Accessibility links

logo-print

70 წლის წინ, 1933 წლის 17 აპრილს


70 წლის წინ, 1933 წლის 17 აპრილს,

მოსკოვში გარდაიცვალა ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი. მისი სპექტაკლები თბილისში იმხანად კვლავაც წარმატებით იდგმებოდა - კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ 61 წლის რეჟისორი შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში იმყოფებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ თავისი უკანასკნელი სპექტაკლი მარჯანიშვილმა არა სამშობლოში, არამედ მოსკოვში, მცირე თეატრის სცენაზე, დადგა: შილერის "დონ კარლოსი" იქცა დიდი რეჟისორის ანდერძად, რომელიც მან თითქოს მთელ საბჭოთა ტოტალიტარულ კულტურას დაუტოვა. დღეს მინდა სწორედ მარჯანიშვილის ამ უკანასკნელი სპექტაკლის შესახებ გიამბოთ.

1922 წელს კოტე მარჯანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ქართული თეატრის რეანიმაციას შეუდგა. სწორედ საქართველოში განხორციელდა მარჯანიშვილის ესთეტიკური შეხედულებანი, სწორედ საქართველოში შეძლო მან თეატრის დღესასწაულად, ან ისევ მარჯანიშვილს რომ დავესესხოთ, "ახალი იდეების დიდ მეგზურად" გარდაქმნა, ბრწყინვალე თეატრალური კოლექტივის შექმნა, ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების აღზრდა. მაგრამ კონფლიქტებს, დაპირისპირებას მარჯანიშვილი თბილისშიც ვერ გადაურჩა. ჯერ იყო და, "ლამარამ" გამოიწვია მისი დაპირისპირება სანდრო ახმეტელთან, მერე ახმეტელის მიერ შექმნილმა კორპორაცია "დურუჯმა", რომლის წევრებმა, უშანგი ჩხეიძის სიტყვებით, "მარჯანიშვილის შეზღუდვა დაიწყეს"... მერე მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა და 1928 წელს ქუთაისში დააარსა ახალი თეატრი, რომელიც მალე თბილისში გადმოვიდა და წარმატებით მოაწყო გასტროლები მოსკოვში (სხვათა შორის, ეს იყო ჩვენი თეატრის პირველი გასტროლი საქართველოს გარეთ). "და თუ მარჯანიშვილმა ქართული თეატრის რეფორმა წარმატებით განახორციელა, რატომ არ უნდა დახმარებოდა იგი გაჭირვებაში ჩავარდნილ რუსულ თეატრს, საიდანაც იგი 1922 წელს წავიდა?". როგორც ჩანს, სწორედ ეს კითხვა გაუჩნდა ცენტრალურ ხელისუფლებას 1930 წელს მოსკოვში მარჯანიშვილელთა გასტროლებზე და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გასტროლებზე შეეცადა მარჯანიშვილის "გადაბირებას". მით უმეტეს, რომ ქართული თეატრის რეფორმატორის შემოქმედებაზე კონტროლი თბილისში ისე არ ხორციელდებოდა, როგორც ეს სურდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მოსკოვში იმედი ჰქონდათ, რომ მარჯანიშვილის მცირე თეატრში მიწვევით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერდნენ - შეზღუდავდნენ რეჟისორს რეპერტუარით და, თანაც, წყალწაღებულ რუსულ თეატრს გადაარჩენდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავად გაავრცელა ჭორი, რომ მარჯანიშვილს სამშობლოზე გული აუცრუვდა და მოსკოვში გადაწყვიტა დასახლება. 1972 წელს ქართველი თეატრმცოდნე ელენე კვირკველია, რომელიც მარჯანიშვილის რუსეთში დაბრუნებისას მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მარჯანიშვილი ქართული თეატრის დატოვებას არ აპირებდა, იგი დათანხმდა მხოლოდ ცალკეული სპექტაკლების დადგმაზე მოსკოვში. ელენე კვირკველია დაესწრო თითქმის ყველა რეპეტიციას შილერის "დონ კარლოსისა", რომლის დადგმას მარჯანიშვილი მოსკოვში ჩასვლისთანავე შეუდგა მცირე თეატრში. ელენე კვირკველიამ გაიხსენა თავად მარჯანიშვილის სიტყვები: "აქ ეგოიზმი და ჰუმანიზმი უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს. სპექტაკლის ზეამოცანა კი - მთელი კაცობრიობის სიყვარულიაო". ელენე კვირკველია არ აკონკრეტებს, იცოდა თუ არა სპექტაკლის ზეამოცანის შესახებ მცირე თეატრის მაშინდელმა დირექტორმა ვლადიმიროვმა, ადამიანმა, რომელიც პირველივე რეპეტიციიდან შეეცადა მარჯანიშვილის საქმეებში ჩარევას. "მას არაჯანსაღი ატმოსფერო შემოჰქონდა რეპეტიციების მიმდინარეობაშიო," - აღნიშნავდა კვირკველია. როგორც გამოირკვა, მცირე თეატრის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით აღაშფოთა "დონ კარლოსის" გმირის, ებოლის, იმ ინტერპრეტაციამ, რომელსაც მარჯანიშვილმა და ამ როლის შემსრულებელმა ელენა გოგოლევამ მიმართეს. წარმოდგენის რეპეტიციებზე მარჯანიშვილს უთქვამს:

"ებოლი - უმანკოა. ამის გამო შეუყვარდა მას კარლოსი ასეთი უზადო და უანგარო სიყვარულით და თუ მან დანაშაული ჩაიდინა, ეს ზეგავლენა იყო იმ ჯოჯოხეთური გარემოცვისა (ფილიპეს სასახლის), რომელიც ხრწნის და თელავს ყოველგვარ უმანკოებას."

ჯოჯოხეთური გარემოცვა, რომელიც ხრწნის უმანკოებას, ეგოიზმისა და ჰუმანიზმის დაპირისპირება და მთელი კაცობრიობის სიყვარული - თემები, რომელსაც კრემლი იმხანად, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კომუნიზმის მტრების წინააღმდეგ ნადირობა გამოცხადდა, უთუოდ ეჭვის თვალით შეხედავდა. მაგრამ საბჭოთა კავშირში თეატრის იდეოლოგები ვერასდროს ბედავდნენ მხატვრული ნაწარმოების აკრძალვას მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი ზოგადსაკაცობრიო თემებს შეეჭიდა. ხელოვანის შეზღუდვისთვის სხვა ხერხი არსებობდა - მისი ესთეტიკის, მხატვრული ხედვის და, ამ შემთხვევაში, სპექტაკლის ფორმის დაწუნება. მცირე თეატრის ხელმძღვანელობა ასეც მოიქცა. სპექტაკლზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ იყო, მარჯანიშვილს კი უკვე ადანაშაულებდნენ ფორმალიზმსა და შილერის დრამის "არასწორ წაკითხვაში". არადა, თეატრის ბიუროკრატებს, შესაძლოა, გაგონილი ჰქონდათ, რომ თავად ფრიდრიხ შილერი ხშირად აღნიშნავდა, მხატვრულ ნაწარმოებში ყველაფერი ფორმაზე და არა შინაარსზე უნდა იყოს დამოკიდებულიო. ყოველ შემთხვევაში, მარჯანიშვილმა ეს კარგად იცოდა.

მოსკოვში ისიც აღიზიანებდათ, რომ რეჟისორი ვერა და ვერ თმობდა თბილისს, განუწყვეტლივ თავის თეატრზე ფიქრობდა. ერთხელ, როცა მარჯანიშვილმა დროებით მიატოვა რეპეტიციები და სამშობლოში გაემგზავრა, მცირე თეატრის დირექციამ "დონ კარლოსის" ჯგუფს სარეპეტიციო დარბაზი ჩამოართვა. დასი აშკარად ამოვარდა რიტმიდან, მაგრამ კოტე მარჯანიშვილმა მაინც მოახერხა გენერალური რეპეტიციის ჩატარება. 1933 წლის 15 აპრილს "დონ კარლოსი" უკვე მზად იყო. პრემიერა მაისის დასაწყისში უნდა გამართულიყო. 17 აპრილს კოტე მარჯანიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. "დონ კარლოსზე" მუშაობის დროს მარჯანიშვილი წერდა:

"აი, მე უკვე გავჭაღარავდი, მოხუცებულობაში შევდგი ფეხი, და თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მიღალატია და არც ვუღალატებ."

"დონ კარლოსის" პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა. ელენე კვირკველიას მოგონებებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სწორედ თეატრის ერთგულება გამოხატა მარჯანიშვილმა ამ წარმოდგენაში. მაშინ, როცა იმ დროის თითქმის ყველა დიდი რეჟისორი მოსკოვში, ასე თუ ისე, მოექცა ხელისუფლების მანიპულაციის ქვეშ, მის დაკვეთას ასრულებდა და აბსოლუტურად ყალბ ოპტიმიზმს ამკვიდრებდა საბჭოთა კულტურაში, მარჯანიშვილმა დადგა უაღრესად მკაცრი წარმოდგენა, რომელსაც მაყურებელი ილუზიებისგან უნდა გაეთავისუფლებინა. სხვათა შორის, პრემიერის შემდგომ სპექტაკლებზე, როცა მცირე თეატრის დასს მარჯანიშვილი აღარ ჰყავდა, წარმოდგენას თურმე მოქმედების დაძაბულობა და ექსპრესია დააკლდა და ცოტა ხანში მოიხსნა კიდეც რეპერტუარიდან. როგორც ჩანს, "დონ კარლოსის" შემოქმედებით ჯგუფს გაუჭირდა თამაში თეატრის დიდი მაესტროს გარეშე, გაუჭირდა ბალანსის დაცვა გამოუვალობასა და იმედს შორის, სისასტიკესა და ადამიანურობას შორის, რასაც მარჯანიშვილი თავისი უკანასკნელი სპექტაკლის რეპეტიციებზე ქადაგებდა. იმხანად მარჯანიშვილის რუსი კოლეგები აღნიშნავდნენ, რომ მათ უკვირდათ კიდეც, თუ რატომ მოისურვა რეჟისორმა ასეთი სასტიკი, ასეთი მოღუშული სპექტაკლის დადგმა მოსკოვის მცირე თეატრში. მარჯანიშვილი ხომ თავად აღნიშნავდა:

"მე, საერთოდ, არ მიყვარს მწუხარება. ვფიქრობ, რომ მწუხარება ცხოვრებაშიც საკმარისია და ამიტომ არააა საჭირო მისი სცენაზე ჩვენება. ჩვენს თეატრში სრულებითაც არ არის მწუხარების სული, როგორც ასეთი. სახელდობრ, ჩვენი თეატრი მიისწრაფვის იქითკენ, რომ სცენიდან მაყურებელს ყოველთვის გადმოსცეს სიხარული. თუ თეატრში მწუხარებისთვის ვივლით, მაშინ რიღასთვის არსებობს თეატრი?"

მაგრამ კოტე მარჯანიშვილი ასე მაშინ ფიქრობდა, როცა საქართველოში უხდებოდა მოღვაწეობა - თავის თეატრში, თავისი საყვარელი მსახიობების გვერდით. მოსკოვში დადგმული "დონ კარლოსით" კი მარჯანიშვილმა მაყურებელი სწორედ მწუხარების სანახავად მიიყვანა. ელენე კვირკველიას თქმით, ეს მწუხარება მარჯანიშვილის სიკვდილმა მხოლოდ გაამძაფრა. რეჟისორი თითქოს გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და ასე, უფრო ადვილად, შიშისა და შფოთვის გარეშე, ტოვებდა ანდერძს, თითქოს სპექტაკლით ახსენებდა მაყურებელს, ბელინსკის შეფასებით, "კაცობრიობის კეთილშობილი ადვოკატის", ფრიდრიხ შილერის, სიტყვებს: "პოლიტიკურ ხელისუფლებას შეუძლია განდევნოს ჭეშარიტების მეგობრები, მაგრამ ჭეშარიტებას ვერაფერს დაუშავებს, შეუძლია დაამციროს მხატვარი, მაგრამ ხელოვნებას ვერასდროს მოერევა."
XS
SM
MD
LG