Accessibility links

logo-print

რა მოელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას?


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტში გამართული მსჯელობა საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესის შესახებ აჩვენებს,

რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების იმედი მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ. უკეთეს შემთხვევაში, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს შედარებით სამართლიანად, ვიდრე აქამდე ტარდებოდა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე, რომლის განსაზღვრა ნამდვილად იქცევა მომავალი ვნებათაღელვის საფუძვლად. რას შეიძლება ველოდეთ ამ კომისიის ფორმირების სამი არსებული ვარიანტიდან? ამ თემაზე ვესაუბრე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საარჩევნო პროგრამების კოორდინატორს ნუგზარ კუპრეიშვილს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების სამი შესაძლო ვარიანტი ასეთია: 1)დარჩეს დღეს არსებული კომისია ან უმნიშვნელოდ შეიცვალოს მისი შემადგენლობა; 2)კომისია შედგებოდეს 11 წევრისგან და მათგან 9 დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს სურს ედუარდ შევარდნაძეს. 3)დაკომპლექტდეს ახალი კომისია პარტიული პრინციპით, რასაც პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი მოითხოვს; საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" საარჩევნო პროგრამათა კოორდინატორი ნუგზარ კუპრეიშვილი ამ ვარიანტებს, შესაბამისად, საშინელებად, ცუდად და უარესად აფასებს. არსებული კომისია აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, მის წევრებს პასუხი არაფერზე მოეთხოვებათ. ამდენად, საკადრო ცვლილებები მასში არაფრის მომტანია (ვთქვათ, თავმჯდომარის პოსტზე ჯუმბერ ლომინაძის ნაცვლად მისი მოადგილის, გია ზესაშვილის, დანიშვნა, რაზედაც უკვე ალაპარაკდნენ პოლიტიკურ წრეებში). რაც შეეხება ინტერფრაქციული ჯგუფის შეთავაზებულ პარტიულ პრინციპს, ნუგზარ კუპრეიშვილის თქმით [კუპრეიშვილის ხმა]: "ეს ნიშნავს, რომ დღევანდელზე უარესი საარჩევნო ადმინისტრაცია გვეყოლება. წარმოიდგინეთ: ბოლო ორ არჩევნებში 4%-ანი ბარიერის გადამლახავი ყველა პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნიშნავს ორ-ორ წევრს, ორს ნიშნავს პრეზიდენტი, ორს - პარლამენტი, თითო-თითოს - ავტონომიები და გამოდის 35-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღეს 18-კაციანი გვყავს და ხედავთ, რომ ძაღლი პატრონს ვერა ცნობს, გადაწყვეტილებებზე პასუხს არავინ აგებს. ისევ და ისევ, კომისია იქნება პარტიული დაპირისპირებების არენა, იქნება დაკვეთები და გარიგებები. ამ მიზეზით, საბოლოო ჯამში, სამართლიანობა და კანონიერება იზარალებს."

სამართლიანობა ვერ იზეიმებს მაშინაც, თუ შევარდნაძის წინადადება განხორციელდა: ძნელია ენდო კომისიას, რომლის 80%-ს ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი (შეთავსებით, ქვეყნის პრეზიდენტი) აკომპლექტებს. ნუგზარ კუპრეიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები იზიარებენ წინადადებას, რომ პრეზიდენტმა კომისიის წევრებად არ დანიშნოს პოლიტიკურ პარტიათა წევრები. მაგრამ ამ შემთხვევაში შევარდნაძეს ვერავინ დაუშლის დააკომპლექტოს კომისია პრეზიდენტის მიმართ ლოიალობის ნიშნით და ასეთი ადამიანები ნაფიცი ინტელიგენციიდან ამოარჩიოს. ჯერჯერობით რეალიზების ნაკლები შანსი აქვს მიდგომას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარუდგენენ კანდიდატურებს და ის ამოარჩევს. ეს იდეა დაუმუშავებელია, რადგან არ არის დაზუსტებული, ვის ექნება შეთავაზების უფლება და რა კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს კომისიის წევრი. 11-კაციანი კომისიის ერთადერთი ღირსება მისი შედარებითი მცირერიცხოვნება და, აქედან გამომდინარე, უფრო მოქნილი მუშაობის უნარი გახლავთ.
XS
SM
MD
LG