Accessibility links

საფრანგეთი ერაყის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს


ანდრო ეული, პრაღა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სამშაბათს, საფრანგეთმა წამოაყენა წინადადება, რომ დაუყოვნებლივ გაუქმდეს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები და თანდათანობით

ამოქმედდეს ჰუმანიტარული პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ". ამდენად, მკვეთრად შეიცვალა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე საფრანგეთის პოზიცია, რომელიც ერაყთან ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.


მას შემდეგ, რაც კოალიციის ძალებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს, შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ მოითხოვა ერაყის წინააღმდეგ 12 წლის წინათ მიღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება.

საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სამშაბათს, ასევე წამოაყენა წინადადება, რომ ერაყში მყოფმა ამერიკელმა ექსპერტებმა განიარაღების საერთაშორისო კომისიასთან ერთად განაგრძონ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. ხსენებულმა კომისიამ ერაყში ომის დაწყების წინ, გასულ თვეს დატოვა ერაყი.

დე ლა საბლიერმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიზანი კვლავაც ერაყის განიარაღებაა, რაც საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა დაადასტურონ. ამასობაში, როგორც საფრანგეთის წარმომადგენელს მიაჩნია,
ეკონომიკური სანქციების გაუქმებაა საჭირო, რათა ომით გაჩანაგებულ ერაყში გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები [ჟან-მარკ დე ლა საბრიერის ხმა]: "სანქციების გაუქმება, რაც ჩვენი, და ვფიქრობ საბჭოს ყოველი წევრის მიზანიცაა, უშუალოდაა დაკავშირებული ერაყის განიარაღებასთან. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ სანქციები და თანდათანობით ავამოქმედოთ ჰუმანიტარული პროგრამაც "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ".

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს მოეთათბირება ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების თაობაზე. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერაყში ვითარების რადიკალური შეცვლის ფონზე, სანქციები - რაც შეიძლება მალე უნდა გაუქმდეს. ასე რომ, ახლა საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთანაა საჭირო შეთანხმება - როგორ უნდა მოხდეს ამ მიზნის მიღწევა" - დასძინა ჯონ ნეგროპონტემ.

რუსეთმა, რომელიც ერაყთან ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ასევე, მხარი დაუჭირა საფრანგეთის ინიციატივას. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების გაუქმებამდე ერაყში გაეროს განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები უნდა დაბრუნდნენ. ლავროვმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ამ პოზიციას უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა იზიარებს. დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ვითარების ფონზე გაუმართლებელი იქნება ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება, რაც მოგვიანებით შეიძლება მოხდეს.

ხოლო ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს ამ ეტაპზე ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაბრუნების აუცილებლობას. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით და თვალსაწიერ მომავალშიც კოალიციის ძალებმა უნდა განახორციელონ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაცია" - დასძინა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა.

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ, შვედმა დიპლომატმა ჰანს ბლიქსმა გამოთქვა მზადყოფნა, ორ კვირაში დააბრუნოს ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები, თუ უშიშროების საბჭო მიიღებს ამის თაობაზე სათანადო გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG