Accessibility links

რით ეხმარება იაპონური გრანტი ქართულ სოფლის მეურნეობას


ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მიწათმოქმედებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწვავე დეფიციტი აწუხებთ. მიწაზე შეყვარებული გლეხები ნანატრ ტრაქტორებსა და კომბაინებს უკვე, ლამისაა,

სიზმრადაც კი ხედავენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოსავალს მაინც ვერ პოულობს. მათგან განსხვავებით, ხელსაყრელი გამოსავალი იპოვა ფერმერთა იმ კატეგორიამ, რომელმაც (1999 წლიდან მოყოლებული) იაპონური გრანტის პროგრამით ისარგებლა. ხსენებულ პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც დიდად უმადლიან.

ზოგადი სქემა მარტივი და გასაგებია: პროგრამა 2 კაერის (2 KR) ფარგლებში იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ყოველწლიურად შეისყიდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელსაც შემდგომ ჩვენი ფერმერები საკმაოდ შეღავათიან ფასად ყიდულობენ. საგულისხმოა, რომ ტექნიკის საფასურის ნახევრის დაფარვას, წესით და კანონით, სახელმწიფო კისრულობს, ხოლო მეორე ნახევარი უშუალოდ მყიდველის მიერ უნდა დაიფაროს. ამონაგები თანხა აკუმულირდება საპარტნიორო ფონდში, რომელიც, თავის მხრივ, კვლავ სასოფლო-სამეურნეო პროგრამების დასაფინანსებლად არის შექმნილი. იაპონური პროგრამის საშუალებით, 1999 წლიდან მოყოლებული, მიწათმოქმედისთვის აუცილებელი ტექნიკის 1480 ერთეული, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 500 იურიდიულსა თუ ფიზიკურ პირს გადაეცა. მათ შორის, წელს 101-მა მსურველმა 445 ერთეული კომბაინი თუ ტრაქტორი შეიძინა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ ტყებუჩავა აცხადებს, წელს 101 იურიდიული და ფიზიკური პირი 200-ზე მეტი მსურველისგან კონკურსის წესით შეირჩა. 18 მარტს თბილისში, სამინისტროს შენობაში, გამართულ კონკურსს უამრავი ხალხი ესწრებოდა. კონკურსანტების გამარჯვების მთავარ პირობად მათი მსყიდველუნარიანობა მიიჩნეოდა. აქვე მოგახსენებთ, რომ თითოეულ მათგანს წინასწარ ჰქონდა გადახდილი სასურველი ტექნიკის ღირებულების 15 პროცენტი, რომელიც დამარცხებულებს, ცხადია, უკან დაუბრუნდათ.

იგორ ტყებუჩავა პროგრამას "2 კაერი" დიდად ემადლიერება და მიიჩნევს, რომ იაპონელების ამგვარი დახმარების გარეშე სოფლის მეურნეობა საქართველოში კიდევ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებოდა:

(ტყებუჩავას ხმა) "სისტემის დანგრევის შემდეგ ეს არის პირველი სერიოზული გრანტი და დახმარება მანქანა-ტრაქტორების პარკის შესავსებად. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო და იაპონიის დახმარება, ჩვენი ტექნიკა იყო ამორტიზებული და განადგურებული. ამის გარეშე, პრაქტიკულად, ხვნა-თესვის პროცესი დიდ პრობლემებს წააწყდებოდა. ამ პროგრამამ აშკარა ამოსუნთქვის საშუალება მისცა ჩვენს სოფლის მეურნეობას".

სამმართველოს უფროსს სჯერა, რომ ინფორმაცია ზემოხსენებული კონკურსის ჩატარების თაობაზე რეგიონებში, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, აბსოლუტურად ობიექტურად ვრცელდება. სამწუხაროდ, ხშირად ამის არ სჯერათ თავად გლეხებს. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იაპონურ გრანტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ბლოკავს და, ასე ვთქვათ, თავისიანებისთვის ინახავს. გლეხების ამგვარი კატეგორიის საყურადღებოდ ვიტყვი, რომ იაპონურ გრანტთან დაკავშირებული პროცესები, როგორც წესი, წლის პირველ კვარტალში მიმდინარეობს. ესე იგი, იანვარ-მარტის შუალედში გლეხებს ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის თვალყურის დევნებასთან ერთად საკუთარი ინტერესების უკეთ დაცვაც მოეთხოვებათ.
XS
SM
MD
LG