Accessibility links

logo-print

კრიმინალური მდგომარეობა თბილისში დღითიდღე უარესდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხელისუფლების მიერ დამნაშავეობის სამყაროსთვის გამოცხადებულ ბრძოლას ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია - თბილისის ქუჩებში ისევ ისმის სროლის ხმა. 22 აპრილს თბილისის ცენტრში მოკლეს

ქონების მართვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კომპანია "თბილისი-სიტის" სამეთვალყურეო ცენტრის საბჭოს წევრი კონსტანტინე იოსელიანი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა, დაკავებულია. ორივე - ეჭვმიტანილიც და მოკლულიც - ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა.

გამორიცხული არ არის, ქონების მართვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის კონსტანტინე იოსელიანის მკვლელობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ხმაურიან მკვლელობებს შორის ერთადერთ გახსნილ დანაშაულად იქცეს. დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გაუხსნელია კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარის დუდუ დადიანის, კომპანია აირზენას ვიცე-პრეზიდენტის, წარსულში ცნობილი სპორტსმენის კახი ასათიანის, "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეები. 23 აპრილს გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, კონსტანტინე იოსელიანის მკვლელობა პირადი მოტივებით იყო განპირობებული.
თუმცა მოტივს აქ, ალბათ, მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ თბილისის ქუჩებში შეიარაღებული პირები დადიან, რაც თავისთავად ზრდის, შეგნებულად თუ საბედისწერო შემთხვევითობის გამო, მკვლელობის შესაძლებლობას.
ამ კვირის დასაწყისში პარლამენტის ბიუროზე მცირე სკანდალი გამოიწვია ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულიშვილის ხელმოწერით დამშვენებულმა წერილმა, რომლითაც სოციალისტური პარტიის ლიდერი ერთ-ერთ კომპანიას თავისი კოლეგა-პარლამენტარებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ფასდაკლებით ყიდვის თხოვნით მიმართავს. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ზოგიერთი პარლამენტარი 4-5 პისტოლეტის ყიდვას გეგმავდა, თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, გაურკვეველია, რა შთაბეჭდილებას მოახდენს ამომრჩეველზე კბილებამდე შეიარაღებული პარლამენტარის ხილვა. ჩვენი კანონმდებლების იარაღისადმი განსაკუთრებულ ტრფიალში დასარწმუნებლად, ალბათ, იმის გახსენებაც კმარა, თუ როგორ აპროტესტებდნენ ხალხის რჩეულნი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრებს პარლამენტის შენობაში იარაღით შესვლა აეკრძალათ.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების განცხადებით, უკვე რამდენიმე პარტიას საკუთარი შეიარაღებული ჯგუფიც კი ჰყავს, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა ვითარებაში ჩაივლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის სამართლიანობისა და ღიაობის აუცილებლობის თაობაზე განცხადებებს ყოველდღიურად ვისმენთ.
სავარაუდოდ, ხუთშაბათს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მისვლა იგეგმება. პარლამენტარებმა ჯერ კიდევ სამშაბათის სხდომაზე მოითხოვეს სამთავრობო საათზე მინისტრის მისვლა, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების საგანგაშო ზრდასთან დაკავშირებით. პარლამენტართა ერთი ჯგუფი მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. მინისტრი კი, სავარაუდოდ, კვლავ ისაუბრებს არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებზე, რასაც, სამწუხაროდ, არავინ უარყოფს.
XS
SM
MD
LG