Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ორგანიზაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იზრუნებს


რა ხანია, დღე არ გავა ისე, ჩვენს გადაცემებში საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს არ შევეხოთ.

ხუთშაბათს გიამბეთ პარლამენტში საარჩევნო კანონპროექტის პრინციპებზე მსჯელობის დაწყებაზე, მანამდე არაერთხელ გვისაუბრია კენჭისყრისათვის სახელისუფლო საარჩევნო ბლოკისა თუ ოპოზიციური პარტიების მზადებაზე, არჩევნებისადმი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე. სამიოდე დღის წინ კი, სამშაბათს, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვაშინგტონშიც იმსჯელეს: როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი სონია ჰაზე იუწყება, ვაშინგტონში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც გამოაცხადეს ახალი ორგანიზაციის - შეერთებული შტატების საქართველო-კავკასიის საბჭოს დაარსების შესახებ.

"აშშ-ის საქართველო-კავკასიის საბჭოს" დამაარსებლები ორ მთავარ მიზანს ისახავენ: ესენია საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირების გაღრმავება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება. შესაბამისად, რახან ლაპარაკი დემოკრატიის განმტკიცებაზეა, მას არჩევნების სამართლიანად ჩატარებით დაინტერესებაც უკავშირდება. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ.

ახლა კი მოისმინეთ, რა თქვა პრესკონფერენციაზე ახალი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ამერიკელმა ბიზნესმენმა კენეთ ფელტმანმა: [კენეთ ფელტმანის ხმა]"ამჟამად საბჭოს მიზანია, აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს გააცნობიერებინოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მდებარეობა რთული პრობლემებით დატვირთულ რეგიონში; ამერიკელებს გააცნოს შეერთებული შტატებისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკისადმი დამოკიდებულება."

საბჭოს გეგმებში შედის საქართველოს, აშშ-სა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების ხელშეწყობა. რაც შეეხება საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას, ამ საკითხზე ახალი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლიტოლოგმა ირაკლი არეშიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო, მოახლოებული საპარლამენტო და, ორ წელიწადში, საპრეზიდენტო არჩევნების გამო პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ამერიკის დახმარება ესაჭიროება. ამერიკისათვის კი, არეშიძის შეფასებით, ძნელი არ არის ამ როლის შესრულება - საქართველოს ხელისუფლება დღეს ისევე იყურება ვაშინგტონისაკენ, როგორც ადრე მოსკოვისაკენ იყურებოდა, ანუ ვაშინგტონს აღიქვამს არა მეგობრად, არამედ პოლიტიკურ ავტორიტეტად. და აშშ-მა უნდა ისარგებლოს ამ პოზიციით, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიას.

ამიტომ არეშიძემ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას დადებითად შეაფასა ჯორჯ ბუშის წერილი, რომლითაც მან ედუარდ შევარდნაძეს ჯერ კიდევ იანვარში შეატყობინა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. არეშიძის შეფასებით: [ირაკლი არეშიძის ხმა] "თუ არჩევნები თავისუფალი არ იქნება და დემოკრატიას განვითარების საშუალება არ მიეცემა, ადამიანები ქუჩებში გავლენ, აჯანყდებიან - ამის შედეგი კი დესტაბილიზაცია და, შესაძლოა, ქაოსიც გახდეს". ამიტომ პოლიტოლოგი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას: მაგალითად, მთავრობის გაფრთხილებას, რომ ფინანსური დახმარება დამოკიდებული იქნება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ხარისხზე; მუქარას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძეს იზოლაცია მოელის.

ირაკლი არეშიძეს დემოკრატიის ხელშემწყობ კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებად მიაჩნია საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მატება. [ირაკლი არეშიძის ხმა] "დემოკრატიის პირობებში ბიზნესი გაცილებით უკეთ ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ბიზნესმენებს შეუძლიათ გახდნენ უაღრესად გავლენიანი ძალა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით".

ქართველი ექსპერტისაგან განსხვავებით, კენეთ ფელტმანმა, ანუ ახალი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იმ სარგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ორი ქვეყნის თანამშრომლობიდან საქართველო კი არა, შეერთებული შტატები მიიღებს. მისი თქმით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ბოლო თვეებში, ერაყის კრიზისის დროს დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება. ასე, რომ აშშ-ს ისევე სჭირდება მეგობრები, როგორც საქართველოს სჭირდება.
XS
SM
MD
LG