Accessibility links

logo-print

სტუდენტთა საპროტესტო აქცია "კმარა". რა მიზანს ემსახურება სტუდენტთა მორიგი გააქტიურება


22 აპრილს თბილისის ცენტრალური რაიონების ქუჩებში თეთრი საღებავით დაწერილი სიტყვა "კმარა" გაჩნდა. ის სტუდენტთა ერთი ჯგუფის მუშაობის შედეგი იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის

ოფისზე თუ სხვა შენობების კედლებზე "კმარას" წასაწერად სტუდენტებმა მთელი ღამე გაათენეს. ლოზუნგი "კმარა" მათ მოქალაქეობრივი აქტივობის გამოხატულებად გამოიტანეს და ამით გააპროტესტეს ყველაფერი, რაც არ მოსწონთ და რასთან შეგუებასაც არ აპირებენ, მათ შორის, ისიც, რომ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვარაუდით, სტუდენტებს რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ.

"ჩვენ სერბი სტუდენტების მაგალითით ვმოქმედებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი აქციები ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას კი არა, საქართველოში არსებული რეჟიმის დასამარებას შეუწყობს ხელს, რეჟიმისა, რომლის მოთმენაც აღარ შეიძლება, კმარა!" - აცხადებენ სტუდენტები, რომელთა ჯგუფმაც მთელი ღამე იმუშავა თბილისის ცენტრალური ქუჩების ამ მოწოდებით ასაჭრელებლად. სტუდენტთა შორის მოწოდება "კმარა!" 14 აპრილს გაჩნდა. 21 აპრილს კი სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის სპიკერი ალაპარაკდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში დაგეგმილ ოპერაციაზე და მის პირობით სახელწოდებადაც სწორედ "კმარა" დაასახელა. სტუდენტებმა ეს, ერთი მხრივ, შეურაცხყოფად მიიღეს, მეორე მხრივ, გამოწვევად, რეალური პრობლემებიდან არარსებულ პრობლემებზე აქცენტების გადატანის მცდელობად. ისინი კიდევ უფრო მეტად გააქტიურების განწყობაზე მოვიდნენ და პირობა დადეს, რომ შემოდგომიდან გაცილებით ფართომასშტაბიან გამოსვლებს მოაწყობენ. ახალგაზრდების ამ საპროტესტო განწყობაში ცუდს ვერაფერს ხედავს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა ლომაია. მისთვის გაუგებარია, რატომ ალაპარაკდა ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქართველი სტუდენტების გამოყენების საშიშროებაზე. კახა ლომაიასთვის მით უფრო გაუგებარია რას ნიშნავს განცხადება იმის თაობაზე, რომ, რუსეთის გეგმის მიხედვით, გარკვეულმა პირებმა ანტიდემოკრატიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ყოფილ იუგოსლავიაში შეისწავლეს.

[კახა ლომაიას ხმა] "რუსული სპეცსამსახურები ხალხს ამერიკაში, გერმანიასა და იუგოსლავაში გზავნიან ანტიდემოკრატიული გამოცდილების შესასწავლად. არ ვიცი, ამ ქვეყნებში სად იპოვეს ანტიდემოკრატიული გამოცდილება, ერთადერთი, ანტიდემოკრატიული გამოცდილება მილოშევიჩის მიერ შექმნილი იყო ყოფილ იუგოსლავიაში და ისიც წარმატებით დაამხო ამ ტიპის სტუდენტურმა მოძრაობამ." [სტილი დაცულია]

კახა ლომაია ირინა სარიშვილი-ჭანტურიას მიერ გახმოვანებულ ვერსიას ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ბრალდებას ადარებს და იმასაც ამბობს, რომ სტუდენტური აქცია "კმარა" არანაირ კავშირში არ არის სოროსის ფონდთან. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ყოფილ იუგოსლავიაში - კერძოდ, სერბეთში - "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროგრამით იყვნენ მივლინებულნი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ერთ-ერთი სტუდენტიც, რომელიც აქცია "კმარას" აქტივისტია. ამ პროგრამით სერბეთში იყო გიგი უგულავაც და აი, რა გვითხრა მან ამ პროგრამის შესახებ:

[გიგი უგულავას ხმა] "მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს შეესწავლა ის გამოცდილება, რომელიც არსებობდა სერბეთში. მხედველობაში მაქვს მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას, არჩევნებზე ხალხის გამოყვანას და იმას, რომ საზოგადოებას მიეღწია მშვიდობიანი გზით, უსისხლოდ, ხელისუფლების შეცვლისათვის. "

საზოგადოების სამოქალაქო აქტივობის გაზრდის ხელშეწყობას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" საარჩევნო პროგრამის დაფინანსებითაც შეეცდება. კახა ლომაიას თქმით, ამ პროგრამის მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ამომრჩევლის აქტიური კორპუსის ჩამოყალიბებას, ისეთი ამომრჩევლისა, რომელიც პასუხს მოსთხოვს ნებისმიერ მთავრობას საარჩევნო დაპირებებისთვის.
XS
SM
MD
LG