Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ჟურნალისტი შევარდნაძის ვიზიტის შესახებ


უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ეხება ჩვენი გადაცემის შემდეგი სიუჟეტიც. მისი მომზადებისას დახმარება ვთხოვე ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის კიეველ კორესპონდენტს ბოგდანა კოსტიუკს.


ჯერ უკრაინელმა კოლეგამ მოკლედ მოგვითხრო, როგორ ეხმაურება კიევში პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტს მასპინძელი ქვეყნის პრესა.

[ბოგდანა კოსტიუკის ხმა]: "საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტს უკრაინის მედია ფართოდ აშუქებს. ერთი მხრივ, ეს აიხსნება ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული კარგი, საქმიანი ურთიერობით და საერთო მიზნებით, რომლებსაც ეს ორი ქვეყანა ესწრაფის. ამ სტუმრობისადმი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინტერესს ისიც აღვივებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და, როგორც კიევში თავისი უწინდელი ვიზიტების დროს, ახლაც გაისეირნა უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში. მას არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ უკრაინასა და საქართველოს ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიის დროს ჰქონდათ კეთილი ურთიერთობა."

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიევში გამართული შეხვედრებისას იმსჯელეს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში უკრაინის აქტიური ჩართვა გახლდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, კონკრეტულად რა სახე უნდა მიიღოს აფხაზეთის კრიზისის დაძლევაში უკრაინის მონაწილეობამ. ერთადერთი სიახლე, რომელმაც აფხაზეთთან დაკავშირებულ ჩემს შეკითხვაზე ბოგდანა კოსტიუკის პასუხში გაიჟღერა, უკრაინაში ამ საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესაძლო ჩატარება გახლდათ.

[ბოგდანა კოსტიუკის ხმა]: "აფხაზეთის პრობლემაზე საუბრისას, პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნა, რომ უკრაინა იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებს ეძებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტმა კუჩმამ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის იდეას, უკრაინაში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც აფხაზეთის პრობლემატიკას მიეძღვნებოდა. ასეთი კონფერენციის მოწყობა აუცილებელია, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება მიეცეს, აფხაზეთის კრიზისის დაძლევის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინოს."

ამ კონფერენციის ჩატარების ზუსტი ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ოთხშაბათს ლეონიდ კუჩმამ და ედუარდ შევარდნაძემ მონაწილეობა მიიღეს კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: "უკრაინა და საქართველო უსაფრთხოების ახალი საერთაშორისო სისტემის ფორმირების პროცესში: გამოცდილება და პერსპექტივები". ოფიციალურ პირებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანელი, ამერიკელი, რუსი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტები. როგორც ბოგდანა კოსტიუკმა მითხრა, უსაფრთხოების საკითხები ფორუმის მონაწილეებმა უშუალოდ დაუკავშირეს ეკონომიკას:

[ბოგდანა კოსტიუკის ხმა]: "ძირითადად კონფერენცია მიეძღვნა საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ორი ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ლეონიდ კუჩმამაც და ედუარდ შევარდნაძემაც ჟურნალისტებს შეახსენეს, რომ ორივე სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-სუფსის ენერგეტიკული დერეფნის ამოქმედება, მშენებლობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება დაუკავშირდეს ოდესა-ბროდი-გდანსკის მილსადენს. ენერგეტიკული დიალოგი ორივე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ ინტერესებსო, აცხადებენ პრეზიდენტები კუჩმა და შევარდნაძე. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ისეთი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებების მომავალს, როგორიცაა სუუამი, ბისეკი ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარება განსაზღვრავს. მაგალითად, თანამეგობრობის მომავალი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, გაფორმდება თუ არა მიმდინარე წლის სექტემბერში, ამ გაერთიანების სამიტზე, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ. ეს სუუამისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია. მაგრამ, როგორც ხშირად იმეორებდნენ ლეონიდ კუჩმაც და ედუარდ შევარდნაძეც, ჩვენს დროში ნებისმიერი სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარება დამოკიდებულია არა მარტო ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებაზე, არამედ სტაბილურობაზე მთელს რეგიონში. ამიტომ არის, რომ რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გამოდის."

ცნობილია, რომ უკრაინისა და საქართველოს დიდი მეზობელი - რუსეთი - თავისი ყოფილი კოლონიების ესოდენ მჭიდრო თანამშრომლობას ეჭვის თვალით უყურებს. რადიო "თავისუფლების" უკრაინული სამსახურის კიეველ თანამშრომელს ბოგდანა კოსტიუკს ვთხოვე, თავისი მოსაზრება გაეზიარებინა იმაზე, თუ რატომ არის ასე.

[ბოგდანა კოსტიუკის ხმა]: "როგორც ჩანს, რუსეთი შიშობს, რომ შავი ზღვის რეგიონში გამოეცლება ამჟამად მის ხელთ არსებული გავლენა, რადგან სუუამიც და მასზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის სტრუქტურაც - ბისეკი - საკმარისად ძლიერ სახელმწიფოებს აერთიანებენ, რომლებსაც ჰყოფნით მოქნილობა და გამჭრიახობა, სხვა რეგიონების ქვეყნებთან და საერთაშორისო გაერთიანებებთან ნორმალური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარონ. ალბათ, სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ რუსეთის მედია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს სუუამის საქმიანობას და ასევე კრიტიკულად ეკიდება უკრაინაში შევარდნაძის ამ ვიზიტსაც."

იმაზე, თუ როგორ აშუქებს რუსეთის პრესა უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, ჩვენს ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG