Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი ერაყში და აფხაზეთის დაბრუნების გადამწყვეტი ეტაპი


გასული კვირის ბოლოს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, დახურულ კარს მიღმა ტარდება ხოლმე, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალ კონცეფციაზე იმსჯელეს.

პარალელურად, აფხაზეთის დაბრუნების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, სპეციალური კომიტეტი შექმნა. აღსანიშნავია, რომ კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და დებულებები მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. მათ შორის არის ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კურსის აქტიური მხარდამჭერი, ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მეორე, გადამწყვეტი, ეტაპი იწყება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პარლამენტის წევრ ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სამხედრო-სამეცნიერო მიღწევებს. სამი წლის წინ ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილმა რეფლექტორულმა კოსმოსურმა ანტენამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, მომდევნო წელს მისი თაოსნობით დაარსდა სამხედრო-საინჟინრო აკადემია, გასული წლის ბოლოს კი ქართველმა მეცნიერმა საქართველოს ტერიტორიული დაცვის ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის კონცეფცია წარმოადგინა. 20 აპრილს ელგუჯა მეძმარიაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო პუბლიკაციით შეახსენა თავი. მასში საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გარკვეულ "სტრატეგიულ სქემაზე", რომელიც გაცხადდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, "მხარი დაეჭირა ამერიკის საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის ერაყში."

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად, უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა ერაყში ომისათვის და ამით აშშ -ის მოკავშირე გამხდარიყო, რაც ბევრმა მისმა ტრადიციულმა მოკავშირემ ვერ გააკეთა და ამით გარკვეული კითხვის ნიშნებიც დასვა. ამით საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახლებურ მიდგომას ჩვენი რეგიონისადმი. არა მარტო საქართველოს ბედთან დაკავშირებით, არამედ მსოფლიოს ახალი წესრიგით მოწყობაში, საქართველოს მნიშვნელობიდან გამომდინარე."

საქართველოს პარლამენტის წევრი და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის აქტიური მხარდამჭერი ფიქრობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ განვლილი ათი წელი იყო მოსამზადებელი ფაზა, ხოლო ამჟამად დადგა აფხაზეთის დაბრუნების მეორე, გადამწყვეტი, ეტაპი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნება "მშვიდობიანი და ძალისმიერი მეთოდების ერთობლივი გამოყენება".

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "მაგრამ დადგა დრო მეორე ეტაპისა, როდესაც საკითხის გადაწყვეტისათვის არა მარტო დიპლომატიური არხებით და შეიარაღებული ძალებით იქნება გაწონასწორებული პირობა, არამედ სახელმწიფო მოემზადება თავისი ყველა სამინისტროთი, უწყებებით - ენერგეტიკა იქნება ეს, კავშირგაბმულობა, სამხედრო მიმოსვლები, სურსათით მომარაგება, ზურგის უზრუნველყოფა, რეზერვების შექმნა, ტერიტორიული დაცვის სისტემის შექმნა თუ სხვა."

ელგუჯა მეძმარიაშვილის თქმით, თუკი აქამდე საქართველოს საგარეო სტრატეგიული კურსისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ფუნქციის ფორმირება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრებზე გადადიოდა, ახლა დადგა დრო, როცა ამ გამოცდას საქართველოს ხელისუფლების ყველა რგოლმა უნდა გაუძლოს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვა რგოლებს ჯერჯერობით არაფერი ეტყობა ამგვარი სამზადისისა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ორი თვის წინ, როდესაც სამოქალაქო ხელისუფლებამ ვერ შეასრულა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანა, სამხედრო გაწვევა, და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ფაქტობრივად, ჯარის გარეშე დატოვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG