Accessibility links

logo-print

პარლამენტმა საკანონმდებლო მუშაობა განაახლა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირაში პარლამენტის მუშაობა საგანგებო ვითარებაში ჩაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო დღე საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. წინასწარი პროგნოზით, ამ კვირის საპარლამენტო

სესიას პრინციპული მნიშვნელობა ექნება, რადგან პარლამენტი იწყებს საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას, რაც დიდწილად განსაზღვრავს მომავალი პარლამენტის შემადგენლობას.

22 აპრილს პარლამენტი, ბოლოს და ბოლოს, შეუდგა იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ამ 7 წლის წინ პროსახელისუფლებო პარტიასთან დაპირისპირების მიზეზად, ერთი კვირის წინ კი - მორიგი საპარლამენტო კრიზისის გამომწვევ ფაქტად იქცა. 22 აპრილს სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის განხილვისთვის აუცილებელი ხმები პარლამენტში მოგროვდა. ამჯერად სახელისუფლებო ფრაქციებმა, როგგარეშე სხდომისგან განსხვავებით, სესიას ბოიკოტი არ გამოუცხადეს. სამაგიეროდ, ბლოკ აღორძინების წევრებმა ბოიკოტში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულეს - მინისტრთა ნაწილი იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს ახლავს უკრაინაში, ბუნებრივია, პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრო. თუმცა სხდომაზე არც ისინი გამოცხადდნენ, ვინც თბილისში დარჩა. პარლამენტარ სანდრო ბრეგაძის განცხადებით:
[სანდრო ბრეგაძის ხმა] " ეს ახირება კი არ არის, ან ვინმეს სახელმწიფო მინისტრის გარეგნობა კი არ აინტერესებს...ეს საქმისთვის არის აუცილებელი. ამ ადამიანებმა დაწერეს თავისი არაკომპეტენტური დასკვნა. თუ არ უნდათ და იგნორირებას უკეთებენ რეგიონს, თქვან, რომ არ უნდათ ამ რეგიონთან ურთიერთობა, გამოეყონ დანარჩენ საქართველოს და წავიდნენ, რომელ ზონაშიც უნდათ."
შეგახსენებთ: სპეციალური ეკონომიკური ზონის იდეის წინააღმდეგ გამოდის როგორც პრეზიდენტი შევარდნაძე, ისე ქართველ ეკონომისტთა დიდი ნაწილი. ამ ეტაპზე საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შემოღების წინააღმდეგია საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ფრაქცია "აღორძინების" წევრი ანზორ გოგიტიძე აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი სავალუტო ფონდის არასწორი რეკომენდაციების შედეგია. შესაბამისად, მისი აზრით, საქართველომ უარი უნდა თქვას ფონდის რეკომენდაციების შესრულებაზე და აქცენტი სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნაზე გააკეთოს.
კიდევ ერთი შეხსენება: თავის დროზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა მოქალაქეთა კავშირის მაშინდელი ახალგაზრდული ფრთა. დღეს გაერთიანებული დემოკრატები მხარდაჭერას უცხადებენ "აღორძინებას", რაც ორიოდე თვის წინ "აღორძინების" მიერ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული იდეის მხარდაჭერის საპასუხო ჟესტს წარმოადგენს. თუმცა ეს მხარდაჭერა, შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანების ჩაშლის მიზეზადაც იქცეს: ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული დემოკრატები მხარს დაუჭერენ აღორძინებას, ნაციონალებისა და გაერთიანებული დემოკრატების გაერთიანება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
XS
SM
MD
LG