Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი პროგრამა


21 აპრილს ქართული ნაციონალური ბალეტის დასმა დაასრულა საკონცერტო პროგრამა, რომელიც ილიკო სუხიშვილის დაბადების 95 წლისთავს მიეძღვნა. როგორც მოსალოდნელი იყო,

ანსამბლის ახალი კომპოზიციები მაყურებელმა განსხვავებულად შეაფასა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობამ მხოლოდ და მხოლოდ გაზარდა საზოგადოების ინტერესი სუხიშვილების კონცერტების მიმართ - ფილარმონიის დიდ დარბაზში მოწყობილი რვა საღამო სრული ანშლაგით ჩატარდა.

ნინო სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებენ. საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა სიახლეს, რომელსაც ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი ხელმძღვანელები ამკვიდრებენ. ეს სიახლე სუხიშვილებმა თანდათან "შემოგვაპარეს" - ორი წლის წინ ახალი ცეკვები ძველ კომპოზიციებთან ერთად წარმოგვიდგინეს, თუმცა "პროპორცია" ამით არ დარღვეულა, მაყურებელმა "ახალი" აღიქვა, როგორც "დესერტი", სუხიშვილების ახალი თაობის ერთგვარი კომენტარი იმ სიმკაცრესა და ფილიგრანულობაზე, რასაც ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა თავიანთ შემოქმედებაში მიაღწიეს. მაგრამ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ამ დღეებში წარმოდგენილი "სუხიშვილების" ახალი პროგრამა გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს ხანში სასწორი, რომლის ერთ მხარეს "კლასიკურია", მეორე მხარეს კი "თანამედროვე", ამ უკანასკნელის მხარეს გადაიხრება. ანსამბლს ხომ დღეს არა მარტო ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, ანსამბლის დასიც ახალგაზრდულია. ამ თაობას კი ნაკლებად ხიბლავს "გეომეტრიული წესრიგი" და მკაცრი ხაზები, სოლისტებს აშკარად სიამოვნებთ ხალხური საკრავებითა და აკუსტიკური მუსიკით გამდიდრებული მუსიკის ფონზე ცეკვა. მაყურებელი კი სიამოვნებას განიცდის სწორედ მაშინ, როცა მოცეკვავეებს უხარიათ ცეკვა. ასეთია, მაგალითად, მთის ფერხული, სუხიშვილების ახალი კომპოზიცია, ასეთია "ქალთა სვანური", რომელშიც ქალის როლი კიდევ უფრო გაძლიერებულია, ვიდრე "სუხიშვილების" მიერ ორი წლის წინ დადგმულ ახალ ცეკვებში; მიოუხედავად იმისა, რომ ანსამბლის მესვეურები დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ "ახალი" მათ მხოლოდ და მხოლოდ "ძველის" ბაზაზე შექმნეს, საიუბილეო კონცერტებზე წარმოდგენილი ახალი ცეკვები, ეს აბსოლუტურად თავისუფალი კომბინაციები, მაინც კლასიკური ცეკვის ალტერნატივად აღიქმება. გარდა ამისა, მაყურებელს ნელ-ნელა ერთმევა არჩევანის უფლება: როცა ახალგაზრდები "კლასიკურს" ისე კარგად ვეღარ ცეკვავენ, როგორც უწინ, როცა ხანდახან ახალი კომპოზიციების შემყურე მაყურებელს რუსული ანსამბლი "ბერიოზკა" აგონდება ხოლმე, გიჩნდება სურვილი ურჩიო "სუხიშვილებს", იქნებ ჯობდა, "კლასიკური" და "თანამედროვე" ცეკვები განსხვავებულმა დასებმა შეასრულონ და მაყურებელმა თავად აირჩიოს ის, რაც უფრო მოსწონს, რათა "სუხიშვილების" ახალი კონცერტებზე, "ძველისა" და "ახლის" მთლიანობის ნაცვლად, "ძველისა და "ახლის" "კენტავრი" არ ვიხილოთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG