Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი კიევში


უკრაინაში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის აპრილში დაგეგმვა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. 10 წლის წინ სწორედ აპრილში გაფორმდა საქართველოსა და უკრაინას შორის შეთანხმება

მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 22 აპრილს დაიწყო. ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ კუჩმა ერთმანეთს იმავე დღესვე შეხვდნენ და, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შემდეგ
განმარტა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ამ თანამშრომლობას კუჩმაც და შევარდნაძეც განსაკუთრებულს უწოდებენ.

ედუარდ შევარდნაძის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულ შეთანხმებებს შეემატა: შეთანხმება ამ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე უკანონოდ მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ, მთავრობებს შორის შეთანხმება ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსა და უკრაინის მეწარმეობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი კიევში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მეათე წლის თავს დაემთხვა. ამ მიზეზით შევარდნაძეს და კუჩმას ჰქონდათ საბაბი 10 წლიანი თანამშრომლობის შედეგები შეეჯამებინათ, მით უფრო, რომ შედეგები საკმაოდ საინტერესოა. საქართველოს და უკრაინას თანმხვედრი ინტერესები აქვთ. საქართველო შეძლებისდაგვარად ცდილობს უკრაინას ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრაში გაუწიოს დახმარება. უკრაინა აქტიურად არის დაინტერესებული კასპიის ენერგომატარებლებით, ბათუმი - ფოთი - ილიჩევსკის საბორნე გადასასვლელის ამოქმედებით მას საწვავის მიღების ალტერნატიული გზა გაუჩნდა.

თავის მხრივ, უკრაინა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში. მას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საინტერესო გამოცდილება აქვს და არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა ჩაერთოს აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში. თუმცა ამ მზადყოფნას გაეროს თანხმობის გარეშე არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ედუარდ შევარდნაძის ოფიციალურ ვიზიტს კიევში მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტებს ორმხრივი ურთიერთობის მთელ რიგ საკითხებზე და, მათ შორის, აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში უკრაინის ჩართვის შესაძლებლობაზე უნდა ემსჯელათ. შედეგის გამოკვეთამდე უნდა ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძეს მოუხდა მადლიერების გამოხატვა უკრაინაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის გამო. " გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე 28 რეზოლუცია მიიღო, შედეგი კი არ ჩანს. ამიტომ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ კონფერენციასო," - განაცხადა მან სამშაბათს ლეონიდ კუჩმასთან შეხევდრისას. ოთხშაბათს კი უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საკმაოდ საინტერესო განცხადება:" რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში საკუთარ საკვანძო როლთან დაკავშირებით, საქართველომ და უკრაინამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო გავლენის მქონე ცენტრების ყურადღება უნდა მიიქციონ." აქვე უნდა ითქვას, რომ კიევში ყოფნისას ედუარდ შევარდნაძე შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების სისტემის შექმნისა და უსაფრთხოების ბალტიის სისტემასთან მისი დაახლოების ინიციატივით გამოვიდა. ბალტიის სისტემამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბალტიისპირა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციას. ჩანს, კუჩმა და შევარდნაძე ამ გამოცდილების გაზიარების მიზანშეწონილობაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG