში მეტს არაფერს ამბობენ. თუმცა, თუ დესტაბილიზაციის საშიშროება, თანაც ქვენის გარედან დაგეგმილი საშიშროება, რეალურია, ხელისუფლება არ უნდა ქმნიდეს საფუძველს იმისთვის, რომ ოპოზიციის ფლანგიდან დიქტატურის საშიშროებაზე ლაპარაკობდნენ.
XS
SM
MD
LG