Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 აპრილს პანკისის ხეობაში ქართველებმა, ქისტებმა და ჩეჩენმა ლტოლვილებმა "პოეზიის


20 აპრილს პანკისის ხეობაში ქართველებმა, ქისტებმა და ჩეჩენმა ლტოლვილებმა "პოეზიის ზეიმი" გამართეს. ასეთ საღამოებს, ერთი მხრივ, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - იქ,

სადაც ლექსებს კითხულობენ და მღერიან, "ზარბაზნებს არ ისვრიან". ამავე დროს, კულტურა დღეს, შესაძლებელია, ერთადერთი სფეროა, რომელსაც ჩეჩნებს არავინ უკრძალავს. კულტურა ამ ხალხს აიმედებს, აერთიანებს და, ფრანგი პოლიტოლოგის სილვია სერანოს განცხადებით, "არწმუნებს, რომ მსოფლიო არაა გულგრილი ჩეჩნების ტრაგედიის მიმართ". საფრანგეთში მოქმედი "ჩეჩნეთის კომიტეტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქალბატონი სილვია სერანო, ამ დღეებში თბილისში იმყოფებოდა.

ქალბატონი სილვია სერანო იკვლევს ეროვნული უმცირესობების მდგომარეობას კავკასიაში. იგი საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა, უმოგზაურია სამცხე-ჯავახეთში, პანკისში, ბოლნისის რაიონში. მაგრამ ამაჟამად ფრანგი პოლიტოლოგის ყურადღება თითქმის მთლიანად ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ იყო მიპყრობილი. საფრანგეთში მოქმედი "ჩეჩნეთის კომიტეტის" ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, სილვია სერანომ, ჩეჩნებსა და ქისტებს ორი საჩუქარი ჩამოუტანა. ერთი - წიგნია, პარიზში ახლახან დაბეჭდილი კრებული, სახელწოდებით "ჩეჩნეთი: ათი გასაღები იმისთვის, რომ გავერკვეთ", გაზეთ "ლე მონდის" კორესპონდენტის, სოფი შიჰაბის წინასიტყვაობით... სილვია სერანოსთან ერთად კრებულის ავტორები ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ცნობილი ფრანგი ჟურნალისტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები არიან. ფაქტობრივად, ეს საფრანგეთში გამოცემული პირველი სერიოზული ნაშრომია ჩეჩნეთის შესახებ, შეიძლება ითქვას, "ჩეჩნეთის ისტორია". წიგნის ერთ-ერთ თავს ავტორებმა ასე უწოდეს: "როგორ იყენებენ ჩეჩნეთს "დიდ თამაშში". ჩეჩნეთის ფრანგული კომიტეტის წევრები "დიდ თამაშში" ეგრეთ წოდებულ "პანკისის პრობლემას" გულისხმობენ. როგორც სილვია სერანომ ჩვენთან საუბარში განმარტა:

[სილვია სერანოს ხმა]: "ამ წიგნში ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ჩეჩნეთი არავისთვის წარმოადგენს რაიმე "გეოპოლიტიკურ საშიშროებას". პირიქით, ჩეჩნეთი და ჩეჩნეთის ომი გამოიყენეს პოლიტიკური თამაშისთვის, რომელშიც მხარეები განსხვავებულ როლებს ასრულებენ. წიგნში ახსნილია, აგრეთვე, თუ რას წარმოადგენს "პანკისის ხეობის პრობლემა", რომ რუსეთი "პანკისის პრობლემას" საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს, მაშინ როცა ალქაიდას წევრების შესაძლებელი არსებობა პანკისში ამერიკელებს საქართველოს მხარესთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საბაბს აძლევს. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, ედუარდ შევარდნაძეს, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, საშუალება ეძლევა უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს თავის საგარეო პარტნიორებთან."

სილვია სერანოს თქმით, ჩეჩნეთის კომიტეტის ძალისხმევით გამოცემული ამ წიგნის 5000 ეგზემპლარი საფრანგეთში უმალვე გაიყიდა (საინტერესოა, რომ წიგნის პრეზენტაცია ერაყის ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე მოეწყო). გამომცემლები დღეს ტირაჟის გაზრდას აპირებენ. რაც შეეხება ფრანგი პოლიტოლოგის მეორე საჩუქარს - ფირფიტას, რომელიც პარიზში, ჩეჩნების მხარდასაჭერ კონცერტზე, ჩაწერეს... ეს უკვე "არაკომერციული პროექტია" - ფირფიტები ჩეჩენ ლტოლვილებს დაურიგდებათ; პარიზის გარეუბანში, "ლა კარტუშღი"-ში, არიან მნუშკინის "მზის თეატრში" მოწყობილი კონცერტის ჩანაწერს, შეძლებისდაგვარად, გროზნოშიც გაგზავნიან. საინტერესოა, რომ რუსეთის პრესა საერთოდ არ გამოეხმაურა ამ კონცერტს, მიუხედავად იმისა, რომ "მზის თეატრში" ჩეჩნური სიმღერები ცნობილმა მექსიკელმა, ისრაელელმა, ფრანგმა მომღერლებმა შეასრულეს, მათ შორის, ფრანგული ესტრადისა და კინოს ვარსკვლავმა ჯეინ ბირკინმა. [ხმა. ჯეინ ბირკინი]

ჯეინ ბირკინის სიმღერას დღეს პანკისში უსმენენ. იქ ჩეჩნები, ქისტები და ქართველები ლექსებს კითხულობენ და "დიდი თამაშის" დასრულებაზე ოცნებობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG