Accessibility links

logo-print

ერაყელი შიიტების ზოგიერთი მოწოდება აშშ-ის შეშფოთებას იწვევს


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის მთავრობა ერაყში ომის მიზნად, როგორც ცნობილია, იმთავითვე ასახელებდა ამ ქვეყნის "გათავისუფლებას". და, მართლაც, საბრძოლო მოქმედებების არაერთი სავალალო შედეგის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას,

რომ ერაყელები, სხვა თუ არაფერი, მეტი თავისუფლებით მაინც სარგებლობენ. რად ღირს თუნდაც მუსლიმანი შიიტების ზეიმის ამსახველი კადრები: ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ სასტიკად იდევნებოდნენ და ახლა საშუალება ეძლევათ, მრავალი წლის შემდეგ ისევ აღნიშნონ დიდი რელიგიური დღესასწაული. ამ დღესასწაულსა და მისდამი შიიტების დამოკიდებულებაზე დაწვრილებით გიამბობთ დღევანდელ გადაცემაში, როცა შემოგთავაზებთ ერაყში მივლინებული ჩვენი კორესპონდენტის, ზამირა ეშანოვას მიერ მომზადებულ რეპორტაჟს. ახლა კი ვიმსჯელებთ ამერიკელების შეშფოთებაზე შიიტების ზეიმის დროს გამოთქმული ზოგიერთი მოწოდების გამო.

ამერიკელების შეშფოთების მიზეზი ძნელი ამოსაცნობი არ არის: შიიტებს, რომლებიც ერაყის მოსახლეობის უმრავლესობას - დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენენ და უთუოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან, დასავლეთისაგან განსხვავებული წარმოდგენა აქვთ დემოკრატიის შესახებ. [კენეთ კაცმენის ხმა] "პოლიტიზირებული შიიტი ისლამისტები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ ემხრობიან ერთმანეთისაგან რელიგიისა და სახელმწიფოს დიდად დაშორებას, ამჟამად აღმავლობას განიცდიან. ჩემთვის ჯერ ნათელი არ არის, აშშ მათი აღმავლობის შეჩერებას თუ მათთან რაღაცნაირად თანამშრომლობას შეეცდება. იმის მიხედვით, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, მივხვდებით, რა მოელის ერაყს",
ამბობს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის თანამშრომელი, კენეთ კაცმენი, რომელსაც ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგა ჯეფრი დონოვანი ესაუბრა.

განჭვრიტო, რა მოელის ერაყს, ძნელია იმის გამოც, რომ შიიტებს შორის განხეთქილება სუფევს. მათი ერთ-ერთი მოძღვარი, აბდულ მაჯიდ ალ-ხოეი 10 აპრილს ნაჯაფში მოკლეს - სავარაუდოდ, შიიტების მოქიშპე ჯგუფმა. ერაყელი შიიტების მთავარმა სასულიერო ლიდერმა, დიდმა აიათოლა ალი სისტანიმ კი დამალვა ამჯობინა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ბანდებმა ალყა შემოარტყეს მის სახლს ასევე ქალაქ ნაჯაფში. როგორც ჩვენმა კოლეგამ შეიტყო, სისტანი არ ემხრობა სასულიერო პირვების პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობას. სამაგიეროდ, სისტანის ახალგაზრდა თანამორწმუნე, სულ 22 წლის მოქტადა სადრი, რომლის მამა შიიტების პოპულარული ლიდერი იყო, არ მალავს პოლიტიკაში წასვლის სურვილს. ასევე ანგარიშგასაწევია "ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭო" - ორგანიზაცია, რომელიც ირანშია დაფუძნებული: მას უარი აქვს ნათქვამი ერაყის ახალი, დროებითი მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე და ამერიკელ სამხედროებს მოუწოდებს, სასწრაფოდ წავიდნენ ერაყიდან.

როგორც ამერიკელმა ექსპერტმა, კარნეგის ფონდის თანამშრომელმა თომას კაროთერსმა ჩვენს ვაშინგტონელ კოლეგას უთხრა: [თომას კაროთერსის ხმა] "ვერ იტყვი, შიიტებში ერთსულოვნება სუფევდეს. მათში ბევრი სხვადასხვა დაჯგუფება შეინიშნება. შიიტების ნებისმიერი მთავრობა იქნებოდა ერთგვარი კოალიციური მთავრობა, მასში მკაცრი კურსის მომხრე, ლიბერალური და ზომიერი ელემენტებით. ამიტომ ეს იქნებოდა კოალიცია, რომელიც გამუდმებით განიცდის ცვლილებას, განუწყვეტლივ იშლება".

და მაინც, სატელევიზიო კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მოითხოვენ ერაყელი შიიტები ქვეყნის მართვას სასულიერო პირების მიერ, უთუოდ ჩააფიქრებს ამერიკელებს - ბევრს გაუჩენს შეკითხვას, ხომ არ ჩასახა "ერაყის გათავისუფლებამ" დასავლეთის ფასეულობებისა და ამერიკული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილი ისლამური სახელმწიფოს დაარსების საფრთხე?

ასეც რომ იყოს, ამბობს იმამი ჰასან ყაზვინი, რომელიც ამერიკის ისლამურ ცენტრს მეთაურობს, საქმე დემოკრატიულ პროცესთან გვექნებოდა: [ყაზვინის ხმა] "დემოკრატია ნიშნავს ხალხის არჩევანს. თუ ხალხი ისლამურ მთავრობას აირჩევს, ვფიქრობ, მის ნებას პატივი უნდა ვცეთ."

ამ აზრს იზიარებს ერაყის ეროვნული კონგრესის ლიდერი აჰმედ ჩალაბიც, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა უცხოეთში და ვაშინგტონის მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, ჩალაბი, როგორც სეკულარიზმის მომხრე შიიტი, აუცილებლად მიიჩნევს ლიბერალური, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებას, რომელიც არ დაუშვებდა რელიგიური პარტიების მიერ ისლამური სახელმწიფოს შექმნას და რელიგიური, თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების ხელყოფას. ორშაბათს ასეთივე მოსაზრება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა და თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ერაყში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში შეიკრიბებიან ქვეყნის მომავალ მთავრობაზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ეს შეხვედრა, ისევე, როგორც ამ საკითხზე გასულ კვირაში ქალაქ ნასირიაში გამართული პირველი თავყრილობა, აშშ-ის თაოსნობით გაიმართება.
XS
SM
MD
LG