Accessibility links

logo-print

როგორც ცნობილია, წინა კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო განცხადება საქართველოსა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორც ცნობილია, წინა კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო განცხადება საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე.

ამ საკითხს რუსეთის არაერთი გაზეთი გამოეხმაურა. გესაუბრებით ზოგიერთი წერილის შესახებ.

17 აპრილის გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეც" წერს, რომ "საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო დუმამ ნეგატიურად აღიქვა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტს საფრთხე მოაქვს რუსეთისთვის."
ამასთან დაკავშირებით სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა გაზეთს განუცხადა:


"საქართველოს, რასაკვირველია, აქვს სუვერენული უფლება, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, მაგრამ რუსეთსაც აქვს სუვერენული უფლება, რომ თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს. მოცემული ხელშეკრულება ქმნის უთანაბრო სიტუაციას, ვინაიდან ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს არ აქვთ ასეთი სტატუსი საქართველოში. რასაკვირველია, ეს ხელშეკრულება ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენს საზღვრებთან ამერიკული სამხედრო ყოფნა გაფარდოვდეს. არსებობს საშიშროება, რომ ამერიკულ ჯარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების ძალისმიერი გადაჭრისათვის გამოიყენებენ. ეს კი რუსეთის უსაფრთხოებისათვის პოტენციურ მუქარას წარმოადგენს".

ანდრეი კოკოშინის აზრით, "ჯერ ერთი, რუსეთს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საქართველომ რუსეთის სამხედროებსაც მისცეს ანალოგიური უფლებები თავის ტერიტორიაზე. მეორე - ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა რუსეთს უნდა მისცენ გარანტიები, რომ საქართველოში შემოსულ სამხედრო პერსონალსა და ტექნიკას არ გამოიყენებენ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ან აჭარის პრობლემების გადასაჭრელად. და მესამე - რუსეთმა უნდა მიიღოს გარანტიები, რომ ეს ხელშეკრულება ეხება ამერიკელ სამხედროთა, მართლაც, ძალიან შეზღუდულ კონტინგენტს - 70-80 კაცს, როგორც ამას საქართველოში ამბობენ".


17 აპრილის "პარლამენტსკაია გაზეტა" გვამცნობს, რომ დეპუტატ ანატოლი ჩეხოევის განცხადებით, "მიღებულია დასკვნები რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან, უშიშროების საბჭოდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და უშიშროების ფედერალური სამსახურიდან. ყველგან ხაზგასმულია, რომ ქართულ-ამერიკული ხელშეკრულება "რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება".


"ანატოლი ჩეხოევმა შეგვახსენა, - წერს გაზეთი, - რომ აფხაზეთის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი და სამხრეთ ოსეთის თითქმის 55 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან".
დეპუტატის თქმით, "ძალიან მალე აშშ-ის ჯარები ქალაქ ვლადიკავკაზიდან 40 კილომეტრის დაშორებით შეიძლება აღმოჩდნენ".
ჩეხოევმა აგრეთვე შენიშნა, რომ "ასეთ ვითარებაში რუსეთი არ უნდა უზრუნველყოფდეს თავისი ელექტროენერგიითა და გაზით ამერიკულ სამხედრო ბაზებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება".


17 აპრილის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადება საქართველოში შეფასდა როგორც სუვერენული სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩარევა. რუსეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ გაზეთს განუცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ ხელშეკრულებას "არ მოაქვს საფრთხე მესამე ქვეყნისთვის".


ელჩის სიტყვებით, დოკუმენტი ქმნის მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა მცირე ჯგუფისთვის (80 კაცი), რომელიც უკვე იმყოფება საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში".
ზურაბ აბაშიძის თქმით, "საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება დაგეგმილი არ არის". ელჩის აზრით, "რუსეთის პარლამენტის მძაფრი რეაქცია გამოწვეულია "ანტიდასავლური განწყობილებებით", რომელიც სადეპუტატო სფეროში სუფევს".
XS
SM
MD
LG