Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 484-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი, როგორც ყოველ პარასკევს, დღესაც "მეათე სტუდიას" დაეთმობა. რადიოჟურნალის 484-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მართლმსაჯულების სისტემაზე პირდაპირი სატელევიზიო ეთერი; გიამბობთ კონრად ადენაუერის ფონდის ახალგახსნილ წარმომადგენლობაზე და მის ამოცანებზე; ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: ჰყავს თუ არა სალიტერატურო პრემია "საბას" ღირსეული ლაურეატები?; შემოგთავაზებთ ინტერვიუს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ქართველ თანამშრომელთან თეა წულუკიანთან; რადიოჟურნალის ბოლოს კი მოგასმენინებთ მუსიკალურ კალეიდოსკოპს. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რა გავლენას ახდენს მართლმსაჯულების სისტემაზე პირდაპირი სატელევიზიო ეთერი?

დავით კაკაბაძე:
საქართველოში ხელისუფლების "გამჭვირვალეობასთან" დაკავშირებით საინტერესო გამოცდილება დაგროვდა: უკვე თითქმის ათი წელია, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობს. დროდადრო პირდაპირი რეპორტაჟები მთავრობის სხდომებიდანაც იმართება. ბოლო ორი თვის მანძილზე კი ტელემაყურებელს საშუალებაც მიეცა, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური სასამართლო პროცესებს. იმაზე, თუ რა შედეგი მოაქვს მუშაობის ასეთ პრინციპს, თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
ამ სამიოდე თვის წინათ წარუმატებლად დასრულდა ბოლო მცდელობა, შეწყვეტილიყო პარლამენტიდან პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟების გადაცემა. ფრაქცია "თანადგომის" წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ პარლამენტის ტრიბუნას პარლამენტში წარმოდგენილი ძალები საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებდნენ, პარლამენტართა უმრავლესობისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ქართველი ტელემაყურებელი რეალურ დროში ადევნებს თვალყურს, თუ როგორ მუშაობენ ან არ მუშაობენ ისინი, ვინც ამ 4 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად საკუთარი ინტერესების დასაცავად პარლამენტში მივავლინეთ.

შეიძლება ითქვას, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა პარლამენტის სხდომებისთვის ტელემაყურებელს უფრო დიდი ინტერესით უდევნებია თვალყური, ვიდრე უკვე ცოტა მობეზრებული მექსიკური ტელესერიალებისთვის, სადაც წინასწარ არის ცნობილი, რა როგორ დასრულდება, რასაც ვერ იტყვი პარლამენტის სხდომაზე, სადაც, ღმერთმა უწყის, როდის ატყდება მუშტი-კრივი ან სიტყვიერი ბრძოლა მაინც ოპონენტთა შორის.

მთავრობის სხდომები უფრო აკადემიურ ვითარებაში იმართება ხოლმე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს, როცა ის, მინისტრობის ხანმოკლე პერიოდში, მაშინდელ ძალოვან მინისტრებს მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფოტოებს უფრიალებდა ცხვირწინ ან, ოდნავ მოგვიანებით, უკვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, პრეზიდენტ შევარდნაძეს ურჩევდა, გადადექით და მთელი ეს ნაგავიც თან წაიყოლეთო. იმ დროს კარგი სანახაობა ტელემაყურებელს გარანტირებული ჰქონდა.

როგორც ჩანს, პირველი ორი ხელისუფლების მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და უკვე სასამართლო ხელისუფლებამაც გადაწყვიტა პირდაპირ ეთერში ადგილის დამკვიდრება. ამ ორიოდე თვის წინათ გლდანი-ნაძალადევის საოლქო სასამართლომ ტელეკომპანიებს მიმართა თხოვნით, ჟურნალისტ გიორგი სანაიას სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო. არგუმენტი ასეთი გახლდათ: ჟურნალისტები არაობიექტურად აშუქებენ ამ პროცესს, რომლის მიმართაც საზოგადოების ყურადღება, მართლაც, დიდიაო.
ცოტა ხანში კი უკვე უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა პირდაპირი ეთერით გადაეცათ კიდევ ერთი პროცესი, კერძოდ, სასამართლო დავა, ერთი მხრივ, ვალერი ასათიანსა და, მეორე მხრივ, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "60 წუთს" შორის.

ობიექტურობის მოტივით პირდაპირ ეთერში სასამართლო პროცესის გაშუქების მოთხოვნას არადამაჯერებლად მიიჩნევს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომლის აზრითაც [ზვიად კორძაძის ხმა] "სასამართლომ ობიექტურობის დაცვა პროცესზე პროცესის გაშუქებით კი არ უნდა უზრუნველყოს, არამედ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით. მეორე მხრივ, ეს საშიშია, იმიტომ რომ სასამართლოები შეიძლება რანგით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ განჩინებები აუცილებელია ყველა შემთხვევაში. წარმოვიდგინოთ, რომ რაიონულმა სასამართლოებმა - ყაზბეგის, წალენჯიხის - დაიწყოს ისეთი გადაწყვეტილებების გამოტანა, რომ თავისი პროცესებიანად ტრანსლირება დაავალოს პირველ არხს."

იურისტი დავით უსუფაშვილი იმ სახელმწიფოების მაგალითს იხსენებს, სადაც სასამართლო პროცესზე არათუ ტელეკამერის, ფოტოაპარატის გამოყენებაც კი აკრძალულია - მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესების მიმდინარეობა გრაფიკული ნახატების საშუალებით აისახება. მისივე აზრით, ქართველი მოსამართლეები, რომელთაც არცთუ დიდი ხნის წინ მიაჩნდათ, რომ ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან ის ხელს უშლის სასამართლოს იყოს ობიექტური, არღვევს დისციპლინას, არასწორად აშუქებს მოვლენებს. ახლა გამოსავალი ნახეს თითქოს იმაში, რომ თუ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამით გამოსწორდება რაიმე. ამით, შესაძლოა, მცირე პოზიტიური შედეგი მიღწეულ იქნეს, მაგრამ ამ პოზიტიურ შედეგზე ასჯერ მეტი უარყოფითი შედეგი ექნება მართლმსაჯულების სისტემისთვის, ჟურნალისტიკისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვისაც."

მართალია, დავით უსუფაშვილიც აღიარებს, რომ ჟურნალისტები ხშირად სცოდავენ სასამართლო პროცესების გაშუქებისას, მაგრამ გამოსავალი, ალბათ, არა სასამართლო პროცესების პირდაპირ ეთერში გადაცემაა, არამედ თავად სასამართლოების მიერ საინფორმაციო ცენტრების შექმნა და საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო პროცესების პირდაპირ ეთერში გასაშუქებლად სპეციალური არხის გამოყოფა გახდება საჭირო.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში და მისი ამოცანები

დავით კაკაბაძე:
საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ერთი კვირის წინათ კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული წარმომადგენლობის ცენტრი შეემატა. თავის პირველ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც 23 აპრილს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ცენტრის გრძელვადიან ამოცანად პოლიციაში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და კავკასიის რეგიონში პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე დისკუსიის დაწყება დაასახელეს. თუმცა, ადენაუერის ფონდის წარმომადგენელთა საქმიანობა მხოლოდ უსაფრთხოებაზე დისკუსიით არ შემოიფარგლება და, როგორც პრეზენტაციაზეც ითქვა, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშესაწყობად ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.

კობა ლიკლიკაძე:
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ მას შემდეგ, რაც სპეცსამსახურებმა არაერთხელ საჯაროდ გამოხატეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებით დაინტერესება, საქართველოში აღარავის გაუჩნდებოდა ახალი ფონდების შექმნის სურვილი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორატი, რომელმაც 23 აპრილს ფონდის რეგიონალური წარმომადგენლობის ცენტრი სწორედ საქართველოს დედაქალაქში დააფუძნა. მეტიც, ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და პოლიციის უწყების წარმომადგენლებს თავის პოტენციურ პარტნიორებადაც განიხილავს.

როგორც რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა კონრად ადენაუერის პოლიტიკური ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა ლევან იზორიამ, რეგიონალური ოფისის გახსნის იდეას ერთი წლის წინ სწორედ სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების კომისიის მუშაობისას ჩაეყარა საფუძველი.

[ლევან იზორიას ხმა] "ფონდმა შარშან დაიწყო ეს თანამშრომლობა საქართველოსთან. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში დაისახა კონკრეტული გეგმა. და ერთ-ერთი გამოხატულება იყო კომისიის შვიდკაციანი ჯგუფის ვიზიტი გერმანიაში. კონცეფცია, რომელიც კომისიამ შეიმუშავა, რასაკვირველია, ფონდის აქტიური მხარდაჭერითაც იყო შექმნილი და შემდეგ ფონდს დიდი სურვილი გაუჩნდა ამ კონცეფციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავრცელებისა."

შარშან, შემოდგომაზე, საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური კოორდინატორი ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნებში ჰაინც ბიულერი. საქართველოს სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების კომისიის მიერ შემუშავებული ზემოხსენებული კონცეფციის გაცნობის შემდეგ ჰაინც ბიულერმა კომისიის თავმჯდომარე ლადო ჭანტურიასთან პირადი შეხვედრის დროს მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას განცხადებით, კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის რეფორმის მხარდაჭერით. მით უფრო, რომ კონცეფციით განსაზღვრული რეფორმა ერთი რომელიმე ფონდის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.

[ლადო ჭანტურიას ხმა ] "კონცეფციაზე მუშაობა დამთავრდა. იგი წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს შარშან სექტემბერში, მოიწონა საქართველოს პრეზიდენტმა. ახლახან დასრულდა მუშაობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები აშშ-სა და ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით და მე იმედი მაქვს, რომ, თუ ეს პარლამენტი არა, მომავალი პარლამენტი მაინც მიიღებს იმ კანონებს, რაც ამ კონცეფციის საფუძველზე იქნა შემუშავებული."

ამ კანონებს შორის არის კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის და, აგრეთვე, სამი კანონპროექტი პოლიციის შესახებ. მაგრამ, ლადო ჭანტურიას თქმით, მთავარი პრობლემა არა კარგ კანონებშია, არამედ მათ განხორციელებაში. 23 აპრილს კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისის მიერ ორგანიზებულ პირველ ერთობლივ სემინარზე მოხსენებით გამოსულმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, კანონების გარდა, სახელმწიფოს ესაჭიროება ერთგული ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც საქართველოს არ ჰყავს. ამ თეზისს ეთანხმება კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების კოორდინატორი ლევან იზორია, რომელიც ფონდის ფარგლებში გარკვეული საგანმანათლებლო პროექტების ინიციატივით გამოდის.

[ლევან იზორიას ხმა] "რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, რასაკვირველია, კონკრეტული პროექტების მხარდაჭერით ჩვენ სწორედ იმ ცნობიერების ჩამოყალიბებას ვეცდებით, რაც კორუფციის წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ, მერწმუნეთ, ამას ყველაფერს რეალური საფუძველი მაშინ მიეცემა, თუ თვით ხელისუფლება მიიღებს აქტიურ ზომებს, თვითშეზღუდვის, თვითდისციპლინისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით."

მაგრამ, ვინაიდან წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, კონრად ადენაუერის ფონდი შეეცდება "საარჩევნო ცნობიერების ჩამოყალიბებას" შეუწყოს ხელი, ოღონდ ირიბი მეთოდის გზით. ლევან იზორიას თქმით, ფონდი აპირებს ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით შეადგინოს პროგრამების კურსი მასმედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ ინფორმაციაზე მუშაობენ. იგეგმება ქართველი ჟურნალისტების გაგზავნაც გერმანიაში, რა თქმა უნდა, მკაცრი გერმანული კრიტერიუმებით ჩატარებული შერჩევის საფუძველზე.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ჰყავს თუ არა სალიტერატურო პრემია "საბას" ღირსეული ლაურეატები?

დავით კაკაბაძე:
ლიტერატურული პრემია "საბათი" დაჯილდოებამ, ინტენსიური სარეკლამო კამპანიისა და ცერემონიისთვის შერჩეული უჩვეულო ადგილის მიუხედავად, ცოტა არ იყოს, უფერულად ჩაიარა. პრემიის გადაცემის მოახლოებას მცირე ინტრიგაც ახლდა: მწერალთა ერთი ჯგუფი მის წინააღმდეგ საჯარო განცხადებით გამოვიდა. ყველა პრეტენზია ამ მოვლენის - ახალი ლიტერატურული პრემიის მიმართ, ალბათ, დაჯილდოებულთა სახელებს უნდა გაექარწყლებინა. თუმცა, მთავარი სხვაა: მთავარია, რომ ლიტერატურული პრემია კერძო პირებმა დააარსეს და, თუ ის ამიერიდან იარსებებს, სახელმწიფო აღარ იქნება ერთადერთი ინსტანცია, რომელიც მწერლობის ავ-კარგს გარკვეული პროცედურებით განსაზღვრავს. და მაინც, "საბას" პირველ ლაურეატთა სახელებს, შესაძლოა, ყველა ერთნაირი აღფრთოვანებით არ მიეგებოს. ჩვენი თბილისელი კოლეგა, დავით პაიჭაძე ამ თემაზე ესაუბრა პრემიათა მიმნიჭებელი ჟიურის წევრს, კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას.

დავით პაიჭაძე:
პრემია "საბა" პირადად ჩემთვის უწინარესად იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ლიტერატურაში ახალი ტენდენციები უნდა წარმოეჩინა. ამდენად, შეიძლება გამართლებული იყოს, რომ სამ ნომინაციაში - საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული და პოეტური კრებული - პრემია სწორედ ახალგაზრდებს გადაეცათ, თქვა მალხაზ ხარბედიამ ჩემთან საუბრისას. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ქართულ ლიტერატურაში სხვა ახალგაზრდებიც არიან, რომელთაც უფრო მკვეთრი ნოვაციები შემოიტანეს ქართულ ლიტერატურაში. მე ვკითხე მალხაზ ხარბედიას, თუ მიიღო ჟიურიმ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ის ვერ ეთანხმება? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვიდწევრიანი ჟიური საკითხს ხმათა უმრავლესობით წყვეტდა. მალხაზ ხარბედიამ მიპასუხა [მალხაზ ხარბედიას ხმა]: "არ შემიძლია არ ვთქვა ორი ნომინაციის შესახებ. ჩემი აზრით, წლის საუკეთესო პიესისათვის წელს საერთოდ არ უნდა გაცემულიყო პრემია. ამ ნაწარმოებებს არც განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყოლია, არც, დავუშვათ... - სცენაზე დადგმულა რომელიმე (დ.პ.-ის კითხვა)? - თუ არ ვცდები, ალექსანდრე ქოქრაშვილის "მეზვინია ჩიტები" დაიდგა. მეორე ნომინაცია გახლავთ წლის საუკეთესო პოეტური კრებული. სულ 7 ნომინანტი იყო. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კოტე ყუბანეიშვილმა მოხსნა კანდიდატურა, თუმცა ჩემთვის ასევე გაუგებარია, საერთოდ როგორ მოხვდა კოტე ყუბანეიშვილი ნომინანტთა სიაში."

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო პიესისათვის პრემია დავით ტურაშვილს გადაეცა, ხოლო პოეტური კრებულების ავტორთაგან კიდევ ერთმა, ბესიკ ხარანაულმა, მოხსნა კანდიდატურა, რადგან იმავე წიგნით წელს რუსთაველის პრემიაზეა წარდგენილი. დარჩენილი 5 ნომინანტიდან მალხაზ ხარბედია ლაპარაკობს ჯუანშერ ტიკარაძისა და რუსუდან კაიშაურის შესახებ, რომელთაც პრემია არ მიეკუთვნათ. [ხარბედიას ხმა]: "რუსუდან კაიშაურიც და ჯუანშერ ტიკარაძეც იმ ნიშნით შეიძლება დავაახლოოთ, რომ ორივეს გამოჩენა ქართული ლიტერატურის სივრცეში გარკვეულ სიახლეებთან არის დაკავშირებული. მე მახსოვს 1996 წელს ჯუანშერის, თუ არ ვცდები, პირველი პუბლიკაცია, რომელიც გაზეთ არილში დაიბეჭდა: "ბებერი ჭრიჭინას სენტენციები". ეს ჩემთვის იყო ნამდვილი აღმოჩენა. იგივე შეიძლება ითქვას რუსუდან კაიშაურზე, რომლის ლექსებსაც მე წლების მანძილზე ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ უცებ, სადღაც ორი-სამი წლის წინ, მან დაწერა აბსოლუტურად განსხვავებული ლექსები, სწორედ ისინი, რომლებიც წარდგენილ კრებულში შევიდა. ორივე შეიძლება, რომ ნოვატორობით გავაერთიანოთ. ამას ვერ ვიტყვი გაგა ნახუცრიშვილზე, რომელსაც, მიხედავად იმისა, რომ ახალთაობელია, ვერ გამოვარჩევ როგორც ნოვატორს, მიუხედავად ძალიან საინტერესო მცდელობებისა... მაგალითად, ინტონაციურად გაგა ნახუცრიშვილი შეიძლება გასული საუკუნის დასაწყისის პოეტებსაც დავუკავშიროთ. და, რაც მთავარია, არც ისე მრავალფეროვანია მისი პოეტური სამყარო".

საუკეთესო პოეტური კრებულისათვის პრემია სწორედ გაგა ნახუცრიშვილს ერგო. პრემია წელს პირველად მიენიჭა და, ბუნებრივია, ტექსტების წარდგენისა და შეფასების პროცედურები უხარვეზოდ ვერ ჩაივლიდა. პრინციპი, პრემია მიეცათ მხოლოდ გასულ წელს შექმნილი ან გამოცემული ტექსტებისათვის, თითქოს გასაგებია, მაგრამ ვინ უნდა შეარჩიოს პრემიაზე წარსადგენი შარშან გამოცემული წიგნები, რომელთა წაკითხვა, მათი საერთო რაოდენობის გამო, დაუძლეველი ამოცანა იქნებოდა ნებისმიერი ჟიურისათვის? მით უმეტეს, თუ ყველას ექნება უფლება, დაასახელოს ესა თუ ის წიგნი პრემიის ღირსად? მალხაზ ხარბედია დამეთანხმა, რომ, მართლაც, სასურველია ნომინირების წესის უფრო მკაფიოდ განსაზღვრა და დასძინა, რომ ასეთი პრემია, ჩანს, უნდა თანამშრომლობდეს გამომცემლობებთან, ანუ კონკურსში უნდა ხვდებოდეს მხოლოდ სერიული ნომრის მქონე, გრიფიანი გამოცემები [მალხაზ ხარბედიას ხმა]: "წელს ასევე არ მოხერხდა "ლონგ-ლისტის" გაკეთებაც იმიტომ, რომ ამას მეტი დრო სჭირდება. სიტყვაზე, ეს "შორტ-ლისტი", აქ რომ გვაქვს, შეიძლება უფრო მოკლეც ყოფილიყო, თუ ჩვენ გვექნებოდა "ლონგ-ლისტები", მეტი დრო მუშაობისათვის და ა.შ. ნამდვილად საჭიროა პრემიისა და გამომცემლების უფრო მეტად დაკავშირება."

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანამშრომელთან თეა წულუკიანთან

დავით კაკაბაძე:
თითქმის ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ჩავიდა საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაცია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, რათა ხელმოწერით გაეფორმებინა ქვეყნის გაწევრიანება ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში - ევროპის საბჭოში. ეს 1999 წლის 27 აპრილს მოხდა და მსმენელს, ალბათ, ახსოვს ის ფართო გამოხმაურება, რომელიც ამ მოვლენას მოჰყვა - თუნდაც საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ფრაზა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ამ სიტყვების მართებულობაზე, შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულება არსებობდეს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს სტრუქტურებში უკვე ქართველებიც მუშაობენ. ერთი მათგანი, თეა წულუკიანი დღეს "მეათე სტუდიის" სტუმარია. მას სტრასბურგში ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
მარიამ ჭიაურელი ესაუბრებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანამშრომელს თეა წულუკიანს.

მუსიკალური კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
რადიოჟურნალის ბოლოს გთავაზობთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ერაყის ომმა, რომელზეც ჩვენს გადაცემებში ყოველდღიურად ვსაუბრობთ, გავლენა მოახდინა არა მარტო მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ პროცესებზე, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკალურ ცხოვრებაზეც. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მკვეთრად იკლო კანტრის სტილის მიმდევარი პოპულარული ჯგუფის, "დიქსი ჩიკსის" გაყიდული ჩანაწერების რაოდენობამ. საქმე ის გახლავთ, რომ "დიქსი ჩიკსის" წევრებმა ემილი რობისონმა, ნატალი მეინსმა და მარტი მაგუაირმა, ჯერ კიდევ ერაყში ომის დაწყებამდე გაკრიტიკეს პრეზიდენტ ბუშის ძალისმიერი პოლიტიკა და აქტიურად ამოუდგნენ მხარში ომის მოწინააღმდეგეებს. ლონდონში გამართული კონცერტის დროს მეინსმა საჯაროდ გამოაცხადა, მრცხვენია, რომ ჯორჯ ბუში და მე ერთი შტატიდან - ტეხასიდან ვართო. იმ დღიდან მოყოლებული - გარდა იმისა, რომ ქალთა ამ ტრიოს ალბომების მყიდველთა რიცხვმა მკვეთრად იკლო და ბევრმა რადიოსადგურმა უარი თქვა პროგრამაში მისი სიმღერების შეტანაზე - ტრიოს წევრები ყოველდღიურად იღებენ მუქარის წერილებს. როგორც ემილი რობისონმა ხუთშაბათს, ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას სერიოზულად აშფოთებს როგორც საკუთარი, ისე თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მრავალრიცხოვან მუქარებს "დიქსი ჩიკსმა" მეტად ორიგინალურად უპასუხა: ჟურნალ "ენტერტეინმენტ უიკლის" ბოლო ნომრის გარეკანზე ვხედავთ ტრიოს წევრებს, რომელთაც შიშველ სხეულებზე საღებავით აწერიათ სალანძღავი სიტყვები: "კახპები", "მოღალატეები", "სადამის ანგელოზები" და სხვა.

[მუსიკა. I Can Love You Better]

"დიქსი ჩიკსისგან" განსხვავებით, გაყიდული ალბომების ნაკლებობას არ უჩივის სერ პოლ მაკკარტნი - ლეგენდარულის "ბიტლსის" სახელოვანი წევრი. გაზეთ "სანდი ტაიმსის" ინფორმაციის თანახმად, მაკკარტნი კვლავაც რჩება უმდიდრეს ბრიტანელ მუსიკოსად. შარშან მისი პირადი ქონება 713 მილიონიდან 760 მილიონ გირვანქა-სტერლინგამდე (ანუ 1,21 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა, რასაც მაკკარტნი უწინარესად შეერთებულ შტატებში დიდი წარმატებით ჩატარებულ საგასტროლო ტურნეს უნდა უმადლოდეს. თუმცა, ასეთი სიმდიდრის მიუხედავად, მაკკარტნი დიდი ხელგაშლილობით არ გამოირჩევა. ამას წინათ მას ყვავილების გამყიდველისთვის უკითხავს, საკრედიტო ბარათის ნაცვლად ნაღდი ფულით რომ გადაგიხადოთ, თაიგულს უფრო იაფად თუ მომყიდითო.

[მუსიკა. Young Boy]

სამშაბათს, ტენესის შტატში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპ-მუსიკის სამყაროში ცნობილი მრავალი სიმღერის ავტორი ფელის ბრაიანტი, რომელსაც გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების არაერთი ჰიტი ეკუთვნის (სიმღერებს ბრაიანტი თავის მეუღლესთან ერთად წერდა). მათ შორის არის ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორიცაა "Only the Lonely", "Wake Up Little Susie" და "Bye Bye Love". დღევანდელი "მეათე სტუდია" სწორედ ამ უკანასკნელით გვინდა დავამთავროთ.

[მუსიკა. "Bye Bye Love"]

დავით კაკაბაძე:
რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG